Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ცხინვალში შესვლას ითხოვენ


სტამბულის შეხვედრა
სტამბულის შეხვედრა
თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეშვების საკითხი სტამბოლში გამართული საზოგადოებრივი დიალოგის, „თვალსაზრისის“ დროსაც დაისვა. როგორც ცნობილია, ამჟამად ცხინვალში მხოლოდ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი საქმიანობს, სხვა ორგანიზაციებს კი იქ არ უშვებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების პოზიციაა, რომ ეს ორგანიზაციები იქ რუსეთის გავლით ჩრდილოეთიდან ჩავიდნენ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება. საქმიანობის ასეთი ვარიანტი არც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის არის მისაღები. განსხვავებული სურათია აფხაზეთში, სადაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები გალის რაიონიდან შედიან და იქ ჰუმანიტარული მიმართულების პროექტებს ახორციელებენ. სტამბოლის შეხვედრაზე გაეროს განვითარების პროგრამის და კობერმის (KOBERM) მიერ აფხაზეთში აღდგენილი სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ფოტოები წარმოადგინეს და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებმა ოსური საზოგადოების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ სთხოვეს შუამდგომლობა საკუთარ მთავრობასთან. ევროკავშირის წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას არ აპირებენ, მაგრამ ოსურმა ხელისუფლებამ უნდა გამიჯნოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები და შეთავაზებულ დახმარებაზე უარი არ უნდა თქვას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიომ“ (SAFERWORLD) სამხრეთ ოსეთში პარტნიორების დახმარებით ორი პროექტი განახორციელა - ჯავაში წყლის სისტემა, ზნაურში კი წისქვილი შეკეთდა. ორგანიზაციის წარმომადგენელ კრეგ ოლიფანტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ „უსაფრთხო მსოფლიო“ თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შევიდა. ის ფიქრობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ხალხის აზრს, ვისაც დახმარება სჭირდება.

ორგანიზაცია „ნონვაიოლენტ პისფორსი“ (NONVIOLENT PEACEFORCE) შიდა ქართლში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ოფისები კონფლიქტის ზონაშიც გახსნა, მაგრამ მათი დიდი სურვილია ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც იმუშაონ. ორგანიზაციის წევრმა დიმიტრი მედლევმა ოსური საზოგადოების წარმომადგენლებს სთხოვა იმის საშუალება მისცენ, რომ შემდეგში ორგანიზაცია სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს დაეხმაროს.

„თვალსაზრისის“ ფორმატში ყველაზე მწვავე დისკუსია სწორედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ცხინვალში შეშვების საკითხს მოჰყვა. ოსური საზოგადოების წარმომადგენლები ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ენდობიან, რადგან მათ ვერ შეძლეს კონფლიქტის თავიდან აცილება და პროქართული პოზიცია დაიკავეს. ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერის ლირა კოზაევას თქმით, ამ უნდობლობის გადალახვა სწრაფად ვერ ხერხდება და ამას დრო კიდევ სჭირდება.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოს კოლეგებს ურჩევს, ევროპული ორგანიზაციების რესურსები ოსი ხალხის საკეთილდღეოდ გამოიყენონ და უარი თქვან იმ შეზღუდვებზე, რომლებიც ამ ორგანიზაციების მიმართ არის შემოღებული. მისი აზრით, შესაძლოა ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებამ, კულტურულ–სპორტული კავშირების დამყარებამ უკვე პოლიტიკური პლატფორმა მოამზადოს, რაც დროისა და ნების საკითხია.

ოსური საზოგადოება ახლა ახალი მთავრობის პოზიციას ელოდება. ეს მთავრობა ჯერ ფორმირების პროცესშია, ცოტა ხანში კი გაირკვევა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ თიბილოვი კოკოითის გზას გააგრძელებს თუ ბაღაფშისა და ანქვაბის მაგალითს მიბაძავს და ამ ორგანიზაციების პროექტებს თავისთვის სასიკეთოდ გამოიყენებს.

სტამბოლის შეხვედრის ჩატარება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მშვიდობის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG