Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”: ”წინასაარჩევნო ‘დასაქმება’ “


განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე
განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე
წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ერთჯერადი მასშტაბური საბიუჯეტო პროგრამების განხორციელებას იწყებს, აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და ამჯერად აქცენტს საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე აკეთებს. ორგანიზაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა მმართველი პარტიის პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ხორციელდება და ის სხვა პარტიებს წინასაარჩევნოდ არათანაბარ პოლიტიკურ გარემოში აყენებს.

”წინასაარჩევნო დასაქმება” - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების ახალ პროგრამას, სახელწოდებით ”Summer Job”. ინფორმაციისათვის გეტყვით, რომ 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება, მათი ანაზღაურება კი 500 ლარს შეადგენს. მართალია, სტუდენტთა რეგისტრაციის პერიოდი ერთ თვეს მოიცავდა, მაგრამ რაკი ის ინტერნეტით ე.წ. დასწრების პრინციპით განხორციელდა, ვაკანტური 25 ათასი ადგილი ზუსტად ერთ დღეში, 21 მარტს, შეივსო. მაშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

”სამწუხაროდ, პროგრამაში ყველა მსურველი ბუნებრივი მიზეზების გამო ვერ დარეგისტრირდა. საქართველოში 100 ათასი სტუდენტია, ვაკანტური ადგილი კი მხოლოდ 25 ათასი იყო.”
ხელისუფლება მიმართავს გარკვეულ ხრიკს და სახელმწიფო რესურსების ხარჯზე ასეთ მასშტაბურ პროექტებს აწყობს ...
ლევან ნატროშვილი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტს, 18 წლის დათოს, შეიძლება ითქვას, გაუმართლა და, რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ, საზაფხულო დასაქმების პროექტში რეგისტრაციის გავლა მოახერხა. 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით ის ”რუსთავგაზში” შემდუღებლის ასისტენტად იმუშავებს:

”საიტი ძალიან იყო გადატვირთული და როდესაც საფეხურიდან საფეხურზე გადავდიოდით, საიტი საერთოდ ითიშებოდა. ბევრი ჩემი მეგობარი სწორედ ამიტომ დარჩა დასაქმების გარეშე”, - ამბობს დათო.

”საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველო” წარსულში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მსგავს მასშტაბურ დასაქმების პროექტებს იხსენებს და ამბობს, რომ ისინი რატომღაც ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვეოდა. კერძოდ, პირველი დასაქმების პროექტი 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ განხორციელდა და პროექტის ღირებულებამ 24 მილიონი ლარი შეადგინა, მომდევნო ინიციატივები კი 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებსა და 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების პერიოდს დაემთხვა. მათმა ბიუჯეტმა 60 მილიონი ლარი შეადგინა. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მთავარი ანალიტიკოსი ლევან ნატროშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ სახელმწიფო ბიუჯეტს პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად იყენებს:
ეჭვის საფუძველს, რომ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროექტი მმართველი პარტიის - ”ნაციონალური მოძრაობის” - მხარდასაჭერად შეიქმნა, თავად დასაქმების პროგრამის ლოგოც იძლევა ...
ლევან ნატროშვილი

”ხელისუფლება მიმართავს გარკვეულ ხრიკს და სახელმწიფო რესურსების ხარჯზე ასეთ მასშტაბურ პროექტებს აწყობს. ერთი მხრივ, ასაქმებს სტუდენტს და, მეორე მხრივ, წინასაარჩევნოდ იწერს პოლიტიკურ ქულებს.”

ლევან ნატროშვილი იმ არათანაბარი პოლიტიკური გარემოს შექმნის პრობლემის შესახებ საუბრობს, რომლის წინაშეც ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ აღმოჩნდებიან:

”როდესაც ასე გამკაცრდა პარტიების დაფინანსების კანონმდებლობა და საკმაოდ უჭირთ მათ დაფინანსების მოპოვება, ამის ფონზე სახელმწიფო იყენებს ბიუჯეტის რესურსებს და ერთ პარტიას ამ რესურსების ხარჯზე აკეთებინებს იმას, რაც, როგორც წესი, პარტიამ თავისი ფინანსებით უნდა განახორციელოს, და ამით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ერთ, მმართველ, პარტიას”, - ამბობს ლევან ნატროშვილი.

”ეჭვის საფუძველს, რომ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროექტი მმართველი პარტიის - ”ნაციონალური მოძრაობის” - მხარდასაჭერად შეიქმნა, თავად დასაქმების პროგრამის ლოგოც იძლევა”, - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები. წითელი აბრევიატურა, რომელიც ლათინური S-ით იწყება, ძალზე წააგავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, ასე ვთქვათ, უკვე ბრენდად ქცეულ წითელ ხუთიანს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საზაფხულო დასაქმების რეგისტრაციის პროცესის ერთ ნაკლზეც მიუთითებს. როგორც ორგანიზაციაში ირწმუნებიან, სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირად საუბრებში მათ დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთა სიების მომზადება და მათი განათლების სამინისტროში წინასწარი გადაგზავნა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ამ ფაქტს რადიო თავისუფლებასთან საუბარში უარყოფს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრი სოფო დეკანოზიშვილი:

”არ მგონია განათლების სამინისტრო მსგავს ნაბიჯებზე წასულიყო და ერთი კონკრეტული ჯგუფისათვის წინასწარი დარეგისტრირების საშუალება მიეცა”, - ამბობს ის.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რადიო თავისუფლებამ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა განათლების სამინისტროს დაკავშირებოდა და გადაემოწმებინა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, სტუდენტთა რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამინისტრომ სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი საზაფხულო დასაქმების პროექტში წინასწარ დაარეგისტრირა.

რაც შეეხება სტუდენტური დასაქმების პროექტის გრძელვადიან პერსპექტივას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის მნიშვნელოვან საბიუჯეტო რესურსს მოითხოვს, მისი ეფექტიანობა ნაკლებად არის დასაბუთებული. საზაფხულო დასაქმების მთლიანი ბიუჯეტი ამჯერად 12 მილიონ 500 ათას ლარს მოიცავს.
XS
SM
MD
LG