Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებენ თუ არა 21 წლის პარლამენტარები გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას?


პარლამენტის ბიუროს სხდომა
პარლამენტის ბიუროს სხდომა
ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომელსაც ხელს საქართველოს პარლამენტის 80 დეპუტატი აწერს, პარლამენტის წევრობის ასაკობრივი ცენზის 25 წლიდან 21 წლამდე დაწევას გულისხმობს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ახალგაზრდობის გააქტიურებისა და წახალისების მიზეზით ახსნა. თუმცა სანამ პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ ამ იდეის მიზანშეწონილობა უნდა დაამტკიცოს. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები კომისიის მუშაობაში მონაწილების მიღებას ითხოვენ. მათი აზრით, ასაკობრივი ცენზის 21 წლამდე დაწევა ხელისუფლების წინასაარჩევნო პიარკამპანიის შემადგენელი ნაწილია.

საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან. 29 მარტის ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ასაკობრივი ცენზი 21 წლამდე შემცირდება. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს ეს ცვლილება საპარლამენტო ცხოვრებაში ახალგაზრდების უფრო აქტიურად ჩართვის კარგ შესაძლებლობად მიაჩნია:

”მათ უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა იყვნენ საქართველოს პარლამენტში და წარმოადგინონ იქ არა მხოლოდ თავიანთი თაობა, არამედ რაიონი, რეგიონი, და ამით, ვფიქრობ, პარლამენტის არა მხოლოდ წარმომადგენლობითობა, არამედ მისი უფლებამოსილებაც გაიზრდება.”
ამ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო დატვირთვა აქვს - მოიზიდონ ელექტორატის ამჯერად ახალგაზრდული ნაწილი ...
დიმიტრი ლორთქიფანიძე

ინიციატივას ხელს 80 დეპუტატი აწერს. დადგენილი პროცედურის მიხედვით, კონსტიტუციაში ცვლილების პროექტის ინიცირებას საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომისიის შექმნა უნდა მოჰყვეს, კომისიისა, რომელიც ერთთვიანი მუშაობის შემდეგ შემაჯამებელ სხდომაზე იტყვის არის თუ არა ეს კონკრეტული ცვლილება მიზანშეწონილი, რაშიც საპარლამენტო უმცირესობას ეჭვი ეპარება. პარლამენტის 30 მარტის სხდომაზე კომისიაში ჩართვის წინადადებით პავლე კუბლაშვილს სამმა დეპუტატმა უკვე მიმართა - დიმიტრი ლორთქიფანიძემ, გია ცაგარეიშვილმა და კარლო კოპალიანმა. დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ 21 წლის ასაკის ახალგაზრდისათვის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ბედის ჩაბარება არასწორი გადაწყვეტილებაა:

”ამ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო დატვირთვა აქვს - მოიზიდონ ელექტორატის ამჯერად ახალგაზრდული ნაწილი. თავისთავად ახალგაზრდების მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხი არ არის არალეგიტიმური, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უნდა წარმოადგინოს 21 წლის ახალგაზრდამ, რომელსაც არა აქვს შესაბამისი განათლება, საკანომდებლო ორგანომ ეს აქტი არ უნდა წაახალისოს.”

მოსალოდნელ ცვლილებას გაუმართლებლად მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეც და გვეუბნება, რომ ამ ცვლილების შედეგები მალევე, საპარლამენტო არჩევნებზეც გამოჩნდება, როდესაც ამ ასაკის ახალგაზრდებით ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიები დაკომპლექტდება. ხმალაძე გვიხსნის, რომ ნებისმიერი თანამდებობის დასაკავებლად ყველა ქვეყანას თავისი ასაკობრივი ცენზი აქვს დაწესებული. საქართველოში, მაგალითად, პარლამენტში მოსახვედრად ეს ცენზი 25 წელია, საკრებულოებში - 18 წელი, მოსამართლედ დანიშვნისათვის - 28, პრეზიდენტობაზე კენჭისყრისათვის - 35 წელი. ხმალაძე განმარტავს, რომ განათლებასთან ერთად მაღალი თანამდებობების დაკავებას ცხოვრებისეული გამოცდილებაც სჭირდება - სწორედ ეს ეხმარება თანამდებობის პირს მიიღოს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად. რა საფრთხე არსებობს პარლამენტის 21 წლის დეპუტატებით შევსების შემთხვევაში?

პარლამენტში აღმოჩნდება ბევრი, ვთქვათ, 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ მომზადებული ...
ვახტანგ ხმალაძე
”21 წლის ახალგაზრდას არც საკმარისი განათლება აქვს და, როგორც წესი, არა აქვს საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება, განსაკუთრებით - მუშაობის გამოცდილება. ის ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია და პარლამენტი მისთვის შესაძლოა იყოს პირველი სამუშაო ადგილი. ასეთი გამოცდილების უქონლობა კი არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკებს ზრდის. საუკეთესო შემთხვევაში, ის დაუჯერებს ვიღაცას და ის ვიღაცა რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს. თუმცა მიჩნეულია, რომ თუ ამომრჩეველს მიაჩნია, რომ ესა თუ ის პიროვნება უნდა იყოს დეპუტატი და უკეთ გამოხატავს მის ინტერესებს, ეს ამომრჩევლის ნებაა - მისცეს მას ხმა, მაგრამ ასეთნაირად პარლამენტში შესაძლოა აღმოჩნდეს პირი, რომელმაც, მაგალითად, არ იცის წერა-კითხვა, იმიტომ რომ წერა-კითხვის ცენზი არც კონსტიტუციით და არც კანონით დადგენილი არ არის.”

საყურადღებო დეტალია ისიც, რომ მაჟორიტარული არჩევნების დროს, ხმალაძის განმარტებით, ამომრჩეველს კანდიდატებზე დაკვირვების და არჩევის მეტი საშუალება აქვს. პროპორციულ არჩევნებში კი პარტიული სიის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია - ამომრჩეველი ხმას აძლევს სიის რამდენიმე გამოცდილ კანდიდატს და ვერ ბლოკავს დანარჩენს:

”იმის გამო, რომ ამომრჩეველს მოსწონს ის რამდენიმე ადამიანი სიაში, მისცემს ამ სიას ხმას და თუ ამ სიამ მიიღო ამომრჩეველთა მაღალი პროცენტი, ამ სიით პარლამენტში აღმოჩნდება ბევრი, ვთქვათ, 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ მომზადებული.”

როდესაც ესა თუ ის ქვეყანა ამ ასაკობრივ ცენზს ადგენს, ითვალისწინებს კონკრეტული ერის პოლიკურ კულტურას, ადამიანების ფსიქოტიპს, იმას, თუ რა ასაკში ყალიბდება მისი მოქალაქე იმ პიროვნებად, რომელსაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვს. ხმალაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტარობისათვის საქართველოში 21 წლის ახალგაზრდები მომწიფებულები არ არიან:

”ისინი რეალურად დამოკიდებულნი იქნებიან იმ პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებებზე, რა გადაწყვეტილებებსაც ეს ლიდერები მიიღებენ.”

საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი არგუმენტი ამ ცვლილების გასამართლებლად სხვა ქვეყნების გამოცდილებაცაა. მაგალითად, დანიაში, ესტონეთში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ჰოლანდიასა თუ დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის ასაკობრივი ცენზი 18 წლის ასაკიდან იწყება. მექსიკაში ეს ასაკი 25 წელია, ვენესუელაში -21, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 21 და 18, შტატების მიხედვით... თუმცა ამ არგუმენტის საპასუხოდ ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მრავალრიცხოვანი პარლამენტის პირობებში, არაპროფესიონალების გარკვეულ რაოდენობას საკანონმდებლო ორგანო მაინც იტანს, 150 კაციან პარლამენტში კი, როგორც ეს საქართველოშია, ამის დაშვება კარგ შედეგს არ მოიტანს.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომისია ახლა ყალიბდება და მის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ პლენარულ სხდომაზე დადგენილების სახით განიხილავს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG