Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ამბობს უარს მანდატებზე და რა ტაქტიკას აირჩევს ხელისუფლება


საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შემდეგ ბარიერგადალახული გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭო და ლეიბორისტული პარტია თათბირობენ,


თუ როგორ უნდა მოახდინონ საპროტესტო განწყობის მობილიზება 26 მაისს დაგეგმილი საპროტესტო დემონსტრაციის დროს. ბოიკოტის თემაზე ცალკე მართავდნენ კონსულტაციებს 5-პროცენტგადალახული ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები, რომელთა გადაწყვეტილებამაც, ფაქტობრივად, განსაზღვრა მომავალი პარლამენტის შემადგენლობა.


10 ივნისს, როდესაც ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იგეგმება, საქართველომ, შესაძლოა, ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო იხილოს. საკუთარ მანდატებზე თავდაპიველად უარი განაცხადა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელმაც 21 მაისის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 7.41 % და, შესაბამისად, 6 მანდატი მიიღო. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, აცხადებს, რომ მანდატებზე უარის თქმით ოპოზიცია უარს ამბობს ითანამშრომლოს ნაციონალურ მოძრაობასთან, ვინც უმრავლესობა ტოტალური გაყალბების გზით მოიპოვა:

[გიორგი გუგავა] ”რა უნდა გადაიხედოს! ეს არჩევნები უნდა გამოცხადდეს ბათილად. ეს იყო მასობრივად გაყალბებაზე, მასობრივად ძალადობაზე, მასობრივად მოსყიდვაზე დამყარებული არჩევნები.”

პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს საარჩევნო ბლოკი ”გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭო-ახალი მემარჯვენეები”, რომელმაც 21 მაისის არჩევნებში, მაჟორიტარული ოლქების ჩათვლით, 16 მანდატი მიიღო. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ, რომელმაც დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში ნაციონალური მოძრაობის ფავორიტი ბიზნესმენი ლადო კვარაცხელია დაამარცხა, დარწმუნებულია, რომ, საყოველთაო ბოიკოტის შემთხვევაში, საქართველოში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. საგანელიძის თქმით, ის ოპოზიციური პარტია, რომელიც მანდატებზე უარს არ იტყვის და პარლამენტში შევა, მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი აღმოჩნდება:

[დავით საგანელიძე] ”ამ შემთხვევაში პარლამენტში შევა მხოლოდ ის პარტია, რომელიც ხელისუფლების დაკვეთით თუ არის მისული და, შესაბამისად, ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. დღეისთვის, დამერწმუნეთ, პარლამენტში რომ არ შევიდეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ლეიბორისტები და ჩვენ შევიდეთ, ესე იგი, ჩვენა ვართ ხელისუფლების დაკვეთით მოსული. ”(სტილი დაცულია)

თუმცა მანდატების მიღება-არმიღების თაობაზე კონკრეტულ პასუხს არ ჩქარობდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომლის აქტივიც ამ საკითხზე ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიკრიბა. 2 თვის სტაჟის მქონე პარტიამ 21 მაისის არჩევნებში მესამე შედეგი აჩვენა და 6 მანდატი ერგო. 24 მაისს გამართული პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა შეუერთდა საყოველთაო ბოიკოტის იდეას, თუმცა ერთი დათქმით: "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ოპოზიციურ ძალებს და უერთდება 26 მაისის საპროტესტო აქციას. თუმცა, მოძრაობის მთავარი კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აღნიშნული აქციის შესაძლო არაეფექტიან, უშედეგო განვითარებაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებული ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლის რესურსი დღეს ქვეყანაში არ არსებობს”,- ნათქვამია ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის 24 მაისის განცხადებაში.

ორ დღის წინ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მოკავშირეებს ოპოზიციიდან მოუწოდებდა, რომ აქტიური მუშაობა გაეშალათ პარლამენტის კედლებში და შიგნიდან გაეხლიჩათ ნაციონალური მოძრობა. თუმცა იდეას, რომ ბოიკოტს სჯობია პოლიტიკური ბრძოლის გადატანა პარლამენტის კედლებში, ექსპერტებიც ემხრობიან. მათ შორის არის პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ”საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევების ფონდიდან”:

[არჩილ გეგეშიძე] ”მაგრამ მართლა იმ პირობით, რომ ძალაუფლება უნდა გაუნაწილოს მმართველმა პარტიამ რეალურად {ოპოზიციას} და არა დამადლებით და არა მეორე და მესამეხარისხოვანი პოსტების შეთავაზებით.”

თუმცა რადიო ”თავისუფლებასთან ” საუბარში არჩილ გეგეშიძემ არ გამორიცხა, რომ პოლიტიკური ვითარება სწორედ რადიკალური პოლიტიკური ქმედებების ფონზე განვითარდეს, რაც ქვეყანასაც მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანს. ასეთ შემთხვევაში გამოსავლი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება, აცხადებს გეგეშიძე და დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური სპექტრის მკვეთრი პოლარიზაცია კვლავ გამოიყვანს ასპარეზზე ნინო ბურჯანაძეს, რომელიც კრიტიკულ ვითარებაში ყოველთვის ახერხებდა ოპონენტებთან საერთო ენის გამოძებნას:

[არჩილ გეგეშიძე] ”ამიტომ რაღაცა გამოსავალი მოსაძებნი იქნება და, შესაძლოა, მართლაც ნინო ბურჯანაძის გამოჩენა იყოს ერთგვარი ცუგცვანგი რასაც ჰქვია ჭადრაკში, ე.ი. აუცილებელი ნაბიჯი და ორმხრივ მისაღებიც, სხვათა შორის, ოპოზიციისათვისაც და ხელისუფლებისთვისაც.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საყოველთაო ბოიკოტს გაუგებარი და არანორმალური უწოდა სახელისუფლებო პარტიის წევრმა, გოკა გაბაშვილმა:

[გოკა გაბაშვილი] ”თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ არასაპარლამენტო ფორმებით გამოხატონ პოზიცია და რაღაც სხვა პროტესტის ფორმები მოძებნონ, ეს არ არის ნორმალური დემოკრატიული საზოგადოებისათვის. ”

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ წევრს კი, გიგი წერეთელს, მოსალოდნელი პოლიტიკური ვაკუუმის დაძლევის საკუთარი რეცეპტი აქვს. ”თუ ოპოზიცია უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, მაშინ ოპოზიციური მოსაზრებები უმრავლესობის შიგნით გაჩნდებაო”,- განაცხადა გიგი წერეთელმა სააგენტო ”ინტერპრეს-ნიუსთან” საუბარში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG