Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში არაბთა ლიგის სამიტი დაიწყო


არაბთა ლიგის სამიტი
არაბთა ლიგის სამიტი
ერაყისთვის დიდი მოვლენაა არაბთა ლიგის სამიტი, რომელიც ქვეყანაში იმართება ამ დღეებში. უკანასკნელი ასეთი შეხვედრა ბაღდადში 20 წლის წინ მოეწყო.

თავყრილობა, რომელიც სამშაბათს ვაჭრობის მინისტრების შეხვედრით დაიწყო, ოთხშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებით გაგრძელდება და ბოლოს, ხუთშაბათს, უკვე წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტით დასრულდება. მიმომხილველები ერაყისთვის ამ სამიტის მნიშვნელობაზე ლაპარაკობენ და თვლიან, რომ ის არაბულ სამყაროში ამ ქვეყნის პოლიტიკური როლის განვითარებას ხელს შეუწყობს. მათივე აზრით, ბევრია იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენი ლიდერი ჩავა ბაღდადში. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ განაცხადა, რომ შეხვედრა მნიშვნელოვან პერიოდში იმართება, როცა დაძაბულობაა სირიის, ირანისა და, ასევე, სპარსეთის ყურის ქვეყნების გამო. ზებარის თქმით, ის ბედნიერი იქნება, რვა ლიდერიც რომ ესტუმროს ბაღდადს. ამ ეტაპზე არაა ცხადი, არაბთა ლიგის 22 წევრი ქვეყნის რამდენი მეთაური დაესწრება შეხვედრას.

არაბთა ლიგის ბევრი სუნიტი ლიდერი თავშეკავებულია ერაყის შიიტური მთავრობის მიმართ, პირველ რიგში, ირანთან კარგი ურთიერთობის მიზეზით. სამიტის გამართვისთვის სათანადო პირობების შექმნა არ იყო იოლი საქმე. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ლეით აჰმედი, იტყობინება ბაღდადიდან, სამიტი ბაღდადის „მწვანე ზონაში“ ჩატარდება, ხოლო თუ რაიმე გართულდა უშიშროების თვალსაზრისით, მას სხვა შენობაში გადაიტანენ, აეროპორტთან ახლოს. ბოლო დღეებში სამთავრობო ოფისები ბაღდადში დახურულია, ქალაქი გადატვირთულია ტრანსპორტით, აეროპორტიდან ქალაქამდე ტრასას ასი ათასი მძიმედ შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი იცავს.

დამატებითი ზომების მიუხედავად, ბოლო ხანებში არაერთი თავდასხმა მოხდა. 20 მარტს თავდასხმების სერიას ბაღდადსა და სხვა ქალაქებში 52 ადამიანი ემსხვერპლა. არაბთა ლიგის სამიტზე, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი თემა სირია იქნება. პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკის მრჩეველმა მედიის საკითხებში რადიო თავისუფლების ერაყულ სამსახურს სამიტის მთავარ თემებად დაუსახელა: არაბთა ლიგის რესტრუქტურიზაცია, ტერორიზმი, რომელზეც სამიტზე პირველად იმსჯელებენ, და სირია. ამ შეხვედრის დაწყებამდე, სამშაბათს, გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელმა, კოფი ანანმა, განაცხადა, რომ სირიის მთავრობამ მიიღო სირიაში კონფლიქტის დასრულების მისეული გეგმა.ანანს სირიის მთავრობამ წერილით აცნობა, რომ იღებს გეგმას, რომელიც ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულებას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის გზის გახსნას და მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგს ითვალისწინებს.

ბაღდადის სამიტის შემდეგ ერაყი ერთი წლით არაბთა ლიგის მორიგე თავმჯდომარე იქნება. მთავრობას იმედი აქვს, რომ წარმატებული სამიტი მათ არაბულ ქვეყნებს შორის ადგილს დაუმკვიდრებს. ერაყი სადამ ჰუსეინის მმართველობის ხანაში იზოლირებული იყო, აშშ-ისა და უცხოეთის ჯარების შეჭრის შემდეგ კი, 2003 წლიდან, უუნარო საიმისოდ, რომ სახელმწიფოს როლი ეთამაშა. ამიტომაც არ დაინანა მთავრობამ უზარმაზარი თანხის - 500 მილიონი დოლარის - დახარჯვა სამიტის მოსამზადებლად, უშიშროების უზრუნველსაყოფად და გზებისა და შენობების აღსადგენად. ჩვენი კორესპონდენტის თანახმად, აღდგენილია ხუთი სასტუმრო, რესპუბლიკის სასახლე, ასევე ავტომაგისტრალი ბაღდადის აეროპორტსა და ქალაქს შორის. ამასთან, მთავრობას 400 ავტომანქანა შეუსყიდია სტუმრების მისაღებად.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG