რამდენიმე არაბულ ქვეყანაში აქტივისტები 12 თებერვალს რუსული და ჩინური პროდუქციის ბოიკოტირების მოწოდებით გამოდიან. მათ გულისწყრომას ამ ორი ქვეყნის მიერ იმ რეზოლუციის დაბლოკვა იწვევს, რომელიც სირიაში ძალადობის შეჩერებისკენ იყო მიმართული.
რუსეთს და ჩინეთს, ფაქტობრივად, არავინ გაუკვირვებიათ, როცა 4 თებერვალს ვეტო დაადეს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ანტისამთავრობო გამოსვლებზე მთავრობის რეპრესიების შეწყვეტას ითვალისწინებდა. პროექტს, რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოწოდებას შეიცავდა, „არაბთა ლიგა“ და დასავლეთი უჭერდნენ მხარს.
გაკვირვება არა, მაგრამ მოსკოვმა და პეკინმა ბრაზი ბევრში გამოიწვიეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მათ ნაბიჯს „მასხარაობა“ უწოდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა განაცხადა, ამას სირიის ხალხისთვის „კატასტროფული“ შედეგები მოჰყვებაო.
„არაბთა ლიგის“ ხელმძღვანელმა ნაბილ ალ-არაბიმ კი თქვა, რომელიმე ქვეყნის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენებას გამართლება არა აქვს მაშინ, როცა საქმე ადამიანის უმთავრეს უფლებებს ეხებაო: „სამწუხაროდ, რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციებმა ბოლო მომენტში ვეტოს დადების გადაწყვეტილება მიიღეს. და უნდა ვთქვა, რომ ვეტოს საკითხი - სულ ერთია, მას რუსეთი იყენებს თუ სხვა ქვეყნები, მაგალითად, ბოლო პერიოდში აშშ პალესტინელთა საკითხებთან მიმართებით - [აბსოლუტურად] მიუღებელი რამ არის.“
სირიაში ძალადობა გრძელდება. არმია კვლავ ახორციელებს იერიშს ანტისამთავრობო გამოსვლების ცენტრად ქცეულ ქალაქ ჰომსზე. ასეთ ფონზე, არაბულ ქვეყნებში აქტივისტები გამოდიან მოწოდებით, ბოიკოტი გამოეცხადოს ჩინეთისა და რუსეთის პროდუქციას.
ინიციატივა საკუთრივ სირიაში დაიწყო - ამ ქვეყნის მუსლიმთა საძმომ გაავრცელა განცხადება, რომ ნებისმიერი არაბი მოქალაქე, რომელიც რუსულ ან ჩინურ პროდუქციას იყენებს, „ხელებს სირიელი ხალხის სისხლში ითხვრის.“
შემდეგ მოწოდება მთელ არაბულ სამყაროში გავრცელდა. იორდანიაში, საუდის არაბეთში და სხვა ქვეყნებში ჟურნალისტები და ონლაინ-აქტივისტები თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, 12 თებერვალს ერთდღიანი ბოიკოტი გამოუცხადონ რუსულ და ჩინურ საქონელს. როგორც იუწყებიან, იგეგმება ბოიკოტის დღეების გამეორებაც.
ბოიკოტის მხარდასაჭერად ფეისბუქზეც გაჩაღდა რამდენიმე კამპანია.
თუმცა, როგორც ჩანს, ბოიკოტის შედეგი მაინცდამაინც ეფექტიანი არ იქნება ორი სამიზნე ქვეყნისთვის.
იმ ფონზე, როცა ჩინეთის შედარებით იაფ პროდუქციას - სათამაშოებს, მაისურებს თუ მობილურ ტელეფონებს - გლობალურ ბაზარზე მყარად აქვს მოკიდებული ფეხი, მისთვის აბსოლუტური ბოიკოტის გამოცხადება ძნელი წარმოსადგენია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში - მით უფრო არაბულ სამყაროში, რომელიც ჩინეთთან ყოველწლიურად თითქმის 200 მილიარდი დოლარის მოცულობის ვაჭრობას აწარმოებს.
ამას ის ფაქტორიც ემატება, რომ ენერგიის წყაროებით მდიდარი არაბული ქვეყნები ჩინეთს მოხმარებული ნავთობის ერთ მესამედზე მეტს აწვდიან - ისევე როგორც სასუქს და სხვა სახის პროდუქციას, რომელიც ჩინეთის სწრაფად მზარდ ეკონომიკას სჭირდება. საეჭვოა, რომ ეს ეკონომიკური კავშირები ბევრმა არაბულმა ქვეყანამ დააყენოს საფრთხის ქვეშ, პოლიტიკური ჟესტის გაკეთების გამო.
რუსეთს კი ბევრად ნაკლები აქვს შესათავაზებელი. ენერგიის იმპორტი არც ერთ მხარეს არ ესაჭიროება და, შესაბამისად, რუსეთსა და არაბულ სამყაროს შორის ვაჭრობა ყოველწლიურად მხოლოდ 8 მილიარდიდან 12 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ბოიკოტისთვის მზადებისას ბევრი ხუმრობს კიდეც, არაბებმა ერთი დღით რუსულ არაყსა და ბეწვის ქუდებზე უნდა თქვან უარიო.
თუმცა, სინამდვილეში, ამ რეგიონში რუსეთის ყველაზე მასშტაბური იმპორტი იარაღია. იარაღის საექსპორტო კომპანიამ, „როსობორონექსპორტმა“, შარშან არაბულ ქვეყნებთან, მთლიანობაში, 12 მილიარდი დოლარის მოცულობის კონტრაქტები გააფორმა.
რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს მუშტარს კი სირია წარმოადგენს. ის 5 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს რუსეთის შეიარაღების შესყიდვისთვის.
სირია რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მყიდველი მას შემდეგ გახდა, რაც გაეროს სანქციებით შეწყდა რუსეთის მხრიდან იარაღით ვაჭრობა ირანთან და ლიბიასთან.
რუსეთი ჯიუტად იცავს სირიისთვის იარაღის მიწოდების პროცესს - იმ ფონზე, როცა მთავრობის მხრიდან გატარებულ რეპრესიებს 5,000-ზე ბევრად მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამდენად, სირიის კრიზისიდან გამოსავალი შესაძლოა მართლაც იყოს რუსეთის პროდუქციის ბოიკოტი, თუკი ის რუსულ იარაღსაც შეეხება. ოღონდ, როგორც ჩანს, ამ ეფექტიანი ფორმით ეს ბოიკოტი არ განხორციელდება.