Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი ბაშარ ალ-ასადს შეხვდა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საშუამავლო მისიით ჩავიდა სირიაში, სადაც გრძელდება ძალადობა და შეიარაღებული თავდასხმები სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციას შორის. სირიაში ჩასვლამდე ლავროვმა დასავლეთი ისტერიულ განცხადებებსა და სინამდვილის დამახინჯებაში დაადანაშაულა, მაშინ როცა სირიის ოპოზიცია რუსეთსა და ჩინეთს მკვლელების ხელშეწყობაში სდებს ბრალს.

ასეთი ისტერიული განცხადებების გზით, პირველ ყოვლისა, ცდილობენ დამალონ საქმის არსი...
სერგეი ლავროვი სირიაში ჩავიდა იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი აკრიტიკებს რუსეთსა და ჩინეთს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს სირიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ რეზოლუციას.

უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივმოქმედი წევრები მიემხრნენ „არაბთა ლიგის“ გეგმას, რომელიც ბაშარ ასადს მოუწოდებს გადადგეს და ბოლო მოუღოს ძალადობს. მაგრამ ლავროვი ამბობს, რომ ამ რეზოლუციის მიღებით გაერო სირიის „სამოქალაქო ომის“ მხარე ხდება, დასავლეთის მხრიდან რუსეთის პოზიციის კრიტიკას კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ისტერიული“ უწოდა.

“ვფიქრობ, რომ ასეთი ისტერიული განცხადებების გზით, პირველ ყოვლისა, ცდილობენ დამალონ საქმის არსი, დამალონ ის, რაც სინამდვილეში ხდება. საქმის არსი კი ისაა, რომ სირიაში ძალადობის ერთ წყაროზე მეტი არსებობს, ის იქ რამდენიმეა.“

ამ განცხადების ავტორს, სერგეი ლავროვს, და რუსეთის საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორს მიხაილ ფრადკოვს სირიის მთავრობის მომხრეები დამასკში გრძელი ცოცხალი ჯაჭვით, რუსეთის დროშებითა და აღტაცებული შეძახილებით დახვდნენ, აეროპორტიდან კი რუსეთის დელეგაცია ბაშარ ასადის რეზიდენციისკენ გაემართა და სირიის ლიდერს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მოელოდნენ, რომ კრემლის წარგზავნილი ზეწოლას მოახდენდა ასადზე, წასულიყო რეფორმებზე და ამით მოეგვარებინა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში 11 თვის განმავლობაში გრძელდება და ნამდვილ სისხლისღვრაში გადაიზარდა. მაგრამ ლავროვმა მხოლოდ ის განაცხადა, რო მშვიდობა სირიაში „არაბეთის ქვეყნების“ ინტერესშია და ყველა ლიდერმა უნდა „გაინაწილოს პასუხისმგებლობა“.
რეჟიმი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხთან დიალოგზე წავიდეს, ძალადობას მიმართავს...

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ქალაქ ჰომსში ორშაბათს დაახლოებით 100 მოქალაქე დაიღუპა, სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ჰომსის ოპერაციაში ოპოზიციის შეიარაღებულმა მომხრეებმა უშიშროების ძალების 6 წარმომადგენელი მოკლეს და 11 დაჭრეს.

მზარდი ძალმომრეობის ფონზე აშშ-მა დახურა საელჩო დამასკში და გახიზნა მისი პირადი შემადგენლობა, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ძალადობის ესკალაციაში ასადის რეჟიმი დაადანაშაულა:

„ჩვენ შეშფოთებული ვართ მზარდი ძალადობით დამასკსა და მის ირგვლივ, რაც ადასტურებს, რომ რეჟიმი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხთან დიალოგზე წავიდეს, ძალადობას მიმართავს და სულ უფრო მეტად კარგავს კონტროლს სიტუაციაზე.“

სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ჰომსის დაბომბვას ორშაბათს „კაცობრიობის წინაშე სრულიად მიუღებელი“ უწოდა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, სირიის ოპოზიციურმა ნაციონალურმა საბჭომ კი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ჩინეთისა და რუსეთის ვეტო ასადისათვის „მკვლელობის ნებართვის“ მიცემას შეადარა.

თავის მხრივ, ახალი წინადადებით გამოვიდა თურქეთი, რომელიც ფიქრობს, რომ გაეროს რეზოლუცია მარცხით დასრულდა რუსეთისა და ჩინეთის ვეტოს შედეგად. პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ „გეგმავს ახალ ინიციატივას“, რომელიც მრავალმხრივი ინიციატივა იქნება „იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც მხარს უჭერენ სირიელ ხალხს და არა სირიის მთავრობას.“

დღესვე ცნობილი გახდა, რომ, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, სირიიდან საკუთარი ელჩები საფრანგეთმა და იტალიამაც გაიწვიეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG