Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარო, გეუბნები! ერო, გაიგონე!


სელესტ უოლანდერი თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში
სელესტ უოლანდერი თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილე სელესტ უოლანდერი პირველი ოფიციალური სტუმარი იყო, ვინც საქართველოში ჩამოვიდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი და პოლიტიკური ელიტა ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის საკითხში ვაშინგტონისაგან მოსალოდნელ საგნობრივ დახმარებაზე საუბრობს. თუმცა უოლანდერი, რომელმაც 22-24 თებერვალს საქართველოში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საბრძოლო იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა სულაც არ არის ერთადერთი და ყველაზე საუკეთესო საშუალება საქართველოს დემოკრატიის დასაცავად.

რომ არა აშშ-ის საელჩო, სელესტ უოლანდერის ვიზიტიდან დარჩებოდა მხოლოდ გამაღიზიანებლად არაფრის მთქმელი ქრონიკა და საზოგადოებას დაეკარგებოდა ის ღრმა და შინაარსიანი ლექცია, რომელიც სტუმარმა მომავალი ოფიცრების წინაშე თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში წაიკითხა. ამის მიზეზი კი შეიძლება იყო ის ფაქტი, რომ ამერიკელი დიპლომატი მომავალ ოფიცრებს ესაუბრა არა საქართველოს ოკუპაციაზე, რუსეთის ჩამოშლა-განადგურებაზე, ნატოს გაფართოებასა და ავღანეთში მიმდინარე მრავალეროვნული ოპერაციის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე, არამედ საქართველოში კარს მომდგარ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც ქვეყანაში უნდა მოხდეს ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა, ხოლო სამხედრო სტრუქტურამ და ჯარისკაცებმა უნდა შეინარჩუნონ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.“


დაიცავით დემოკრატია და ის თქვენ იარაღზე უკეთ დაგიცავთ

„წელს და მომავალ წელს - უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე - მსოფლიო დააკვირდება საქართველოს, რათა დაინახოს, უწყობს თუ არა ხელს მიმდინარე რეფორმები კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას და ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგიც, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, ხელისუფლების თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული გადაცემა იქნება. ისინი დააკვირდებიან თავდაცვის სამინისტროსაც, რათა დაინახონ, გააზრებული აქვს თუ არა მას საკუთარი როლი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილემ სელესტ უოლანდერმა 22 თებერვალს, გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიის მსმენელებთან შეხვედრის დროს.

პენტაგონის მაღალჩინოსნის ლექციის ორიგინალი და მისი ქართული თარგმანი საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარ საიტზე 25 თებერვალს გამოაქვეყნა და ქართულ მედიასაც დაუგზავნა გასავრცელებლად. საელჩომ, უეჭველია, ჩათვალა, რომ საქართველოს საზოგადოება იმსახურებს უფრო მეტი იცოდეს სელესტ უოლანდერის ლექციის შესახებ, რომელიც, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, თანაბრად ეხება როგორც არმიას და მის მთავარ კადრების სამჭედლოს, ასევე მთლიანად პოლიტიკურ სისტემას.

არადა, წესით, უოლანდერის ლექცია ან თავად თავდაცვის ეროვნულ აკადემიას უნდა გამოექვეყნებინა საკუთარ საიტზე, ანდა თავდაცვის სამინისტროს. მაგრამ საქართველოს სამხედრო უწყებამ გამონაკლისი არც ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის შემთხვევაში დაუშვა.

„სტუმრებმა აკადემიის მსმენელებთან და ოფიცერთა შემადგენლობასთან შეხვედრა გამართეს. მათ საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, თავდაცვის რეფორმებისა და სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს“, - ნათქვამია ეროვნული თავდაცვის აკადემიის საიტზე გამოქვეყნებულ „მშრალ“ ინფორმაციაში.
ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს, რომ ფორმიან მამაკაცებსა და ქალებს არ გააჩნიათ სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემის კანონიერი უფლება...
სელესტ უოლანდერი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილემ სელესტ უოლანდერმა მომავალ ქართველ ოფიცრებთან 22 თებერვალს, ცხადია, ნატოზეც ისაუბრა, მაგრამ საქართველოში დამკვიდრებული კლიშეებისა და შეთქმულების თეორიების გარეშე, თითქოს არიან ვიღაც ცუდი ევროპელები, რომლებსაც არ სურთ საქართველოს პროგრესის დანახვა და შეგნებულად აფერხებენ მის გაწევრიანებას სასიცოცხლო მნიშვნელობის ალიანსში. ქალბატონ უოლანდერს მომავალ ოფიცრებთან არ უსაუბრია არც ნატოს მომავალ ჩიკაგოს სამიტსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. სტუმარმა ოფიცრებს შეახსენა საქართველოს პასუხისმგებლობა და ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა „თანამედროვე ევროპული ქვეყნისათვის შეუსაბამო ქცევაზე“, რაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას შეაფერხებს.

„ზოგი ეჭვქვეშ აყენებს თქვენს ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს.
ჩვენ კი გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ, ჩვენი თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ნაბიჯი, რომელიც შეგიძლიათ გადადგათ სკეპტიკოსების დასარწმუნებლად, არის იმის ცალსახად ჩვენება, რომ ზუსტად გესმით და შეგიძლიათ ჯარისათვის შესაფერისი როლის შესრულება დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სახის იარაღის ან სამხედრო აღჭურვილობის შეძენა, საბრძოლო უნარ-ჩვევების გამომუშავება ანდა თავსებადობა ნებისმიერ კოალიციურ ძალასთან.“


არმიის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

თავის საჯარო ლექციაში ამერიკის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილემ რამდენჯერმე ახსენა „ჯარის ქცევა“, აპოლიტიკურობა და არმიის „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“. ამ თემებზე, ცხადია, საქართველოშიც არის საუბარი, მაგრამ არმიის ნეიტრალიტეტსა და აპოლიტიკურობაში აქ ძირითადად იგულისხმება ის, რომ სამხედროებს არ უნდა მოსწონდეთ ოპოზიცია და თუ არ სურთ რაიმე პრობლემები შეექმნათ, არჩევნების დროს მთელი არმია ე.წ. დახურულ საარჩევნო უბნებზე მმართველ პარტიას უნდა აძლევდეს ხმას. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილემ კი მომავალ ოფიცრებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სულ სხვაგვარი განმარტება შესთავაზა:

„ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს, რომ ფორმიან მამაკაცებსა და ქალებს არ გააჩნიათ სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემის კანონიერი უფლება. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედროები ამაყობენ საარჩევნო უფლებით, რომელიც მათ მთავრობის ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სამხედრო მოსამსახურეები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ, რათა გამოიყენონ საარჩევნო უფლება. მათი არჩევანი გარანტირებულად პირადი და კონფიდენციალურია. არ არსებობს რისკი, რომ მათმა არჩევანმა მათ სამხედრო კარიერაზე რაიმე გავლენა მოახდინოს.“

ცხადია, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, თუ რა განწყობით უსმენდნენ მომავალი ქართველი ოფიცრები მაღალ სტუმარს. სამწუხაროდ, თავდაცვის ეროვნული აკადემია, ისევე როგორც მთელი სამხედრო უწყება, ჯერ კიდევ შორსაა იმ დემოკრატიული პრინციპებისაგან, რომლებიც, სელესტ უოლანდერის თქმით, ამერიკის არმიის „სულისკვეთებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.“
„ჯარი უნდა იყოს არა მხოლოდ კარგად გაწვრთნილი და დისციპლინებული ამ ამოცანების გადასაწყვეტად, არამედ უნდა დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და არ დაუჭიროს მხარი რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს. მესამე პრინციპია სამოქალაქო კონტროლისა და სამოქალაქო ინსტიტუტების უპირატესობა სამხედრო ინსტიტუტებზე.“
ვიმედოვნებ, რომ თქვენი შეიარაღებული ძალები თანაბრად დადებით შთაბეჭდილებას მოახდენენ საქართველოს მხარდამჭერებსა და კრიტიკოსებზე იმის დემონსტრირებით, რომ მათ ესმით, რა როლი აკისრია სამხედრო უწყებას დემოკრატიულ საზოგადოებაში ...
სელესტ უოლანდერი
სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლის ელემენტებად კი ამერიკელმა სტუმარმა დაასახელა საზოგადოებრივი კონტროლი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მათ შორის, მედიასაშუალებების დახმარებით, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, გააკეთოს ინფორმირებული დასკვნა შეიარაღებული ძალების შესახებ.

ჩანს, რომ სელესტ უოლანდერმა ყურმოკვრით არ იცის, თუ რამდენად უწევს ანგარიშს საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა საკანონმდებლო ორგანოს, რომ აღარაფერი ითქვას ქართულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელი მოხელე არ შეახსენებდა სამხედრო აუდიტორიას ამერიკელი მწერლის რიჩარდ კონის ამ სიტყვებს:

"სამოქალაქო კონტროლი საჭიროა იმისათვის, რომ უსაფრთხოება დაექვემდებაროს ქვეყნის უფრო დიდ ამოცანებს და არა პირიქით. სამხედრო უწყების დანიშნულება ხალხის დაცვაა და არა ხალხის ცხოვრების წესის განსაზღვრა. შემოწმება-დაბალანსების საკონსტიტუციო პრინციპმა სახელმწიფო სამხედრო ამბიციების მქონე პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ამბიციების მქონე სამხედროებისაგან უნდა დაიცვას.“

სამხედრო უწყებების აპოლიტიკურობა კი, სელესტ უოლანდერის თქმით, ხაზს უსვამს მათ ლეგიტიმურობას, ხელს უწყობს ქვეყნის სტაბილურობასა და შესაძლებელს ხდის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

„ვიმედოვნებ, რომ თქვენი შეიარაღებული ძალები თანაბრად დადებით შთაბეჭდილებას მოახდენენ საქართველოს მხარდამჭერებსა და კრიტიკოსებზე იმის დემონსტრირებით, რომ მათ ესმით, რა როლი აკისრია სამხედრო უწყებას დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - ამ სიტყვებით დაასრულა თავისი ლექცია აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილემ 22 თებერვალს გორში მდებარე თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG