Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპაციის დღე


მიხეილ სააკაშვილი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში. 2012 წლის 25 თებერვალი.
მიხეილ სააკაშვილი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში. 2012 წლის 25 თებერვალი.
25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპუციის დღე აღინიშნება. 91 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. ამ ტრაგიკული დღის აღსანიშნავად, პარლამენტის დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაუშვეს სახელმწიფო დროშები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას. როგორ აღინიშნა 25 თებერვალი თბილისში და რას ფიქრობენ თბილისელები საქართველოს გასაბჭოების შესახებ?

საქართველოს გასაბჭოების 91- ე წლისთავთან დაკავშირებით ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში მიაგეს. ენგურის ხიდთან სტუდენტებმა დაღუპული გმირები სიმბოლური „ცოცხალი ჯაჭვით“ გაიხსენეს, გორში კი ცაში გაუშვეს მანათობელი ბუშტები, რომლებზეც საბჭოთა ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა სახელები და გვარები იყო გამოსახული. 25 თებერვალს ახალგაზრდები თბილისში, გმირთა მოედანზეც შეიკრიბნენ:

„ამ აქციით ჩვენ გვინდა საზოგადოებას ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა იმ ბრძოლაში, რომელიც 1921 წელს დაიწყო და დღესაც არ დამთავრებულა. საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დღესაც ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს.“

უკუპაციის დღისათვის სამზადისი წელს რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. გამოცხადდა ოკუპაციის კვირეული, რომლის ფარგლებშიც 23 თებერვალს საზოგადოებამ პატივი მიაგო მე-11 წითელ არმიასთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკრების ხსოვნას. კოჯორში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

„სამწუხაროდ, 1921 წელს ამ ბიჭების თავდადება არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოს თავისუფლების შენარჩუნებისთვის, ვინაიდან მაშინდელი პოლიტიკური კლასი, მაშინდელი საზოგადოება არ იყო ერთიანი ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში. დღესაც, როცა საქართველოს თავისუფლებას ემუქრება საფრთხე, ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია პოლიტიკურ კლასსა და მთლიანად საზოგადოებას, რომ საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული და მას აღარასოდეს დაემუქროს საფრთხე.“

საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რომლის შესახებაც დავით ბაქრაძე ლაპარაკობდა, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა ხელყო. არადა, როგორც ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე ამბობს, ანექსიამდე ერთი წლით ადრე, 1920 წლის 7 მაისს, რუსეთმა და საქართველომ ურთიერთცნობისა და თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, თუმცა ამ გარემოებას ბოლშევიკებისათვის ხელი არ შეუშლია:

„ბოლშევიკურმა რუსეთმა კვლავ გააგრძელა მე-5 კოლონის შექმნის ტაქტიკა საქართველოს ტერიტორიაზე. სერგო ორჯონიკიძე და სერგეი კიროვი ხელმძღვანელობდნენ ჩრდილოკავკასიაში არსებულ კავბიუროს, რომლის მთავარი ამოცანა იყო ორგანიზება მოეხდინათ მთელ კავკასიაში - მათ შორის, საქართველოს გარდა, აზერბაიჯანსა და სომხეთში - ბოლშევიკური რევოლუციისა, ანუ უნდა მომხდარიყო სამხედრო გადატრიალება. ამას აზერბაიჯანში მიაღწიეს 1920 წლის 20 აპრილს, სომხეთში - 1920 წლის ნოემბერში, ხოლო საქართველოში განახორციელეს 1921 წლის 25 თებერვალს.“

საქართველოში ადგილობრივმა ბოლშევიკებმა აჯანყება 11 თებერვალს დაიწყეს. რამდენიმე დღეში მათ დასახმარებლად აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან დაძრული რუსეთის მე-11 არმია ჯერ წითელ ხიდს, შემდეგ კი სოფელ შულავერს იკავებს. 18 თებერვალს შულავერში შექმნილი საქართველოს რევკომი, ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით, საბჭოთა ხელისუფლებას აცხადებს, სერგო ორჯონიკიძე კი სტალინისგან თბილისზე შეტევის მითითებას იღებს. რამდენიმედღიანი ბრძოლების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ევაკუაციის გადაწყვეტილებას იღებს, მთავრობა ქუთაისში გადადის, თბილისში წითელი არმია შედის. იწყება ძარცვა და რეპრესიები. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს რევკომი საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად აცხადებს. სერგო ორჯონიკიძე კრემლში ტელეგრამას გზავნის:

„ორჯონიკიძე ლენინს, სტალინს. თბილისზე წითელი დრო ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“

1921 წლის 25 თებერვალს დაწყებული საქართველოს უკუპაცია სამოცდაათი წელი გაგრძელდა, თუმცა, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, საქართველოსათვის მიყენებული ზარალი მხოლოდ დაკარგული წლებით არ შემოიფარგლება:

„ჩვენ შეგვეძლო გავმხდარიყავით მსოფლიოს ნორმალური და თანასწორი წევრი. ჩვენ შეგვეძლო ის, რაც დღეს გვინდა, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მოგვეხერხებინა მაშინ და ამისი ძალიან დიდი შანსი გვქონდა. აი, ეს ყველაფერი დავკარგეთ და მივიღეთ მონაწილეობა ისეთ ანტიადამიანურ ექსპერიმენტში, რასაც კომუნიზმი ერქვა და რომელიც დღესაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე, მიუხედავად იმისა, გვსურს ეს თუ არ გვსურს.“

ცალკე საუბრის თემაა უზარმაზარი მსხვერპლი, რომელიც საქართველოს საბჭოთა რეპრესიებმა მოუტანა. ოფიციალური მონაცემებით, 1921 წლიდან 1941 წლამდე საქართველოში 72 000 ადამიანი დახვრიტეს, 200 000 კი გადაასახლეს. საინტერესოა, რა იციან თბილისელმა ახალგაზრდებმა 25 თებერვლის შესახებ:
„საბჭოთა აგრესიას შეეწირნენ ახალგაზრდები და დავკარგეთ ის თავისუფლება, ღირსება, რომელიც 1918 წელს დამოუკიდებლობის სახით მივიღეთ.“
„საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და საქართველოში შემოვიდა რუსული ჩექმა.“

25 თებერვლის ტრაგიკულ მნიშვნელობას შეახსენებს ახალგაზრდებს კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის წინ დაიწერა და რომელმაც, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ტელევიზიითა და ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეორგოლში მუსიკის ფონზე ამ ლექსს საზოგადოების ცნობილი წევრები კითხულობენ:

„თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად, ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“...
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG