Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სპეციალური მომხსენებელი კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს


მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მაინა კიაი
მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მაინა კიაი
საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მაინა კიაი. ერთი კვირის განმავლობაში მან შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ასევე უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებთან. საქართველოში ვიზიტის შედეგად დაწერილი მცირე ტიპის კრიტიკული ანგარიში მან საზოგადოებას 13 თებერვალს წარუდგინა. არათანაბარი პოლიტიკური გარემო, მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რის გამოსწორებაზე ზრუნვაც მან ხელისუფლებას ურჩია.

კენიელი უფლებადამცველი მაინა კიაი გაეროს სპეციალურ მომხსენებლად 2011 წლის მაისში დაინიშნა. მანდატი, რომელიც მის უფლებამოვალეობებს განსაზღვრავს, პირველ რიგში, გულიხმობს სიტუაციის შესწავლას იმ ქვეყნებში, სადაც ფიქსირდება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებების დარღვევა, ამ უფლებების მქონე ადამიანების შევიწროება, ძალადობა, დევნა და დაშინება. მაინა კიაიმ ერთი კვირა მოანდომა საქართველოში მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფლების საკითხების გაცნობას. ექვსგვერდიანი მცირე ტიპის წინასწარი ანგარიში კრიტიკულია და ის ხელისუფლებისათვის არაერთ რეკომენდაციას მოიცავს.

პირველი აბზაცების შემდეგ, სადაც მაინა კიაი მადლობას უხდის ხელისუფლების წარმომადგენლებს თანამშრომლობისათვის, შეიძლება ითქვას, გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში ძირითადად მოიცავს კრიტიკულ შეხედულებებსა და მოსაზრებებს საქართველოში არსებული მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფლების საკითხების გარშემო. არათანაბარი პოლიტიკური გარემო, მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვა, პროფესიულ გაერთიანებეში არსებული პრობლემები, შრომის კოდექსი, 2011 წლის 26 მაისის მოვლენები - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებიც მაინა კიაის ანგარიშში მოხვდა.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშის ერთ-ერთი პირველი თემა გასული წლის ბოლოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებია: ”ეს ცვლილებები ორაზროვანი, ბუნდოვანი ენით გადმოიცა, რაც უნდობლობის ატმოსფეროს ქმნის და საგრძნობლად არღვევს ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კანონებს”, - აცხადება მაინა კიაი. - ”არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ იურიდიულ პირებს უნდა ჰქონდეთ უფლება მხარი დაუჭირონ ნებისმიერ პოლიტიკურ პირსა თუ კანდიდატს. ალბათ, გამოჩნდება, რომ ცოტა ხნის წინ განხორციელებული ცვლილებები მოტივირებულია იმ განზრახვით, რომ ხელისუფლებამ გააკონტროლოს კონკრეტული პიროვნების პოლიტიკური ქმედებები. ეს ცვლილება არ გულისხმობს ობიექტური და მყარი მიზნებისათვის განხორციელებულ ცვლილებებს”, - ამბობს მაინა კიაი.
მე მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ხელისუფლების რეაქცია აშკარად არაპროპორციული იყო ...
მაინა კიაი

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება - ეს არის რიგით მეორე საკითხი მაინა კიაის ანგარიშში. ერთ-ერთ განსაკუთრებულ საკითხად ამ მიმართულებით გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრების დროს სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან 20 მეტრიანი რადიუსის შემოღებას ასახელებს: გვახსოვდეს, ვარდების რევოლუციის დროს მსგავსი შეზღუდვა არ არსებობდა. ვშიშობ, რომ აღნიშნული შეზღუდვები შემოღებულ იქნა იმისათვის, რომ ხელი შეეშალოს მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის გზით გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, ამბობს მაინა კიაი: ”უფრო მეტიც, მე შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ 15 წუთიანი გაფრთხილების წესი, შეკრების ძალისმიერი დაშლის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთაშორისო სტანდარტებისგან. დროის ასეთი მოკლე პერიოდი შესაძლებელია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობის საფუძველი გახდეს”, - აცხადება გაეროს სპეციალური მომხსენებელი.

გაფრთხილებიდან სწორედ 15 წუთის შემდეგ დაიწყეს სამართალდამცავებმა 2011 წლის 26 მაისს პარლამენტის წინ შეკრებილი ”სახალხო კრების” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეების დაშლა. სწორედ 26 მაისის მოვლენებია შემდეგი თავი მაინა კიაის ანგარიშში. მე მოვისმინე აქციის მონაწილეების, არასამთავრობო სექტორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენებები. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩატარდეს ახალი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება, აცხადებს მაინა კიაი: ”მთავრობის ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, 26 მაისის მოვლენები საშიშროებას წარმოადგენდა მთელი ქვეყნისთვისო. მიუხედავად ამისა, მე მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ხელისუფლების რეაქცია აშკარად არაპროპორციული იყო”, - მიაჩნია მაინა კიაის.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც გაეროს სპეციალური მომხსენებელი ყურადღებას ამახვილებს, ის რთული პირობებია, რომელშიც პროფესიულ გაერთიანებებს უწევთ მუშაობა. მისი განცხადებით, მან მოისმინა ამბები იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის აქვე საქართველოში არსებულ შრომის კოდექსზეც მიუთითებს, რომელიც, მისი თქმით, საშუალებას იძლევა დამსაქმებელმა მარტივად, ყოველგვარი განმარტების გარეშე დაითხოვოს სამსახურიდან თანამშრომელი.

მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. 2012 წელი საარჩევნო წელია. სწორედ ამიტომ მაინა კიაის ვიზიტი დროულია საქართველოსთვის: ”ვფიქრობ, რომ მისი რეკომენდაციები ნამდვილად წაადგება სიტუაციის გამოსწორებას ამ კუთხით. დიდი ნაწილი იმ პრობლემებისა, რომლებიც ასახულია მის წინასწარ დოკუმენტში, ასევე ასახულია სახალხო დამცველის ანგარიშშიც. მე გამოვყოფდი 26 მაისის მოვლენებს, ასევე კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას”, - ამბობს გიორგი ტუღუში.

როგორც გაეროს სპეციალური წარმომადგენელი განმარტავს, საქართველოში ერთკვირიან ვიზიტს ის ვრცელ ანგარიშს მიუძღვნის და ივნისში საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნის. მისი თქმით, ანგარიშში მოცემული იქნება როგორც სიტუაციის სრული ანალიზი, ასევე რეკომენდაციები ხელისუფლებისათვის.
XS
SM
MD
LG