Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: "ამერიკა დაბრუნდა!"


ობამას ყოველწლიური მიმართვა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:29 0:00
გადმოწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოადგინა ამერიკის ეკონომიკისთვის დახმარების აღმოჩენის გეგმა. მან მაღალი შეფასება მისცა ოსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.

"ქვეყნის მდგომარეობის შესახებ" თავის ყოველწლიურ მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, გამოთქვა ინიციატივა მილიონერებისათვის გადასახადების გაზრდისა და უოლ სტრიტისათვის სადავეების მოჭერის შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა მიღწევებს საგარეო პოლიტიკაში გასული წლის განმავლობაში და განაცხადა: "ამერიკა დაბრუნდა!"

მისი ეს სიტყვა ექსპერტების მიერ განიხილება, როგორც ერთგვარი ინდიკატორი, თუ როგორ წარმართავს ობამა საარჩევნო კამპანიას. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში ჩატარდება. ობამას საარჩევნო კამპანიის ძირითად თემად გამოჩნდა მოწოდება მეტი ეკონომიკური სამართლიანობისაკენ.
"ჩვენ შეგვიძლია დავყაბულდეთ ქვეყანას, სადაც ხალხის სულ მცირე რიცხვია შეძლებული მაშინ, როდესაც ამერიკელების უმეტესობა ძლივს ირჩენს თავს. ან შეგვიძლია ავაღორძინოთ ეკონომიკა, სადაც ყველას ეძლევა შანსი, ყველას შეაქვს თავისი წვლილი და ყველა ერთი წესით მოქმედებს..."


კონგრესის წინაშე გამოსვლისას, ობამამ მილიონობით მაყურებელს მიმართა და განაცხადა, რომ "ჩვენი დროის განმსაზღვრავი საკითხი" არის ის, ხელმისაწვდომია თუ არა ყველასთვის "საბაზისო ამერიკული პირობა" - შესაძლებელია თუ არა მომუშავე ამერიკელისათვის, არჩინოს ოჯახი, ფლობდეს სახლს, განათლება მისცეს შვილებს და გადაინახოს ფული პენსიისათვის.

ობამამ თქვა: "ჩვენ შეგვიძლია დავყაბულდეთ ქვეყანას, სადაც ხალხის სულ მცირე რიცხვია შეძლებული მაშინ, როდესაც ამერიკელების უმეტესობა ძლივს ირჩენს თავს. ან შეგვიძლია ავაღორძინოთ ეკონომიკა, სადაც ყველას ეძლევა შანსი, ყველას შეაქვს თავისი წვლილი და ყველა ერთი წესით მოქმედებს."

ამერიკის პრეზიდენტმა ერთსაათიან სიტყვაში 34-ჯერ ახსენა სიტყვა გადასახადები და 32-ჯერ - სამუშაო ადგილები. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ მისი წლევანდელი საარჩევნო კამპანია ამ ორ საკითხს დაეფუძნება.

საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკისას, ობამამ თქვა, რომ "ამერიკა დაბრუნდა", როგორც ძლიერი მოთამაშე მსოფლიო ასპარეზზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ მათ, ვინც ამერიკის გავლენის შემცირებაზე საუბრობს, "არ იცის, რაზე ლაპარაკობს”.
"პირველად, ორი ათწლეულის განმავლობაში, ოსამა ბინ ლადენი ამერიკისათვის საფრთხე აღარ არის. ალ-ყაიდის მეთაურები დამარცხებული არიან, თალიბანის წინსვლა შეჩერებულია და ჯარისკაცებმა ავღანეთიდან დაბრუნება დაიწყეს..."


ობამა საგარეო მიღწევებს არ ჩაღრმავებია. მან ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები გამოყო და თქვა, პირველად, ცხრა წლის განმავლობაში ერაყში არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ იბრძვისო.

"პირველად, ორი ათწლეულის განმავლობაში, ოსამა ბინ ლადენი ამერიკისათვის საფრთხე აღარ არის. ალ-ყაიდის მეთაურები დამარცხებული არიან, თალიბანის წინსვლა შეჩერებულია და ჯარისკაცებმა ავღანეთიდან დაბრუნება დაიწყეს", - თქვა ბარაკ ობამამ.
"თუ ირანი შეიცვლის კურსს და შეასრულებს ვალდებულებებს, მას შეეძლება დაუბრუნდეს საერთაშორისო თანამეგობრობას..."


ირანზე ლაპარაკისას, ობამამ განაცხადა, რომ გაერთიანებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული "უმკაცრესი სანქციები" გაგრძელდება, ვიდრე თეირანი არ დაამტკიცებს, რომ არ აპირებს ბირთვული იარაღის შემუშავებას. მან გაიმეორა მანამდე მიცემული პირობა. რომ ამერიკა "ყველანაირი მოქმედების შესაძლებლობას განიხილავს", რაც ერთგვარი ევფემიზმია სამხედრო ჩარევის მზარდი შესაძლებლობისა, თუმცა მან ასევე თქვა, რომ შესაძლებელია კრიზისის მშვიდობიანი მოგვარება. "თუ ირანი შეიცვლის კურსს და შეასრულებს ვალდებულებებს, მას შეეძლება დაუბრუნდეს საერთაშორისო თანამეგობრობას" - თქვა მან.

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელების უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა პრეზიდენტის მიერ ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით გადადგმული ნაბიჯებით. სიტყვით გამოსვლისას, ობამას არ აუღია პასუხისმგებლობა ამერიკის ეკონომიკის არასაკმარისი გაჯანსაღებისა და უმუშევრობის მაღალი დონის მაჩვენებლებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, მისთვის მთავარი წინაღობა გახდეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ობამამ დაიცვა სამწლიანი მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები და ქვეყნის პრობლემებში ბრალი დასდო ბანკებს და, მისი თქმით, "რეალობას დაშორებულ კონგრესს". ობამამ ამერიკელებს შესთავაზა ძირეული ცვლილებები საგადასახადო სისტემაში და ახალი წესები ამერიკის უძრავი ქონების კრიზისის დასაძლევად.
"ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს მილიონერების სუბსიდირება..."


ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიულად მკვეთრად გაყოფილმა კონგრესმა ობამას ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადებების ცხოვრებაში გატარება დაიწყოს, მაგრამ თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ ობამა შეძლებს საფინანსო სისტემით იმედგაცრუებული ამომრჩევლების გული მოიგოს.

"ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს მილიონერების სუბსიდირება", - განაცხადა ობამამ და კონგრესს შესთავაზა 30-პროცენტიანი გადასახადი ამერიკელებისათვის, რომლებიც წელიწადში მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ.

დემოკრატები დიდი ხანია, აკრიტიკებენ რესპუბლიკელებს კონგრესში საგადასახადო შეღავათებისათვის, რომლებიც მდიდრებს ანიჭებს უპირატესობას. რესპუბლიკელები გადასახადების გაზრდას გადაჭრით ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, ეს ხელს შეუშლის ეკონომიკის გაჯანსაღებას.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG