Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განრიდება - „ერთი შანსის პროგრამის“ ერთწლიანი შედეგი


საქართველოს პროკურატურა გასული წლის ყველაზე წარმატებულ პროექტად ”არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამას” ასახელებს. დღემდე პროგრამა საქართველოს მხოლოდ ექვს ქალაქში ხორციელდებოდა, 2012 წლიდან კი პროგრამა ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, ერთი წლის მანძილზე 84 მოზარდისათვის გახდა შესაძლებელი ნასამართლეობის არიდება. როგორ აფასებენ პროგრამას ფსიქოლოგები და პროგრამაში ჩართული მოზარდები?

გიორგი მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ის არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ქურდობის გამო აღმოჩნდა. პროკურორისა და სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებით, ექვსი თვის განმავლობაში ექვსი წიგნი წაიკითხა, თუმცა ამ ექვსი თვის განმავლობაში, გარდა წიგნების კითხვისა, საზოგადოებისათვის სასარგებლო სხვა საქმითაც იყო დაკავებული:
ამ ექვსმა თვემ დამანახვა, რომ ცხოვრება ამით არ სრულდება და ყველაფერი შეიძლება ადამიანმა თავიდან დაიწყოს. თან ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ნასამართლეობა არ გვეწერება...

”ექვსი წიგნი უნდა წამეკითხა და ექვსივე წიგნის შინაარსი ფურცელზე დაწერილი უნდა წარმედგინა სოციალური მუშაკისათვის. წავიკითხე გოჩა მანველიძის ”მგლები”. ორი თვის განმავლობაში დავდიოდით სავანეში, მოხუცებთან. მათ მხედველობის პრობლემა ჰქონდათ და საეკლესიო წიგნებს ვუკითხავდით. გავიარეთ ორთვიანი კურსები ფსიქოლოგთან. ამ ექვსმა თვემ დამანახვა, რომ ცხოვრება ამით არ სრულდება და ყველაფერი შეიძლება ადამიანმა თავიდან დაიწყოს. თან ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ნასამართლეობა არ გვეწერება და სიცოცხლეში დაღი არ გვესმევა”, - ამბობს გიორგი.

„ერთი შანსის პროგრამა“ - ასე უწოდებენ პროგრამას, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატივას წარმოადგენს და იმ მოზარდების მიმართ გამოიყენება, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე დანაშაული. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა გასული წლის 15 ნოემბერს ამოქმედდა, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ექვსი ქალაქი მოიცვა და ასამდე მოზარდს მისცა შანსი, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის არ გასამართლებულიყვნენ. ამის სანაცვლოდ ისინი საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობებს ასრულებდნენ. როგორც საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ამბობს, იმ 84 მოზარდისგან, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არიდება მოხდა, განმეორებითი დანაშაული მხოლოდ ერთმა მათგანმა ჩაიდინა, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ პროექტის გაფართოებაზე დაიწყოს ზრუნვა.
2012 წელს პროგრამა პილოტური რეჟიმიდან გადავა მუშა და მოქმედ რეჟიმში და წლის ბოლომდე დავფარავთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს...

”გასული წლის განმავლობაში ჩვენ გვყავს უკვე ასამდე განრიდებული. 2012 წელს პროგრამა პილოტური რეჟიმიდან გადავა მუშა და მოქმედ რეჟიმში და წლის ბოლომდე დავფარავთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს”, - ამბობს დავით საყვარელიძე.

2010 წლის ივლისში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელთან ერთადაც ამოქმედდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების განრიდებისა და მედიაციის მექანიზმი.

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია იგი განარიდოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მხარეებთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არასრულწლოვანს დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან საზოგადოების მიმართ. რადიო თავისუფლებას იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა უამბო, თუ რა ტიპის სამუშაოების შესრულება უწევთ პროექტში ჩართულ მოზარდებს.

”მაგალითად, თუკი მოზარდმა მანქანის საქარე მინა ჩაამტვრია, მას შეიძლება მოუწიოს დაზარალებულის მანქანის გარეცხვა რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ გვყავს არასრულწლოვნები, რომლებიც საღამოობით საზოგადოებრივ ტრანსპორტს რეცხავენ. ასევე ჩვენ გვაქვს განრიდების პროგრამა ცივი იარაღის ტარებისთვის, რომლის ფარგლებშიც ბავშვები ერთვებიან ჯანსაღი ცხოვრების კურსებში და მიმდინარეობს მათთან ინდივიდუალური მუშაობა. მთელი ამ პროცესის მიზანია, საზოგადოებას დავუბრუნოთ არასრულწლოვანი, რომელიც არის კანონმორჩილი და დადებითი ღირებულებების მქონე პიროვნება”, - ამბობს ანდრო გიგაური.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მედიაცია. მისი მიზანია არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება, დანაშაულით გამოწვეული ემოციური თუ მატერიალური შედეგების გამოსწორება და სამართლიანობის აღდგენა. მედიაციაში ცენტრალურ როლს მედიატორი ასრულებს. ფიქოლოგი ანა ჟღენტი არასამთავრობო ორგანიზაცია ”საფარის” წარმომადგენელია და ის არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში სწორედ მედიატორის სტატუსით არის ჩართული. ის უკვე წლებია არასრულწლოვან დამნაშავეებს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. ამბობს, რომ სწორედ ეს ფაქტი აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ განრიდების პროგრამის ამოქმედებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა არასრულწლოვანთა დანაშაულის რიცხვის შემცირებასთან დაკავშირებით. ანა პროგრამაში ჩართული რვა მოზარდის საქმის მედიატორობას ახორციელებდა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე საკმაოდ ჭირს ხოლმე დაზარალებულებსა და დამნაშავეებს შორის შეთანხმების მიღწევა:
მუშაობამ არ უნდა შეუშალოს ბავშვს ხელი სწავლაში, არ უნდა იყოს რთული სამუშაო. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვმა გააცნობიეროს დანაშაული და დაინახოს იმის სამუშაო, ვისაც ზიანს აყენებს...

”დავუშვათ, თუკი ისეთი შემთხვევაა, რომ არასრულწლოვანმა რაიმე მოიპარა მაღაზიიდან, მაღაზიას, როგორც წესი, არ სურს, რომ ამ ბავშვმა იმუშაოს მაღაზიაში, როგორც მოხალისემ, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ ისეთი საქმით დავაკავოთ მოზარდი, რითაც აუნაზღაურებს დაზარალებულს ზარალს. გვქონდა ისეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთ დიდ კომპანიას ვთხოვეთ და დავაწყებინეთ მოზარდს ამ კომპანიაში მოხალისედ მუშაობა. რა თქმა უნდა, მუშაობამ არ უნდა შეუშალოს ბავშვს ხელი სწავლაში, არ უნდა იყოს რთული სამუშაო. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვმა გააცნობიეროს დანაშაული და გაეცნოს იმ საქმიანობას და დაინახოს იმის სამუშაო, ვისაც ზიანს აყენებს”, - ამბობს ანა ჟღენტი.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუკი არასრულწლოვანი არ გამოიყენებს მისთვის მიცემულ შანსს და დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს, სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის საქმეს კვლავ პროკურორს დაუბრუნებს. პროკურორი კი უფლებამისილია ხელახლა დაიწყოს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.
XS
SM
MD
LG