Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვანთა დანაშაული და სასჯელი


დღეიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში - არასრულწლოვანთა სასჯელისაგან განრიდების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ან დანაშაულის პირველად ჩამდენ არასრულწლოვანთა ნაწილის მიმართ პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმების გამოყენებას გულისხმობს. კერძოდ, ჩადენილი დანაშაულის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდის სანაცვლოდ, არასრულწლოვანი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ღონისძიებებში ჩაერთვება. არასრულწლოვანთა სასჯელისაგან განრიდების პროგრამა პილოტურია და, წარმატების შემთხვევაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის თანახმად, არასრულწლოვანი სასჯელს ციხის ნაცვლად თავისუფლებაში მოიხდის, ამ დროს კი მასზე ზედამხედველობას, პროკურორებისა და ციხის თანამშრომლების ნაცვლად, სოციალური მუშაკები და მედიატორები განახორციელებენ. ისინი, იმავდროულად, დაზარალებულსა და არასრულწლოვანს შორის ურთიერთობებს არეგულირებენ და დამნაშავის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს აკვირდებიან. მხარეთა შორის დიალოგის წარმოების ერთ-ერთი ეტაპია კონფერენცია, რომლის ორგანიზება მედიატორს ევალება. როგორც ერთ-ერთმა მედიატორმა, მაია ჯაშმა, განგვიმარტა, კონფერენციას, თავის მხრივ, გარდა უშუალოდ მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა ხელშეკრულების სახით გაფორმებისა, გარკვეულწილად, აღმზრდელობითი დანიშნულებაც აქვს:

”კონფერენციის ჩატარების დროს დაზარალებულმა მხარემ თავის განცდაზე უნდა თქვას, უნდა აღნიშნოს, რა ზიანი მიადგა მას ამით, რათა ბავშვმაც კარგად გააცნობიეროს, რა ავნო დაზარალებულს. ბავშვები იმას ხომ არ უკვირდებიან, რა ზიანი ადგება ადამიანს მათი ქმედებებით. ადამიანს ბავშვი დარჩა მშიერი, ან პენსიონერი დარჩა უფულოდ და უწამლოდ. ამაზეა აქცენტირებული, რომ არასრულწლოვანმა მის მიერ დაზარალებულის მდგომარეობა გაითავისოს”.

ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ახალი მექანიზმი, ეხება არასრულწლოვნებს და საშუალებას გვაძლევს, რომ შეცდომა არ გადაიქცეს საბედისწერო შეცდომად ...
დიალოგის ფარგლებში მოწყობილ კონფერენციაზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხარეთა შორის ფორმდება ხელშეკრულება. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ პროკურორი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს, არასრულწლოვანი კი იმ ვალდებულებების შესრულებას იწყებს, რომლებიც ხელშეკრულებით დაეკისრება.

”არასრულწლოვანი ვალდებულია, დაზარალებულის მიმართ განახორციელოს ქმედებები. კონკრეტული მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ: თუ, ვთქვათ, არასრულწლოვანმა ჩატეხა მანქანის შუშა, შეიძლება დაივალდებულოს თავი, რომ თვეში სამჯერ გარეცხოს ეს მანქანა, თუ, ვთქვათ, დაზარალებული ამის მომხრეა”, - ამბობს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური.

გასათვალისწინებელია შემთხვევაც, როცა დაზარალებული არც მორალურად და არც პრაქტიკულად არ არის მზად, ითანამშრომლოს არასრულწლოვანთან. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვნის ოჯახი ზარალს მაინც აანაზღაურებს, თავად არასრულწლოვანს კი საზოგადოებრივად საჭირო საქმიანობის შესრულება მაინც მოუწევს. დანაშაულის შემთხვევაში ხომ კანონი არა მარტო ერთი პირის, არამედ მთლიანად საზოგადოების მიმართ ირღვევა, - აღნიშნავს კავშირი ”საფარის” თავმჯდომარე და არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მედიატორი ნატო ზაზაშვილი, რომელსაც ასეთი მნიშვნელობის რეფორმა თავად არც კი ახსენდება:

”ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ახალი მექანიზმი, ეხება არასრულწლოვნებს და საშუალებას გვაძლევს, რომ შეცდომა არ გადაიქცეს საბედისწერო შეცდომად. მას ეძლევა შანსი, რომ გააცნობიეროს ის ქმედება, რაც ჩაიდინა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა აიღოს. პასუხისმგებლობის აღების პრობლემა, მე ვფიქრობ, ზოგადად საქართველოს საზოგადოებისთვის ძალიან აქტუალურია”.

სასჯელის განრიდების შანსი ამ პროექტით არასრულწლოვანს მხოლოდ ერთხელ ეძლევა, თუმცა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, დავით საყვარელიძის განმარტებით, პროგრამა, თავისი არსით, მოწოდებულია, საზოგადოებას სრულყოფილი მოქალაქე დაუბრუნდეს:

”არასრულწლოვნის მიერ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ასევე პირველად ნასამართლობის გათვალისწინებით, მოხდება მისი განრიდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ ექნება არავითარი ნასამართლობა, მას არ ექნება არავითარი პირობითი მსჯავრი”.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განრიდებას გულისხმობს, ჯერ მხოლოდ შევიდა ძალაში. რეფორმას ხელისუფლება ნულოვანი ტოლერანტობიდან ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკაზე გადასვლის ეტაპად, ერთ-ერთ ნაბიჯად განიხილავს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი აზუსტებენ, რომ სისხლის სამართლის წარმოების დროს არასრულწლოვნის ინტერესის გათვალისწინება საერთაშორისო რეკომენდაციაა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ გაითვალისწინა.
XS
SM
MD
LG