Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი სამხედრო საფრთხეებს მოქნილ თავდაცვით სტრატეგიას უპირისპირებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 4 იანვარს ქვეყნის ახალი თავდაცვითი სტრატეგიის პროექტი წარმოადგინა. ახალი სამხედრო დოქტრინის ძირითადი საფუძველია სახმელეთო ჯარების რაოდენობის შემცირება, „ორი ომის ერთდროულად წარმოების“ კონცეფციაზე უარის თქმა და აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაძლიერება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ამასთან, ზოგიერთი კატეგორიის საშტატო თანამდებობების შემცირებითა და სტრუქტურული ოპტიმიზაციით, 10 წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარით შეიკვეცება სამხედრო ხარჯები, თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, სამხედრო ხარჯების შემცირება არ მოხდება ამერიკის არმიის ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე.

ობამა უარს ამბობს ბუშის სამხედრო დოქტრინაზე

ამერიკის თავდაცვის სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტებად ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა კვლავ გლობალურ მოვლენებში მონაწილეობის შენარჩუნება და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე ფოკუსირება დაასახელა. ბარაკ ობამას თქმით, საბიუჯეტო სახსრების შეკვეცის მიუხედავად, გაგრძელდება ინვესტირება მნიშვნელოვან ალიანსებსა და პარტნიორობაში, მათ შორის - ნატოში. აშშ-ის პრეზიდენტმა 4 იანვარს პენტაგონში, სამხედრო უწყების ხელმძღვანელობასთან გამართულ წლის პირველ პრესკონფერენციაზე, ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ-ებს არა აქვს უფლება წარსულის შეცდომები გაიმეოროს:

მეორე მნიშვნელოვანი მოსაზრება არის ის, რაზეც პრეზიდენტმა საკუთარ კომენტარში მიანიშნა და რაც შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ დააზუსტა ...
„მე მოვუწოდე ჩატარებულიყო თავდაცვის სისტემის საფუძვლიანი განხილვა, რათა გაგვერკვია ჩვენი სტრატეგიული ინტერესები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, განგვესაზღვრა სტრატეგიული პრიორიტეტები და ხარჯები მომდევნო ათწლეულისათვის, რადგან ჩვენს სამხედრო სტრუქტურებსა და თავდაცვით ბიუჯეტს უნდა განსაზღვრავდეს სტრატეგია და სხვა არაფერი. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს ისტორიის გაკვეთილები. არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს წარსულის განმეორების უფლება. მეორე მსოფლიო ომის ანდა ვიეტნამის შემდეგ ჩვენი სამხედროები ცუდად მომზადებულნი აღმოჩნდნენ მომავლის შესახვედრად.“

პენტაგონის ახალი სტრატეგია უარს ამბობს ჯორჯ ბუშის დროს მიღებულ დოქტრინაზე, რომლის თანახმად აშშ-ების შეიარაღებულ ძალებს ევალებოდათ ერთბაშად ორი ომის წარმოება გეოგრაფიულად დაშორებულ ორ სხვადასხვა წერტილში. ამის ნაცვლად, ამერიკის არმიის წინაშე დგება მოთხოვნა გაიმარჯვოს ერთ ომში, ჩაფუშოს მოწინააღმდეგის უპირატესობა მსოფლიოს სხვა წერტილში, განავითაროს შესაძლებლობები ანტიტერორისტული და ჰუმანიტარული მისიების განსახორციელებლად. სწორედ ამაში ხედავს წარსულის მთავარ გაკვეთილს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე რუდი დელიონი, რომელიც ამჟამად ამერიკის პროგრესის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტია.

„მეორე მნიშვნელოვანი მოსაზრება არის ის, რაზეც პრეზიდენტმა საკუთარ კომენტარში მიანიშნა და რაც შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ დააზუსტა. ეს არის ის, რომ მეტი ყურადღება გამახვილდეს სამხედრო მიზნების მიღწევაზე და ნაკლები იმაზე, და საერთოდ შევცვალოთ მიდგომა იმ მოდელის მიმართ, როდესაც ქვეყნის ოკუპაციით მთავრდება 10 წლიანი სტაბილურობის ოპერაცია.“

რუდი დელიონის თქმით, მეორე არსებითი მომენტია სამხედრო ხარჯების დაზოგვა საკადრო და სტრუქტურული ოპტიმიზაციის გზით და გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი საშუალებების განსავითარებლად.

„პირველ რიგში, ორი ომისა და თავდაცვისთვის გამოყოფილი არსებითად ულიმიტო ბიუჯეტის მიუხედავად, კვლავაც არსებობს დიდი მოთხოვნა ბრძოლის ველზე მყოფი ჯარების ძირითადად ტექნოლოგიური უზრუნველყოფის თავლსაზრისით, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის საფრთხე, რასაც ერაყში მყოფი ჩვენი ჯარები აწყდებოდნენ.“

აშშ შემცირებული სამხედრო ხარჯებითაც ლიდერად რჩება

პენტაგონში 4 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამამ არაორაზროვნად მიანიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო ვერ დარჩება პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმ დროს, როდესაც მთავრობა ქამრის შემოჭერას ცდილობს. 2011 წელს უკვე შემცირდა დაახლოებით 30 მილიარდი დოლარით ამერიკის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება. შემდგომი 10 წლის განმავლობაში კი პენტაგონის დაფინანსება თანდათანობით სულ მცირე 450 მილიარდი დოლარით შემცირდება. თუმცა, როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ განაცხადა, ამ „მძიმე გადაწყვეტილებას“ კონგრესში წინააღმდეგობაც ელოდება:

აუცილებელია სათანადო ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ქვეყნის მძლავრი ეკონომიკური საფუძვლების ასაღორძინებლად ...
„ეკონომიას უნდა მივაღწიოთ დაბალანსებული მიდგომით, ყველა დეტალის, მათ შორის პოლიტიკურად მგრძნობიარე სფეროების გათვალისწინებით, რაც, დიდი ალბათობით, გააღიზიანებს კონგრესის წარმომადგენელ ოპოზიციურ პარტიებს, ოპონენტებს ინდუსტრიული და ლობისტური ჯგუფებიდან. ასეთი რამ ბუნებრივია რთული არჩევანის გაკეთებისას.“

მაგრამ იბადება შეკითხვა, როგორ აღიქვამენ საზღვარგარეთ აშშ-ის სამხედრო სტრატეგიაში მომხდარ ცვლილებას არა მხოლოდ ვაშინგტონის პარტნიორები, არამედ მოწინააღმდეგეებიც? ანდა რატომ გამახვილდა ყურადღება აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე, სადაც, ობამას თქმით, უნდა გაძლიერდეს ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფნა? ამ შეკითხვით ჩვენმა რადიომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რუდი დელიონს მიმართა.

„აუცილებელია სათანადო ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ქვეყნის მძლავრი ეკონომიკური საფუძვლების ასაღორძინებლად, ეკონომიკური სიძლიერე კი ყოველთვის წარმოადგენდა საფუძველს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისათვის. ხოლო რაც შეეხება აშშ-ის მტრებს, ბინ ლადენისა თუ სხვა ტერორისტების წინააღმდეგ განხორციელებული საბრძოლო ოპერაცია აჩვენებს, თუ როგორი მრისხანეა აშშ-ის სამხედრო ძალა. ასე რომ, ყველა, ვისაც სურს ზიანი მიაყენოს ამერიკას, ამერიკის არმიის ქალებსა და მამაკაცებს, ნამდვილად მოუწევთ ორჯერ დაფიქრდნენ, ვიდრე ასეთ ქმედებებს მიმართავდნენ.“

აშშ-ის თავდაცვითი სტრატეგიის რევიზია ყოფილი თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მას დაუსვა ამოცანა - 400 მილიარდ დოლარამდე ისე შეემცირებინა სამხედრო ხარჯები, რომ ზარალი არ მისდგომოდა ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს. ეს ასეც იქნება, აცხადებს ბარაკ ობამა და პირობას დებს, რომ ამერიკა დარჩება ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალის მქონე ქვეყნად. უხეში გათვლებითაც კი, - ობამას თქმით, - აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ერთად აღებული დანარჩენი 10 ქვეყნისა, რომლებიც აშშ-ის შემდეგ მოდიან მსოფლიო რეიტინგში სამხედრო დანახარჯების სიდიდით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG