Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართუ ჯგუფი” დიპლომატებს თანადგომას სთხოვს


”ქართუ ჯგუფი” საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მისი საქმიანობის ყველა მიმართულებით მონიტორინგის განხორციელებას სთხოვს. უფრო ზუსტად კი, ჯგუფი საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდებს თვალი ადევნონ არა მარტო ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების დინამიკას, არამედ ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა ”ქართუ ჯგუფის“ საქველმოქმედო საქმიანობა და მისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლა, ”ბანკი ქართუს” სრულფასოვანი ფუნქციონირების პრობლემები, ”ქართუ ჯგუფის” კუთვნილი ტვირთების შეფერხება საბაჟო ტერმინალებზე და სხვ. 6 იანვარს ”ქართუ ჯგუფის” წარმომადგენლებმა დიპლომატებს სწორედ ამ უკანასკნელი პრობლემის არსი გააცნეს.
ხდება რაღაც ნიშნით გამორჩევა ჩვენი კომპანიებისა და ხორციელდება ზეწოლა, რომელიც შეიძლება ”ქართუ ჯგუფის” დამფუძნებლის პოლიტიკურ განცხადებასთან დავაკავშიროთ ...

პრობლემა კი გულისხმობს, ერთი მხრივ, ”ქართუ ჯგუფის” ტვირთების საბაჟოზე გაფორმების დაყოვნებას, მეორე მხრივ კი, ტვირთების დაზიანებას. ”ქართუ ჯგუფის” საბაჟო სამსახურის უფროსის ვლადიმერ ხუნდაძის განმარტებით, ჯგუფში შემავალი კომპანიების სახელზე შემოსული ტვირთების კონტროლი გამკაცრებულია, რაც გამოიხატება იმით, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში კომპანიის კუთვნილი ყველა ტვირთი ხვდება ეგრეთ წოდებულ ”წითელ დერეფანში”, ანუ გადის დეტალურ დათვალიერებას:

”წინა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ალბათობა იმისა, რომ ჩვენი კომპანიის სახელზე შემოსული ტვირთები მოხვედრილიყო „წითელ დერეფანში“, იყო 5-10% სულ და მეტი არა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხდება რაღაც ნიშნით გამორჩევა ჩვენი კომპანიებისა და ხორციელდება ზეწოლა, რომელიც შეიძლება ”ქართუ ჯგუფის” დამფუძნებლის პოლიტიკურ განცხადებასთან დავაკავშიროთ.”
აქცენტი აქვთ გაკეთებული ტელეაუდიო, ვიდეოაპარატურის დაზიანებაზე, რომლებიც ჩვენ ჩვენი კონკრეტული პროექტებისთვის შემოგვაქვს ...

”ქართუ ჯგუფის” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის 2 თვის განმავლობაში, ვლადიმერ ხუნდაძის განმარტებით, სულ შემოსულია 100 ტვირთი, რომელთა შორის დაზიანებულია 11. ”ქართუ ჯგუფის” შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის გიორგი ლილუაშვილის თქმით, თავიდან ტვირთის მექანიკურ დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ბოლო დროს კი გაჩნდა ეჭვი, რომ ტაქტიკა შეიცვალა და, მაგალითად, ამა თუ იმ ნივთის მიკროსქემების დაწვა სპეციალური მოწყობილობების საშუალებით ხორციელდება:

”აქცენტი აქვთ გაკეთებული ტელეაუდიო, ვიდეოაპარატურის დაზიანებაზე, რომლებიც ჩვენ ჩვენი კონკრეტული პროექტებისთვის შემოგვაქვს, განკუთვნილია კონკრეტული პროექტებისთვის. ეს ტექნიკა, მაგათი აზრით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგიტაციისთვის. ჩვენ ამ დასკვნის საშუალება უკანასკნელ ხანს განვითარებულმა მოვლენებმა მოგვცა.”

სასამართლოში თავისთავად ცხადია, რომ დავა იქნება, თუმცა ჯერ ფორმალურად ეს ეტაპი შორს არის, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ სადაზღვევო კომპანიებთან უნდა გავარკვიოთ ურთიერთობები ...
გიორგი ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ დაზიანებებისა და, შესაბამისად, ზარალის დათვლა გრძელდება, ამ დროისათვის კი მისი ოდენობა ნახევარ მილიონ დოლარს აღწევს. მისი თქმით, “ქართუ ჯგუფის” ტვირთის გაფორმებას ზოგჯერ 2-3 კვირა სჭირდება, მაშინ როდესაც ამ პროცედურისათვის საჭირო მაქსიმალურ დროდ ზოგადად 2 საათია მიჩნეული. შემოსავლების სამსახურში ”ქართუ ჯგუფის” ბრალდებებზე, სამწუხაროდ, კომენტარი ვერ მოვიპოვეთ. თავად ჯგუფში კი აღნიშნავენ, რომ ერთია ზარალი და მეორე - საქმიანობაში ხელის შეშლა, რაზეც ”ქართუ ჯგუფი” უახლოეს მომავალში სასამართლოსაც მიმართავს. თუმცა ამ ჯგუფის იურისტის, ალა კახნიაურის განმარტებით, მტკიცებულებების შეგროვება სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან ჯგუფს საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლა შეუზღუდეს და მის წარმომადგენლებს საბაჟო პროცედურების არც ერთ ეტაპზე ტვირთების დათვალიერებისა და მით უფრო ექსპერტიზის უფლება არ აქვთ. სასამართლოსათვის მიმართვის კიდევ ერთ პირობაზე ყურადღებას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, ამახვილებს:

”სასამართლოში თავისთავად ცხადია, რომ დავა იქნება, თუმცა ჯერ ფორმალურად ეს ეტაპი შორს არის, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ სადაზღვევო კომპანიებთან უნდა გავარკვიოთ ურთიერთობები. პრობლემებს არ ქმნიან ისინი, ანაზღაურებენ, მაგრამ პირდაპირ ვერ მიდიხარ სასამართლოში ასეთი დავების დროს. სიტყვაზე, საჩხერის საავადმყოფოში რაც მოდის, ეს არის თებერვალში დადებული, მარტში დადებული კონტრაქტი. მაშინ ხომ არავის უფიქრია, რომ ეს ტვირთი დაზიანებული იქნებოდა, ამიტომ ეს დაზღვევები არ დევს იმ კონტრაქტებში.”

”ქართუ ჯგუფის” ლოჯისტიკის სამსახურის მონაცემებით კი, ჯგუფის კუთვნილი საერთაშორისო ტვირთების რაოდენობა ბოლო ხანს - იგულისხმება საანგარიშოდ ქცეული უკანასკნელი ორი თვე - არ გაზრდილა. ჯგუფი, მთლიანობაში, 55 საქველმოქმედო პროექტის განხორციელებაშია ჩართული. მათ რიცხვშია საჩხერის საავადმყოფო, დასავლეთ საქართველოს ტურისტული ინფრაქსტრუქტურის პროექტი, ოპერის თეატრის რეაბილიტაციის პროექტი და სხვ. ”ქართუ ჯგუფში” შიშობენ, რომ პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის ცვლილებების შემდეგ მათი საქველმოქმედო საქმიანობაც შეფერხდება. მომავალი შეხვედრა კი დიპლომატიურ კორპუსთან საგნობრივად სწორედ ამ საკითხის განხლვას დაეთმობა.
XS
SM
MD
LG