სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც კანონს ერთგვარ უკუძალას ანიჭებდა, გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში შეიცვალა, - ამის შესახებ, “ინტერპრესნიუსს” “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა. თავიდან, დღეს, “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სააგენტოს ცნობით, წაიკითხავდით, რომ ...“სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან...“. ეს ფრაზა, დღის მეორე ნახევარში, შეიცვალა წინადადებით, ...“პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან“... “საკანონმდებლო მაცნეში” განხორციელებულ ცვლილებას პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა. როგორც მან “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ეს არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ უგუნური ქმედება გამოასწოროს. “ეს არის ფაქტი ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა და ხელისუფლების ექსტრემიზმისა”, – განაცხადა ჩიქოვანმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ არა მარტო გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსი შეცვალა, არამედ მისი გამოქვეყნების თარიღიც. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები 29 დეკემბერს გამოქვეყნდა, რაც მის ძალაში შესვლასაც ნიშნავს, თუმცა, “საკანონმდებლო მაცნეში” უკვე ახლა, ცვლილებების გამოქვეყნების თარიღად გუშინდელი დღე – 28 დეკემბერია მითითებული.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1