Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე-3 სექტორი პარლამენტს ”გონივრულობისკენ” მოუწოდებს


არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა ეხება ცვლილებებს, რომლებსაც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული სამი კანონპროექტი ასახავს. საუბარია "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ საქართველოს კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხსენებული პროექტები ასახავენ არაერთ ზედმეტად მკაცრ და ”არაგონივრულ” შეზღუდვას, რაც, სხვათა შორის, გამოხატვის თავისუფლებასაც ხელყოფს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და არ დაუშვას დაუბალანსებელი და ტენდენციური ნორმების ამოქმედება, რისი საფრთხეც, მესამე სექტორის წარმომადგენელთა აზრით, აშკარად დევს განსახილველი კანონპროექტების ამ ეტაპზე არსებულ ვერსიებში.

არასამთავრობო ორგანიზაციას დაუწესდება ისეთივე შეზღუდვები, როგორიც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, და ეს ჩვენთვის მიუღებელია ...
პარლამენტისადმი მოწოდების შემცველ ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და კოალიცია ”არჩევანის თავისუფლება”. განცხადების ტექსტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიას 26 დეკემბერს სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნეს და იქვე გამოთქვეს მეტად არასახარბიელო ვარაუდი, რომ, ”ცვლილებათა დაკანონების შემთხვევაში, შესაძლოა საფრთხე შეექმნათ თავად ამომრჩევლებს, შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და არაპროპორციულად გამკაცრდეს კერძო სექტორისათვის დაწესებული შეზღუდვები”.

არასამთავრობო სექტორი არაგონივრულად მიიჩნევს კანონპროექტში ჩადებულ ნორმას, რომლის მიხედვითაც ”პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე გავრცელდება იმ იურიდიულ პირზე (მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციაზე, ბიზნესკომპანიასა თუ რელიგიურ ორგანიზაციაზე), რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების თაობაზე.”

გავიხსენოთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით პარტიების დაფინანსება ეკრძალებათ იურიდიულ პირებს, ხოლო ფიზიკური პირისაგან ესა თუ ის პარტია შემოწირულებას მიიღებს წელიწადში მაქსიმუმ 60 ათასი ლარის ოდენობით. პოლიტიკური პარტია ანგარიშვალდებული იქნება კონტროლის პალატის წინაშე და მას აეკრძალება ბანკისაგან შეღავათიანი კრედიტის მიღება.

”თუ რომელიმე, ვთქვათ, ჩვენნაირი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თავის ორგანიზაციაში მოუწოდებს თავის თანამშრომლებს, რომ მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ პარტიას, ასეთ შემთხვევაში ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციას დაუწესდება ისეთივე შეზღუდვები, როგორიც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, და ეს ჩვენთვის მიუღებელია”, - განაცხდა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორმა ნინა ხატისკაცმა 26 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. კოლეგების მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ ხსენებული შეზღუდვები ”საფრთხეს უქმნის იურიდიული პირების და მოქალაქეების თავისუფალ საქმიანობას და სახელმწიფოს აძლევს მათი კონტროლის განუზომელ შესაძლებლობას”.

ხოლო როგორც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა 26 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული მოწოდებების შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლებას ხელყოფს:

წარმოდგენილი ცვლილებებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები დგება მხოლოდ კერძო პირების და პარტიების მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის და შესაბამისი სანქციები დაწესებული არ არის ...
”მოწოდება ჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში და არ შეიძლება, რომ ვიღაცის მხრიდან აზრის დაფიქსირება გახდეს კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის შეზღუდვების დაწესების საფუძველი. ვფიქრობთ, რომ ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას.”

კოლეგების მსგავსად, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარიაც ”ზედმეტად მკაცრსა და არაგონივრულს” უწოდებს, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსისთვის გამიზნულ ცვლილებებს, რომლებიც ”ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის ” თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება ის ამომრჩეველი, რომელიც მისგან ფულს, სხვა ქონებას ან მომსახურებას მიიღებს. მაგალითად, თუ ამომრჩეველს პარტია დაუფინანსებს გარკვეული სახის სამედიცინო მომსახურებას, ამ ამომრჩეველს ემუქრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით. ამასთან, როგორც ნინო ლომჯარია აღნიშნავს, კანონპროექტი პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს საჯარო მოხელეებს და სულაც არ ითვალისწინებს მათ დასჯას:

”წარმოდგენილი ცვლილებებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები დგება მხოლოდ კერძო პირების და პარტიების მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის და შესაბამისი სანქციები დაწესებული არ არის, მაგალითად, საჯარო მოხელის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების ან თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით.”

ამ და სხვა არაერთი სადავო ნორმის განსახილველად პრესკონფერენციის შემდეგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტში გადაინაცვლეს. რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება მე-3 სექტორის შენიშვნებს, ეს, სავარაუდოდ, 27 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, სადავო კანონპროექტები დეპუტატებმა სწორედ სამშაბათის სხდომაზე უნდა დაამტკიცონ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG