1991 წლის 22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო ეგრეთ წოდებული „თბილისის ომი“, რომელმაც 15 დღე გასტანა და, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
შეიარაღებული დაპირისპირება 1991 წლის 22 დეკემბერს დილის რვის ნახევრზე დაიწყო. მაუგლი ჩხიკვაძე, წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი და ოცი წლის წინანდელი მოვლენების აქტიური მონაწილე, ამბობს, რომ იერიშის დაწყების დროს პრეზიდენტ გამსახურდიას სხვა მომხრეებთან ერთად პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა:
2 დეკემბერს დაიწყო კრემლიდან ინსპირირებული შეიარაღებული პუტჩი, რასაც შედეგად კანონიერი ხელისუფლების დამხობა მოჰყვა...
„ზუსტად აქ ვიდექი მაშინ, როცა პირველად გაისროლეს. ზარბაზნიდან ესროლეს ამ შენობას და იქიდან ასხლეტილი ნამსხვრევები მოხვდა ჩემს მეგობარს აჩიკო რამიშვილს, რომელიც მაშინვე გარდაიცვალა. მე შემთხვევით გადავრჩი და შევედი მთავრობის სასახლეში. დაიწყო სასწაული შტურმი.“
მაუგლი ჩხიკვაძე და წმინდა ილია მართლის საზოგადოების სხვა წევრები ოცი წლის წინ, 22 დეკემბერს დაწყებული ტრაგიკული მოვლენების გასახსენებლად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, შეიკრიბნენ. გია ჩხიკვაძე, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ წევრი და ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ამბობს:
„22 დეკემბერს დაიწყო კრემლიდან ინსპირირებული შეიარაღებული პუტჩი, რასაც შედეგად კანონიერი ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. ამ დღის აღსანიშნავად ჩვენ ყოველ წელს ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ ბრძოლაში დაღუპულ ჩვენს მეგობრებს.“
20 წლის წინ ხელისუფლება და ოპოზიცია შეიარაღებული დაპირისპირებისკენ თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიდიოდნენ. ვითარება დაიძაბა პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუას გადადგომისა და პრეზიდენტის მიერ ეგრეთ წოდებული გეკაჩეპეს პუტჩის დროს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობის გაუქმების შემდეგ. გვარდიის დიდი ნაწილი, დაახლოებით 15 ათასი კაცი, თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა.
თენგიზ კიტოვანი: „გადაეცით, რომ მე იარაღს არ დავყრი. დედას ვუტირებ მე მაგას, იცოდეთ. ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ მე ცოცხალი ვარ და ერთი გვარდიელი მაინც იქნება, სისხლს ამოვუღებ.“
თენგიზ კიტოვანი და ოპოზიციის სხვა ლიდერები პრეზიდენტ გამსახურდიას არადემოკრატიული მმართველობის, გეკაჩეპესადმი ლოიალობისა და პროტექციონისტული საკადრო პოლიტიკის გამო საყვედურობდნენ, თუმცა, ვიდრე საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდოდა, ხელისუფლებამ 2 სექტემბერს დაარბია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიტინგი, ხოლო 4 ოქტომბერს თბილისის ზღვაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის პირველი შეტაკება მოხდა. აკაკი ასათიანი, უზენაესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე, სინანულით ამბობს, რომ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა:
ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკება 22 დეკემბრის შემდეგაც სცადეს, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიცია ზვიად გამსახურდიასგან ჯერ თბილისის დატოვებას და ბათუმში წასვლას, შემდეგ კი გადადგომას ითხოვდა. მთავრობის სასახლის დატოვებამდე პოზიცია არც პრეზიდენტს შეუცვლია.
მე არ ვიტყოდი, რომ ეს ომი იყო, იმიტომ რომ იმისათვის, რომ ვისაუბროთ ომზე, საჭიროა ერთ მხარეზე - მეომარი პარტიის მხარეზე -იყოს მინიმუმ 20 პროცენტი მოსახლეობისა ...
ზვიად გამსახურდია: „რაც არ უნდა დაირქვან მათ, გინდ დემოკრატიული ოპოზიცია, გინდ ანგელოზების ფრთებგამობმული ოპოზიცია, ყველამ იცის, რომ ისინი მკვლელები არიან, მოღალატეები და გამყიდველები არიან...“
დაპირისპირებულმა მხარეებმა პოზიციების შეჯერება ვერც მოგვიანებით შეძლეს. მაშინდელი ოპოზიციის მტკიცებით, 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული მოვლენები იყო აჯანყება და ხალხის მიერ წარმოებული ომი, რასაც არ ეთანხმება ექსპერტთა და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია პირველი პრეზიდენტის ვაჟის კონსტანტინე გამსახურდიას შეფასება:
„მე არ ვიტყოდი, რომ ეს ომი იყო, იმიტომ რომ იმისათვის, რომ ვისაუბროთ ომზე, საჭიროა ერთ მხარეზე - მეომარი პარტიის მხარეზე -იყოს მინიმუმ 20 პროცენტი მოსახლეობისა. ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება, რამაც შედეგად მოიტანა თბილისის ცენტრის დანგრევა, საქართველოს არაერთი პროვინციის აოხრება, უმძიმესი კვალი დაამჩნია საქართველოს ისტორიას, რის შედეგებსაც დღესაც ვიმკით...“
1991-1992 წლის მოვლენები დაგმო საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით, რომლის შინაარსი პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას გია ჩხიკვაძემ შეახსენა:
„დაიგმოს 1991-92 წწ. დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალება. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მაჭავარიანი. ეს არის დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლებისაგანა უმაღლესი პოლიტიკური შეფასება, მაგრამ უბედურება ის არის, რომ დადგენილება ფურცელზეა მხოლოდ და ფაქტობრივი რეჟიმი არაფერს არ აკეთებს რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.“
რეალური ნაბიჯების გადადგმაში წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე დამნაშავეების დასჯასა და, მისი სიტყვებით, კანონიერი ხელისუფლების აღდგენას გულისხმობს.