Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში სასწრაფოდ ჩავიდა მედვედევის წარმომადგენელი


ცხინვალში, მთავრობის სახლთან, კვლავ შეკრებილნი არიან პრეზიდენტობის კანდიდატ ალა ჯიოევას მომხრეები. ისინი მანამ არ აპირებენ დაშლას, ვიდრე თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი არ აღიარებს მეორე ტურის შედეგებს, რომელიც უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა. ცხინვალში სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ვითარების განსამუხტავად იქ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი საგანგებო წარმომადგენელი გაგზავნა. უკანასკნელი ცნობები ცხინვალიდან ტელეფონით მოგვაწოდა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა მურად გუკემუხოვმა.

მურად გუკემუხოვი: სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად ვლადიკავკაზიდან სამხრეთ ოსეთში გამოემგზავრა სერგეი ვინოკუროვი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. ამის შემდეგ ალა ჯიოევასა და ბარანკევიჩის მომხრეებმა გადაწყვიტეს წასულიყვნენ სახლში, მაგრამ ხალხი არ იშლება. მათი უმრავლესობა რჩება მთავრობის სახლთან და აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტონ საპროტესტო აქციები, რადგან მათ მოატყუებენ. მე მივაქციე ყურადღება, რომ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ ლაპარაკობს ღია დაპირისპირებაზე და ეს გამორიცხულია. პრეზიდენტი კოკოითი გამოვიდა განცხადებით, რომ ძალისმიერი სამინისტროები არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებენ ძალას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, თუმცა დასძინა, რომ უკანონო მოქმედებას სჩადის მხოლოდ ერთი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც პასუხს აგებენ კანონის წინაშე.

რადიო თავისუფლება: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არ ჩაერევა ცხინვალის შიდა საქმეებში, რაც ძნელი დასაჯერებელია თუნდაც იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. თქვენ რას ფიქრობთ, მურად, ერევა თუ არა მოსკოვი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩევნებში?

მურად გუკემუხოვი: მოსკოვი გზადაგზა ერევა, რადგან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ჩამოსვლა - ეს, ალბათ, არის მოსკოვის ჩარევა. და ის ფაქტი, რომ სერგეი ვინოკუროვი საღამოს ვლადიკავკაზიდან მოდის ცხინვალში, ეს უკვე ლაპარაკობს მოსკოვის მეყსეულ რეაქციასა და მის შეშფოთებაზე. ამ დროისათვის სერგეი ვინოკუროვი იმყოფება ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის მე-4 ბაზის ტერიტორიაზე და ცდილობს შუამავლის როლი შეასრულოს ცხინვალის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. კრემლის წარმომადგენლის ჩასვლას მიესალმებიან სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბრლიკის ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა, ისინი ამბობენ, რომ არ მიიღებენ ისეთ შეთავაზებას, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა ოპოზიციას შესთავაზოს კომპრომისული წინადადება - ედუარდ კოკოითის გადადგომა და საპრაზიდენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება.
XS
SM
MD
LG