Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვითარება იძაბება


ცხინვალიდან გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ აცამაზ ბიჩენოვმა ალა ჯიოევას შესთავაზა, სასამართლოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ შესაგებებელი სარჩელით მიმართონ. ჯიოევასთან შეხვედრისას ბიჩინოვმა განმარტა, რომ ასეთ სარჩელს დადებითი გადაწყვეტილების შანსი აქვს. ოპოზიცია ამ წინადადებას არ თანხმდება, რადგან მიიჩნევს, რომ კოკოითის ხელისუფლება დროის გაყვანის ტაქტიკას იყენებს. ცხინვალის ქუჩებში შეკრებილები კი დაშლას არ აპირებენ.

ალა ჯიოევამ ედუარდ კოკოითის ულტიმატუმი წაუყენა, რომ დღესვე გააუქმოს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება არჩევნების ბათილად გამოცხადების შესახებ და მისი გამარჯვება აღიაროს. დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატები კოკოითის რამდენიმე საათის წინ შეხვდნენ. იმ შემთხვევაში თუ კოკოითი ოპოზიციის მოთხოვნებს დათანხმდა, მას და მისი ოჯახის წევრებს უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ. ჯიოევას განცხადებით კოკოითიმ მოფიქრებისთვის ორი დღე მოითხოვა, მაგრამ ოპოზიაციამ მას გადაწყვეტილების მიღება დღის ბოლომდე მოსთხოვა. ამ დრომდე ცხინვალში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. დღეს ცხინვალის ცენტრში სროლის ხმა ისმოდა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. ალა ჯიოევას მომხრეებმა მთავრობის სახლში შეჭრა სცადეს და ჰაერში ცეცხლის გახსნა ამას მოჰყვა. სროლის შედეგად დაზარალებულები არ არიან.

დღეს დილით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანიდადტმა ალა ჯიოევამ თავი დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად გამოაცხადა. ჯიოევამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რო შეიქმნა სახელმწიფო საბჭო, რომელიც ხელისუფლების "ლეგიტიმური ორგანოების" შექმნამდე იმუშავებს. 10-კაციან სახელმწიფო საბჭოში ეგრეთწოდებული პრეზიდენტობის 6 ყოფილი კანდიდატი და ჯიოევას ნდობით აღჭურვილი პირები შევიდნენ.

კოკოითის ხელისუფლება "ფერადი რევოლუციის" საფრთხეზე საუბრობს. ამ თემაზე დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემრულებელმა ელდარ კოკოევმა რუსულ მედიასთან ისაუბრა. კოკოევის თქმით, ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მათ შორის ოპოზიციონერ ალა ჯიოევას ამგვარი ქმედება აღიკვეთება. მისივე შეფასებით, ალა ჯიოევა სამართლებრივ ველს გასცდა და ეს ყველაფერი "ფერადი რევოლუციის" სცენარს ჰგავს.

ამ განცხადებას ჯიოევამ პროვოკაციული უწოდა. რუსულ სააგენტოებთან საუბარში მან განაცხადა, რომ არანაირ ფერად რევოლუციას არ გეგმავს და გაუგებარია მისთვის პროკურატურის განცხადება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მოუწოდა მომხრეებს, კანონიერი გზებით იბრძოლონ მოპოვებული გამარჯვების დასაცავად.

კოკოითი ადგილობრივი ტელევიზიით გამოვიდა და მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით მინიჭებული რადიკალური ზომების გამოყენებით დაიმუქრა.

ჯიოევას მომხრეები დაშლას არ აპირებენ, ვიდრე კოკოითის ხელისუფლება უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გააუქმებს და ალა ჯიოევას გამარჯვებას არ აღიარებს. რუსული სააგენტოების ცნობით, ჯიოევა შესაგებებელი სარჩელის შეტანას არ აპირებს და არჩევნების შედეგების აღიარებას ითხოვს. ცოტა ხნის წინ ჯიოევას შტაბთან დაკავშირება მოვახერხეთ. მათი წარმოამდეგნლის ელინა მარზოევას განცხადებით თუ დღეს კოკოითის ხელისუფლება ჯიოევას გამარჯვებას არ აღიარებს, ხვალიდან საპროტესტო აქციები უკვე ვლადიკავკაზშიც დაიწყება.
XS
SM
MD
LG