Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო სიების დამდგენმა კომისიამ არსებობა დაიწყო


საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიის პირველი სხდომის შედეგად კომისიას თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი ჰყავს. ცესკოში ჩატარებულ სხდომაზე გადაწყდა, რომ კომისიას „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლაშა მელაძე იქნება, ხოლო კომისიის მდივანი - არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ცენტრის“ წარმომადგენელი ბადრი ინაური. კომისიამ 2012 წლის 1 ივლისამდე საარჩევნო სიის ფორმირება უნდა დაასრულოს, მანამდე კი დებულება შეიმუშაოს. კომისიაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ამომრჩეველთა სია იდეალური არა, მაგრამ კარგი იქნება. ამ პასუხისმგებლობას კომისიაში შემავალი ყველა წევრი არ იზიარებს, კომისიის გარეთ არსებული ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი კომისიის მუშაობის უშედეგო დასასრულზე საუბრობს.
ყოველთვის ვსვამდი ამ კითხვას: ამ სამი თვის განმავლობაში სად იქნება ეს სია, ვის ექნება ის და ვინ იქნება მასზე პასუხისმგებელი ...

საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიის პირველივე სხდომაზე, მას შემდეგ, რაც თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი აირჩიეს, გაჩნდა კითხვა, რა ბედი ელის სიას, რომელსაც კომისია დადებს დაახლოებით რვათვიანი მუშაობის შედეგად. ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია კახა კახიშვილისთვის - ის არის თავმჯდომარე კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციისა „არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრი“. კახა კახიშვილის სიტყვებით, კომისიამ საარჩევნო სიები 2012 წლის 1 ივლისისთვის უნდა დადოს, არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში ტარდება. სწორედ ამიტომ ის ვერ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, თუ რა ბედი ელის სიას ამ სამთვიან მონაკვეთში:

”ყოველთვის ვსვამდი ამ კითხვას: ამ სამი თვის განმავლობაში სად იქნება ეს სია, ვის ექნება ის და ვინ იქნება მასზე პასუხისმგებელი, იმიტომ რომ სამი თვე ძალიან დიდი მონაკვეთია იმისათვის, რომ სიაში განხორციელდეს ისეთი სახის ცვლილებები, რომელიც, ფაქტობრივად, შეცვლის მთლიან მონაცემთა ბაზას.”

კახა კახიშვილის ამ კითხვაზე პასუხი აქვს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს, რომელიც დღეს საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიის პირველ სხდომას ესწრებოდა. ის ამბობს, რომ სია ცესკოს გადაეცემა, თუმცა მასზე მონიტორინგს ისევ კომისია გასწევს:
მე მაქვს სურვილი, მე მაქვს მიზანი და, თუ გნებავთ, ამბიცია, რომ საქართველოში ამომრჩეველთა ერთიანი სია იყოს კარგი სია ...

” რაც შეეხება იმ პერიოდს, როდესაც ეს კომისია სიაზე მუშაობას დაასრულებს, ვიდრე არჩევნებამდე, ამ შუალედში, რა თქმა უნდა, კომისიას ექნება მონიტორინგის ფუნქცია ყველა იმ ცვლილებაზე, რომელიც შესაძლოა ცესკოს მეშვეობით შევიდეს ამ სიაში. აქვე მინდა ვთქვა: საარჩევნო კოდექსთან ერთად, რომლის განხილვაც მოხდება დეკემბერში, განიხილება ზოგადად საკითხი, რომ სიების შექმნა მომავალშიც მოხდეს იმავე პრინციპით და, შესაბამისად, ეს ან ამ ტიპის სხვა კომისია იყოს მუდმივმოქმედი და, აქედან გამომდინარე, მას გადაეცეს სრულად სიების ფორმირების საკითხი.”

თავად კომისიის ახლად არჩეული თავმჯდომარე მამუკა კაციტაძეც ირწმუნება, რომ სიებთან ცესკოს მარტოს არ დატოვებს და აქტიურად იმუშავებს მასთან ერთად, კომისიის მუშაობის შედეგად კი, მამუკა კაციტაძის განცხადებით, იდეალური არა, მაგრამ სარწმუნო და კარგი სია დაიდება:

”მე მაქვს სურვილი, მე მაქვს მიზანი და, თუ გნებავთ, ამბიცია, რომ საქართველოში ამომრჩეველთა ერთიანი სია იყოს კარგი სია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის.”

კომისიაში შემავალი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი გიორგი გოგნიაშვილი სიების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა დასძენს, რომ კომისიის მუშაობას ხელისუფლებამ არ უნდა შეუშალოს ხელი:

” ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზე - ის რამდენად შეგვიწყოფს ხელს, რათა ჩვენი უფლებამოსილება სრულად განვახორციელოთ. თუ ჩვენ ხელშეშლა არ გვექნა, ფორმატი მუშაობის საშუალებას იძლევა.”

კომისიის ქმედობაუნარიანობაში ეჭვი ეპარება მასში არშემავალი პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს ირაკლი ჩიქოვანს. ის კომისიას უშედეგობისთვის განწირულს უწოდებს, ვინაიდან, მისი შეფასებით, კომისია სიის სიზუსტეზე პასუხისმგებელი ვერ იქნება:
გარანტია იმისა, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგად ჩვენ მივიღებთ სუფთა სიას, უბრალოდ, არ არსებობს და ვერც იარსებებს ...

” ეს მხოლოდ და მხოლოდ მორიგი არჩევნების წინ ჩატარებული გარკვეული ვარჯიშია, რომლითაც სხვადასხვა პარტიები ასაქმებენ საკუთარ აქტივს და საარჩევნო სიების გამოსწორებას ისინი ვერ მოახდენენ.”

ირაკლი ჩიქოვანის მსგავსად, კომისიის მუშაობის შედეგის წარმატებულობას ეჭვქვეშ აყენებს რესპუბლიკური პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძე. ის ამბობს, რომ შეიძლება კომისიამ სიის მხოლოდ მცირედით გაუმჯობესება შეძლოს:

”გარანტია იმისა, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგად ჩვენ მივიღებთ სუფთა სიას, უბრალოდ, არ არსებობს და ვერც იარსებებს. შეიძლება ცოტათი გაუმჯობესდეს სიები, მაგრამ თქმა იმისა, რომ ჩვენ გვექნება კარგი სია, ნამდვილად არ შემიძლია. ”

საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიის მომდევნო სხდომა 21 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. სანამ კომისიას სხდომების გამართვისთვის საკუთარი ფართი ექნება, ის ცესკოში ჩატარდება. დღევანდელ - 17 ოქტომბრის - სხდომაზე კომისიის დებულების ტექსტზე მომუშავე ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც ორშაბათამდე აქტიურად იმუშავებს. მხოლოდ დებულების შემუშავების შემდეგ დაიწყებს კომისია აქტიურ საქმიანობას.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG