Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირგვლიანის საქმე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში


სანდრო გირგვლიანის ხმაურიანი საქმე აქტუალურობას არ კარგავს და ამჯერად მან უკვე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში გადაინაცვლა. ეს სწორედ ის ორგანოა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას უწევს ზედამხედველობას. რამდენად დიდია ალბათობა, რომ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, საქართველოს სახელმწიფოს გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიება მოუწევს?

საქმეს, სახელწოდებით ”ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”, იოლად მოძებნით აღსასრულებელ საქმეთა ნუსხაში, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. დაახლოებით ერთი თვის ვადაში მინისტრთა კომიტეტი საქმეს დაარეგისტრირებს და, ამავე დროს, შეარჩევს, თუ რომელი პროცედურით შეუდგება სტრასბურგის სასამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზრუნვას. გზა ორია - მარტივი ან არასტანდარტული პროცედურა.
ჩვენი მხრიდან გამორიცხულია გამოძიების ხელახლა დაწყება. სასამართლოს ჩვენთვის ეს არ დაუვალებია და ჯერჯერობით არავის არ დაუვალებია ეს...

როგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი დავით ჯანდიერი განმარტავს ჩვენთან საუბრისას, მინისტრთა კომიტეტის თავდაპირველ არჩევანს პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც მარტივი პროცედურა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო არის მზად უპრობლემოდ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. მაგრამ თუკი სახელმწიფო უარს იტყვის ამაზე, მაშინ გადაწყვეტილების აღსრულების გეგმა, უკვე არასტანდარტული პროცედურის ფარგლებში, მინისტრთა კომიტეტის სამდივნოს ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდება.

ადვოკატი ჯანდიერი შეგვახსენებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ 26 აპრილს გამოტანილი განაჩენის აღსრულების ვადა 26 ოქტომბერს იწურება, თუმცა ამ ეტაპისთვის სახელმწიფომ მხოლოდ ერთადერთი ნაბიჯი გადადგა და, ევროპული სასამართლოს პირდაპირი მითითების საფუძველზე, სანდრო გირგვლიანის მამის, გურამ გირგვლიანის, საბანკო ანგარიშზე 50 ათასი ევრო ჩარიცხა.

მეტის გაკეთება არსებითად მოსალოდნელი არც იყო იმ განცხადებების ფონზე, რომლებიც 26 აპრილის შემდეგ არაერთხელ გააკეთა, მაგალითად, თინათინ ბურჯალიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველმა. პასუხად გირგვლიანის ოჯახის ადვოკატთა და უფლებადამცველთა კატეგორიული მოთხოვნისა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღმოჩენილი მსხვილმასშტაბიანი დარღვევების საფუძველზე, დაწყებულიყო საქმის ხელახალი გამოძიება, თინათინ ბურჯალიანი ამბობდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს სახელმწიფოსთვის მსგავსი რამ არ დაუვალებია. რადიო თავისუფლება 25 ოქტომბერს უშედეგოდ ცდილობდა მასთან დაკავშირებას. თუმცა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ამ მხრივ აზრი რომ არ შეუცვლია, ეს ტელეეთერით გაკეთებულ ბოლოდროინდელ კომენტარშიც კარგად ჩანს:

”ჩვენი მხრიდან გამორიცხულია გამოძიების ხელახლა დაწყება. სასამართლოს ჩვენთვის ეს არ დაუვალებია და ჯერჯერობით არავის არ დაუვალებია ეს. ჩვენ დაგვავალეს თანხის გადახდა და თანხა გადავიხადეთ - მხოლოდ ის გავაკეთეთ, რისი გაკეთების ვალდებულებაც გვქონდა.”
მინისტრთა კომიტეტი საქმეს ვერ ჩათვლის აღსრულებულად, თუ არ აღმოიფხვრა ყველა ის ნაკლი, რაც დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ...

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში პირდაპირ არასოდეს წერია, რომ საქმე ხელახლაა გამოსაძიებელი, თუმცა იმ რანგის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, რაც 26 აპრილის გადაწყვეტილებაში აისახა, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო სწორედ ამას გააკეთებდა, - განმარტავს ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი, რომელიც 10 წლის მანძილზე მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს აუცილებლად მოუწევს 47 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ორგანოს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ნებას დაჰყვეს და გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ხელახალი გამოძიება დაიწყოს.

”მინისტრთა კომიტეტი საქმეს ვერ ჩათვლის აღსრულებულად, თუ არ აღმოიფხვრა ყველა ის ნაკლი, რაც დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ. ეს არის გამორიცხული. მთავრობის მცდელობა, რომ ფულის გადახდის შემდეგ მინისტრთა კომიტეტს ეს საქმე დაახურინოს და ამით შემდეგ იტრაბახონ, ეს უბრალოდ მათი ოცნებებია და სამართლებრივად ეს ასე ვერ მოხდება, რადგანაც ეს გამოიწვევდა სერიოზულ ინსტიტუციურ კონფლიქტს სტრასბურგის სასამართლოსა და მის აღმასრულებელი ორგანოს - მინისტრთა კომიტეტს შორის, რაც წარმოუდგენელია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეა წულუკიანმა.

გავიხსენოთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილების მიხედვით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“. გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ, რომ "სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებით, რომელსაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მიმართავდნენ”, რათა ”ამ საზარელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“

ხელისუფლების ოპონენტები ასევე საყურადღებოდ მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ 26 აპრილის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლო ”გმობს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებამ თვალი დახუჭა მოსარჩელეების მიერ წამოყენებულ სარწმუნო ბრალდებაზე, რომ დანაშაულის უშუალო ჩამდენები და ზოგიერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც კაფეში შს მინისტრის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, [დანაშაულის] თანამონაწილენი იყვნენ.”

სტრასბურგის სასამართლოს ამ და სხვა მწვავე შეფასებებიდან გამომდინარე და მინისტრთა კომიტეტის ძალისხმევის იმედით, თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოება ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიტყობს სიმართლეს და ნამდვილი დამნაშავეებიც აუცილებლად დაისჯებიან. მომავალს იმედით უყურებს ადვოკატი დავით ჯანდიერიც და მაგალითად მოჰყავს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ხელახალი გამოძიება და სიმართლის დადგენა სწორედ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ფარგლებში მოხერხდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG