Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაცვლილი თეთრაძის საქმის გამოძიებაში უფლებადამცველები ჩაერთვებიან


“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლისა და ომის ვეტერანის, 57 წლის სერგო თეთრაძის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენას ახლა უკვე სამოქალაქო სექტორთან ერთად აგრძელებს. 11 ოქტომბერს ალასანიამ პარტიის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიწვია და ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივი კამპანიაც დაიგეგმა.

ირაკლი ალასანიამ ჯერ კიდევ 28 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროსთან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე უწოდა მკვლელობა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სერგო თეთრაძის ციხეში გარდაცვალების ფაქტს.თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლისა და ომის ვეტერანის სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, თუმცა „თავისუფალი დემოკრატები“ დღესაც გამოთქვამენ ეჭვს, რომ თეთრაძე მოკლულია და სწორედ ამიტომ საქმის ობიექტურ გამოძიებას ახლა უკვე სამოქალაქო სექტორთან ერთად მოითხოვენ:

”ჩვენ ვართ სისხლხორცეულად დაინტერესებულები, რომ გაირკვეს რა მოხდა რეალურად, რა ვითარებაში გარდაიცვალა ბატონი თეთრაძე და დაისაჯონ ამ უმძიმეს დანაშაულში - მკვლელობაში - ეჭვმიტანილი პირები. თუ გუშინ ძალადობის მსხვერპლი გახდა ბატონი თეთრაძე, ხვალ, შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ამავე ძალადობის მსხვერპლი. სწორედ ამიტომ არის საზოგადოებრივი ღირსების საგანი, რომ გამოვიძიოთ რა მოხდა სინამდვილეში”, - აცხადებს ირაკლი ალასანია.

თეთრაძის გარდა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ რამდენიმე პირის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი წევრი, თეა წულუკიანი, რომელიც შენიშნავს, რომ თეთრაძის საქმე არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის პრობლემა:

”ჩვენ მოვითხოვთ, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია იმ ჯაშუშურ საქმეებზე, რომლის გამოც თეთრაძის გარდა კიდევ სამი პირია დაკავებული. ჩვენ გვაინტერესებს რა ბედი ეწიათ ამ ადამიანებს. და, რაც მთავარია, მოვითხოვთ, თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე სასჯელაღსრულების შესაბამისმა სტრუქტურებმა აწარმოონ გამჭვირვალე გამოძიება.”
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოებრივი პროტესტის დროს ხელისუფლების რეაქცია, როგორც წესი, ნულის ტოლია ხოლმე, - ამბობს შეხვედრის მონაწილე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და სანდრო გირგვლიანის ხმაურიან საქმეს იხსენებს, - მაშინ მოსაძებნია სხვა გზა, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოებამ შედეგს უნდა მიაღწიოს:

”ჩვენ დავრწმუნდით, რომ მარტო შეძახილი, რომ ცუდი რაღაც ხდება, საკმარისი არ არის. უნდა მოვძებნოთ ის კუთხე, რაზეც მგრძნობიარეა საერთაშორისო საზოგადოება, აქაური საზოგადოება და უნდა მოვიპოვოთ ის ინფორმაცია, რომლის ჭეშმარიტების შემთხვევაში უხერხულ მდგომარეობაში ჩადგება ყველა ის სტრუქტურა, რომელიც კანონს არღვევს, როგორც ეს, მაგალითად, ფოტოგრაფების საქმის შემთხვევაში მოხდა.”

”ადამიანის უფლებათა ცენტრის ” წარმომადგენელი ალეკო ცქიტიშვილიც შენიშნავს, რომ თეთრაძის საქმის მსგავსი ყველა საქმე საზოგადოების რეაგირების საგანი უნდა გახდეს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ”თავისუფალი დემოკრატების” ოფისში თეთრაძის საქმის გამოსაძიებლად ერთობლივი კამპანიაც დაგეგმეს - დასაწყისისათვის ყველა ორგანიზაცია ცალკე მიმართვას მოამზადებს, მომავალში კი გამორიცხული არ არის პროტესტი მშვიდობიანი აქციებითაც გამოხატონ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG