Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესე და კრიტიკა


რამდენიმეთვიანი შუალედით ორი საინტერესო წიგნი გამოვიდა ქართულ ენაზე, ერთი – გასული წლის ბოლოს, მეორე კი – წელს, გაზაფხულზე. პირველი გახლავთ “დიოგენეს” მიერ გამოცემული ნუგზარ მუზაშვილის ესეებისა და კრიტიკული სტატიების კრებული “გაქცევა ისტორიიდან”, მეორე კი თამარ კოტრიკაძის მოზრდილი წიგნი – “მითოსის ძიებაში”, “კავკასიური სახლის” მიერ გამოცემული. ორივე, შეიძლება ითქვას, ერთ ჟანრს მიეკუთვნება, ჟანრს, რომელიც დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში ნაკლებადაა დაფასებული, ანუ ორივე ესეების კრებულია, სადაც ავტორები წარსულისა და თანამედროვე ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან და მწვავე პრობლემებზე გვესაუბრებიან.
ნუგზარ მუზაშვილი უკვე ორ ათეულზე მეტი წელია კრიტიკას წერს, მისი კრებულიც უმთავრესად კრიტიკულ ესეებს მოიცავს და სწორედ ამიტომაც მასთან საუბარი ერთი გაცვეთილი კითხვით დავიწყე, კითხვით, რომელზე ზუსტ პასუხსაც, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ მიიღებენ ლიტერატურის მოყვარულები, თუკი თავად არ გაერკვნენ საქმეში:
“გავრცელებული აზრია, რომ არ არსებობს ქართული კრიტიკა. რა თქმა უნდა, უცნაურია ასეთი აზრის გამოთქმა, თან ასე დაჟინებით. ამ საკითხს სხვადასხვანაირად უნდა მიდგომა და ჩემს წიგნშიც მაქვს ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ქართული კრიტიკა, რასაკვირველია, არსებობს, უბრალოდ, მეტი ყურადღება და მეტი ყურის დაგდება სჭირდება ამ საქმეს. თან არსებობს და თან ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი ქართულ კრიტიკას, იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, მთელი ფორმაცია შეიცვალა, ფასეულობები გადაფასდა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გააზრება. რაღაც ახალი კუთხიდან ახალი თვალით დანახვა, შეფასება და ა.შ. ძალიან ბევრი საქმეა”...
ნუგზარ მუზაშვილის წიგნიც ასეთი შეფასების მნიშვნელოვანი მცდელობაა. იგი მთლიანად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეძღვნება და მასში კონკრეტული ავტორების კონკრეტულ წიგნებზეცაა საუბარი და ზოგად ტენდენციებზეც. ჯემალ ქარჩხაძე, ოთარ ჩხეიძე, ერლომ ახვლედიანი, გივი მარგველაშვილი, ნუგზარ შატაიძე, ირაკლი სამსონაძე, როსტომ ჩხეიძე, ირაკლი ჯავახაძე, გელა ჩქვანავა, ბესო ხვედელიძე. ეს გახლავთ იმ ავტორთა წრე, რომელსაც ნუგზარ მუზაშვილი განიხილავს თავის წიგნში და უნდა ითქვას, რომ ყველა ეს წერილი უკანასკნელი 5-6 წლის მანძილზეა დაწერილი.
“ეს წერილები და ესეები, რომელიც ამ წიგნში შევიდა, ცხადია, ერთ წელიწადს არ დაწერილა. იგი იბეჭდებოდა 2005 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში. რასაკვირველია, ყველა არ შესულა ამ კრებულში. მე შევეცადე რაღაც გარკვეული მიმართულება, გარკვეული ხაზი ჰქონოდა ამ წიგნს და ორიოდე სიტყვით რომ ვთქვა, ეს ხაზი არის დაკავშირებული იმ ცვლილებასთან, რაც განიცადა ჩვენმა საზოგადოებამ, იმ კრიზისის ანალიზის მცდელობაა, რაშიც ჩვენ, სამწუხაროდ, დღემდე ვიმყოფებით”.
ცვლილებები და ჩვენი თანამედროვე აზროვნების კრიზისი მართლაც უმთავრესი თემაა ამ წიგნში და ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს რამდენიმე წერილში. ამ მხრივ ირაკლი სამსონაძის “ყურთბალიშზე” დაწერილ ესეს გამოვყოფდი, ესეს, რომელიც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროზაულ ნაწარმოებს ეძღვნება. წერილს “დამარცხებისა” ჰქვია და მასში ავტორი მარცხის გაცნობიერებას თანამედროვე ქართული პროზის საუკეთესო ნიმუშების ერთ-ერთ უმთავრეს ნიშნად მიიჩნევს.
მაინც რამ დაგვამარცხა? პირველ რიგში, საკუთარმა ყალბმა რწმენა-წარმოდგენებმა, რომელსაც რიხითა და პათეტიკით გვინერგავდნენ, ნარცისულმა ხედვებმა, რომელმაც, სულ მალე, თავისი ნამდვილი ბუნება დაგვანახა. ნუგზარ მუზაშვილის მიხედვით, ჩვენ საკუთარი კულტურის ჰიპერბოლიზებულმა ენამ დაგვამარცხა, გარკვეულმა ნიშანთა სისტემამ, რომლის რღვევას ნიჰილიზმი მოჰყვა, “ოღონდ არა ზომიერი, არა რაციონალური, არამედ ისეთივე უკიდურესობების ენით მეტყველი, როგორიც ჩვენი ტრადიციული კულტურის პათეტიკური ენა იყო”. ავტორის აზრით, ირაკლი სამსონაძის “ყურთბალიში” საუკეთესოდ გამოხატავს ასეთ ვითარებას, ესაა წიგნი დამარცხებულ ქვეყანაზე და დამარცხებულ ადამიანებზე, ტექსტი, რომლის მთავარი გმირიც დამარცხებამდეც უცხო იყო ყველასთვის და დამარცხების შემდეგაც.
მნიშვნელოვანია, რომ წელს, ზაფხულში, ნუგზარ მუზაშვილის ამ წიგნს ლიტერატურული პრემია “საბა” გადაეცა, წლის საუკეთესო კრიტიკის ნომინაციაში.
განსხვავებული თემატური ღერძი აქვს თამარ კოტრიკაძის წიგნს. მას სალუსტიუსის სიტყვები აქვს წამძღვარებული: “მითოსი ისაა, რაც არასოდეს ყოფილა, მაგრამ რაც მუდამ მყოფობს” და შესაბამისად, ავტორიც ამ მარად მყოფი გამონაგონის კვალს ეძებს ძველი და ახალი დროების ქართველ და უცხოელ მწერალთა შემოქმედებაში.
პირველ რიგში, ეს წიგნი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მისი დიდი ნაწილი უცხოურ ლიტერატურას ეძღვნება და აქ ისეთ ავტორებსაც შეხვდებით, ვინც პირველად სწორედ თამარ კოტრიკაძის მეშვეობით გაიგო ქართველმა მკითხველმა. ეს, პირველ რიგში, ქრისტინე ლავანტს ეხება, ავსტრიელ პოეტ ქალს, რომელზეც ქვემოთაც ვისაუბრებ, მანამდე კი გეტყვით, რომ წიგნში 1996-2009 წლებში დაწერილი ესეებია შესული. აქ ნახავთ წერილებს დევიდ ჰერბერტ ლოურენსზე, ტომას სტერნზ ელიოტზე, რაინერ მარია რილკეზე, რობერტ მუზილზე, ჯერომ სელინჯერზე, ტოლკიენზე და რეი ბრედბერიზე. დღეს ძალიან ცოტა ვინმე თუ წერს უცხოურ ლიტერატურაზე, ვრცელი ესეები კი მით უფრო იშვიათია და ამ იშვიათობებს თამარ კოტრიკაძის ესეებიც მიეკუთვნება. მას რამდენიმე წიგნიც აქვს გამოცემული, რომელთა შორის აუცილებლად გამოვარჩევდი 2004 წელს გამოსულ დევიდ ჰერბერტ ლორენსის “ესეებს ამერიკული ლიტერატურის შესახებ” და ქრისტინე ლავანტის ლექსებისა და მოთხრობების კრებულს, რომელიც კავკასიურმა სახლმა 2002 წელს გამოსცა.
ქრიტინე ლავანტის პირველი თარგმანები თამარმა დიდი ხნის წინ დაბეჭდა “არილში” და “ალტერნატივაში”. მან შემდეგაც არაერთხელ მოამზადა პუბლიკაციისთვის ამ უცნაური პოეტის ტექსტები, სულ ახლახან, შარშან, “ლიტერატურა – ცხელ შოკოლადშიც” გამოქვეყნდა და ყველა ამ პუბლიკაციას თამარი ხან ვრცელ, ხანაც მოკლე და ტევად წინათქმებს ურთავდა. ასე დაგროვდა ის რამდენიმე ესეც, რომელიც ლავანტს ეძღვნება და რომლებმაც ამ წიგნის ძირითადი ნაწილი შეადგინა.
თამარ კოტრიკაძე თავის ერთ-ერთ წერილში აღწერს ლავანტისგან მიღებულ პირველ შთაბეჭდილებას და აღიარებს, რომ ეს არ იყო გამოწვეული ტექსტის წაკითხვით. თურმე მასზე განსაკუთრებულად უმოქმედია პოეტის ფოტოსურათს და ისე, რომ საერთოდ არაფერი იცოდა მის შესახებ, გადაუწყვეტია მისი შემოქმედება ეკვლია.
ლავანტი მართლაც განსაკუთრებული მოვლენა იყო XX საუკუნის დასავლურ ლიტერატურაში და ეს თამარ კოტრიკაძის წერილებშიც კარგად ჩანს. მან ტრაგიზმით და ტანჯვით სავსე ცხოვრება განვლო, ცხოვრობდა გარემოში, რომელმაც იგი გარიყა, მაგრამ რომელსაც თავად ვერ შეელია მთელი ცხოვრების მანძილზე და სულ მუდამ მაინც მშობლიურ გარემოდ რჩებოდა მისთვის. ჰყავდა ავადმყოფი, მოხუცი ქმარი, რომელსაც უვლიდა და რომლის გაუთავებელ საყვედურებს ისმენდა. იგი თავის ნიჭსაც არაფრად აგდებდა და ცდილობდა არაფრით განსხვავებულიყო სხვებისგან. როგორც ავტორი წერს, ქრისტინე ლავანტს “მრავალ სხვა სატანჯველთან ერთად ესეც მისჯილი ჰქონდა: ყოველდღიურად თვალწინ ჰქონოდა ის გარემო, რომელსაც შეუქცევადად დაშორდა, ანუ უღალატა; ყოველდღიურად ევლო ამ გლეხებს, მაღაროელებს, მწყემსებსა და შინამოსამსახურეებს შორის – უცხოს, მახინჯს, პოეტს”.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG