Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მკვდარი სულები", ანუ უწმ. კირილეს სამშვიდობო გეგმა


აგვისტოში ყოველთვის რთულია არჩევანის გაკეთება, მაგრამ აფხაზებმა მაინც მოახერხეს: მათ უკვე ახალი (უღიარებელი) პრეზიდენტი ჰყავთ, სახელად ალექსანდრ ანქვაბი...

მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი უღიარებელი მოწილეებისთვის კვლავაც მომიწევს რუსეთის პატრიარქ კირილეს სიტყვების შეხსენება; უწმინდესმა კირილემ ხომ ყველას გასაგონად ბრძანა, რომ ზეციური საქართველოს ტერიტორიული საზღვრები კორექციას არ ექვემდებარება. ასე რომ, რამდენი პრეზიდენტიც არ უნდა აირჩიონ აფხაზებმა, საშინელ სამსჯავროზე მათ მაინც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოუწევთ გამოცხადება; სულიერ სიბრტყეში, უკაცრავად და, ჩვენ "გვეყუდნიან"!

ჭკვიანი კაცი ყოფილა უწმინდესი კირილე: აფხაზთა სულები ჩვენ გადმოგვაბარა, აფხაზური კურორტები კი თავისთვის დაიტოვა. ერთადერთი, ისაა გაუგებარი, რუს სამშვიდობოებს რა ბედი ეწევათ ზეციურ საქართველოში... კოლექტიურად ხომ ვერ შეყრი ჯოჯოხეთში - ასეა თუ ისე, ერთმორწმუნე ერია, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ამათი სამოთხეში შევარდნა და იქაურობის წაბილწვა, ერთი იქნება; ღრუბლებისა და სანდლების პარვა მერე ნახე... მონაგონი იქნება ლეიბები და უნიტაზები...

ანქვაბს კი (უწმინდესი კირილეს შემოთავაზების თანახმად), უნდა თუ არ უნდა, ქართველ სულებთან - თენგიზ კიტოვანთან, დიმა ჯაიანთან და ჯგუფ "ოთხ გიასთან" ერთად მოუწევს ნავარდი... ჩვენები ხართ, ჩვენები! იქ მაინც! ერთად უნდა ვილოცოთ... გაგუდვამდე ჩახუტებულებმა!

ისე კი, რა ბედი გვაქვს: ხელმძღვანელები მეტისმეტად ფატალურად იცვლებიან ჩვენთან. თუმცა აფხაზებში უცნაურად განვითარებულია ე. წ. დემოკრატიულობის ინსტინქტი: როცა პრეზიდენტი ატყობს, რომ ვადა ეწურება, პირდაპირ კვდება, გაუფრთხილებლად (შეგახსენებთ არძინბასა და ბაგაფშის მაგალითებს). რუსებთან პირიქითაა: როცა ხელმძღვანელი ატყობს, რომ ვადა უნდა გაუვიდეს, ბოტოქსით ცდილობს წლების გახანგრძლივებას, ქართველები კი გადაწყვეტილების მიღებასაც არ ვაცლით ჩვენს უფროსს - ან ექვს თვეში ვკლავთ, ან ოცდაათი წლით ვაკავებთ, ან...

ან... ჯერ არ ვიცი...

მოკლედ, ფაქტია: იდეალისგან სამივე შორს ვართ.

ოსებზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. კირილესაც, თუ არ ვცდები, არაფერი უთქვამს მათ შესახებ. გაუგებარია, ვის შერჩება, ვთქვათ, ჩოჩიევის სული? ბ-ნ კოკოითიზე, როგორც ჩანს, დალაი-ლამა იღებს პასუხისმგებლობას.

იქნებ ერგნეთის ბაზრობის სულები მაინც დაგვითმონ! ან, თუ გნებავთ, გავცვალოთ: ერთ ლუდვიგ ჩიბიროვში ოთხ მაია ასათიანს მოგცემთ.

დიმიტრი სანაკოევს რა ენაღვლება: ნებისმიერ (სულიერ) ეპარქიაში განაღდებული აქვს ერთი ადგილი... სხვებივით კი არ იწვალებს. ჯერ კიდევ როდის მიუხვდა კირილეს.

თუმცა რა საჭიროა ვაჭრობა: ზეციური საზღვრები ევროკავშირის საზღვრებივითაა; სადაც გინდა და როგორც გინდა, ისე ინავარდე - კაციშვილი არ გაგაჩერებს...

ჰოდა, რას ველოდებით? მოვშალოთ საზღვრები!
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG