Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაირა გელაშვილის “ფრიდრიხ ჰიოლდერლინი”


ნაირა გელაშვილი
ნაირა გელაშვილი
“კავკასიურმა სახლმა” ნაირა გელაშვილის ბიოგრაფიული რომანი გამოსცა, რომელიც დიდი გერმანელი პოეტის, ფრიდრიხ ჰიოლდერლინის ცხოვრებას და შემოქმედებას ეძღვნება.

განვლილი წელიწად-ნახევრის მანძილზე, მე მგონი, მხოლოდ ერთხელ მომიხდა ბიოგრაფიულ რომანზე საუბარი. ეს რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც გიორგი კაკაბაძის კარგ წიგნზე, “ნიკო ფიროსმანზე” ვისაუბრეთ. გასაკვირი არაა, რომ საქართველოში, ბევრ სხვა ჟანრთან ერთად, ბიოგრაფიული რომანიც კრიზისშია. ქართველი ავტორები აღარ ინტერესდებიან სხვისი ცხოვრებით, თარგმნილი ბიოგრაფია კი მით უფრო იშვიათად გამოდის ხოლმე. ზუსტად 10 წელია მიდევს ხულიო კორტასარის მიერ ბრწყინვალედ დაწერილი ედგარ პოს ბიოგრაფიის ქართული თარგმანი, რომლითაც ვერც ერთი გამომცემელი ვერ დავაინტერესე. ეგ კი არა, წერილებსაც ვერ წერენ, ე.წ. პროფაილებს, სადაც მიდებ-მოდებაზე უფრო მეტად არსებით ინფორმაციაზე იქნება ყურადღება გამახვილებული. ერთი სიტყვით, უჭირთ სხვისი ცხოვრების ამბის თხრობა. ამიტომაა, რომ ქართულ ქსელში ძნელად იპოვით ბიოგრაფიებს ძველი თუ თანამედროვე მწერლებისას, ქართველებისა თუ უცხოელებისას.
თუ რამე ხარვეზს განიცდის დღეს ქართული ლიტერატურა, ეს, შეიძლება ითქვას, პირველ რიგში, ბიოგრაფიული რომანების ნაკლებობაა...

ნაირა გელაშვილის წიგნზე სასაუბროდ პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე მოვიწვიე, რომელმაც სწორედ ამაზე გაამახვილა თავიდან ყურადღება:

“თუ რამე ხარვეზს განიცდის დღეს ქართული ლიტერატურა, ეს, შეიძლება ითქვას, პირველ რიგში, ბიოგრაფიული რომანების ნაკლებობაა. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი: ბიოგრაფიული რომანი რთული დასაწერია, ტექნიკურად არის ძალიან რთული შესასრულებელი და, მართლაც, ნაირა გელაშვილის ნიჭიერება და გამოცდილება უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ხელი მოჰკიდოს ამ ჟანრს და ისეთ დონეზე გააკეთოს, როგორც ეს ამ წიგნის შემთხვევაში წარმოგვიდგა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს წიგნი რამდენიმე მიზეზის გამო, გარდა იმისა, რომ ბიოგრაფიული რომანია. ეს არის სრულფასოვანი, პირველხარისხოვანი მეცნიერული გამოკვლევა, რომელიც ისეთი ენითა და სტილისტიკითაა მოწოდებული, რომ ჩვეულებრივი მკითხველისათვის ადვილად გასაგები იყოს და არსებითად, როდესაც ვუფიქრდები, მეცნიერების მიზანიც ეს არის, რომ გახდეს იმდენად დემოკრატიული, რომ იყოს მკითხველისათვის გასაგები.”

თავად ნაირა გელაშვილიც აღნიშნავს წიგნისთვის დართულ მოკლე ბოლოთქმაში, რომ წიგნი მონოგრაფიაცაა და ბიოგრაფიული რომანიც და რომ იგი რედაქტირებული ვარიანტია იმ ნაშრომისა, რომელიც 1970-73 წლებში, ასპირანტურაში სწავლისას დაწერა სადისერტაციო შრომის პარალელურად. ესაა წიგნი, რომელიც 4 შესავალი ესესგან შედგება ჰიოლდერლინის შესახებ, ამას მოჰყვება ყველაზე ვრცელი, საკუთრივ ბიოგრაფიული მონაკვეთი და, ბოლოს, წიგნს ჰიოლდერლინის 12 ლექსი ასრულებს.
მაინც რითი შეიძლება იყოს საინტერესო ჰიოლდერლინი დღევანდელი მკითხველისთვის? გიორგი ლობჟანიძე ამაზე შემდეგნაირ პასუხს იძლევა:
გიორგი ლობჟანიძე

“ჰიოლდერლინი რითი უნდა ყოფილიყო საინტერესო? ბიოგრაფიული რომანის თავისებურება ისიც არის, რომ, ალბათ, ყველა ისე დაწერს ბიოგრაფიულ რომანს სხვის შესახებ და იმაზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი. რითი უნდა ყოფილიყო XVIII საუკუნის გერმანელი ავტორი საინტერესო დღევანდელი ქართველი მკითხველისთვის? ნაირა გელაშვილმა ისეთი კუთხეები მოძებნა ჰიოლდერლინთან, რომ ჩვენთვის ეს ავტორი გასაგები და თანამედროვე გახადა. ცხადია, რომ ის ძალიან დიდი შემოქმედი იყო, ჰიოლდერლინის ცხოვრება ნამდვილად იძლეოდა რომანის დაწერის საფუძველს, მაგრამ გააჩნია, როგორ წაიკითხავ და მერე - როგორ დაწერ ამ ცხოვრებას. სულ სხვა ვითარებაში თაგორი ამბობდა, ჩვენ შეცდომით წავიკითხავთ ცხოვრების წიგნს და ვამბოთ, რომ იგი გვატყუებს, ნაირა გელაშვილს კი, მე მგონი, სწორად აქვს წაკითხული სხვისი ცხოვრების წიგნი და სწორად აქვს დაწერილი იმ მიმართებებით, რასაც გამოკვეთს თავის წიგნში ჰიოლდერლინის შესახებ.”

ნაირა გელაშვილის პირველი ოთხი ესე ძირითადად პოეტის შემოქმედებას მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი, ყველაზე ვრცელი, ღმერთის, პოეტისა და სამშობლოს კომპლექსებს ეძღვნება ჰიოლდერლინისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში.
ჰიოლდერლინის ლიტერატურული მემკვიდრეობა 20 ტომს ითვლის. მისი ნაწერების ეს ყველაზე სრული გამოცემა 1975-2003 წლების მანძილზე გამოდიოდა და იგი მოიცავს ერთ რომანს, დაუმთავრებელ ტრაგედიას, ლირიკას, თარგმანებს ძველბერძნულიდან და ლათინურიდან, აუარება ფრაგმენტულ ჩანაწერს, მიმოწერას... და ეს ყველაფერი ჰიოლდერლინმა მანამ შექმნა, სანამ 31 წლისა შესრულდებოდა. არადა, პოეტი 73 წლისა გარდაიცვალა და დარჩენილი 42 წლის განმავლობაში აღარაფერი დაუწერია.

ჰიოლდერლინს ეკუთვნის პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღრმა განსაზღვრება, რომელიც ნაირა გელაშვილის წიგნის ერთ-ერთ თავს აქვს ეპიგრაფად წამძღვარებული: “პოეზია ლაღი ღვთისმსახურებაა”, წერდა იგი და, არსებითად, მთელი მისი შემოქმედებაც ამ სიტყვების ილუსტრაციად იქცა.

დედამისი, იოჰანა, შვაბიური პიეტიზმის ტრადიციებზე იყო აღზრდილი, რომლისთვისაც მთავარი ინდივიდუალური რწმენა იყო და არა “საეკლესიო რიტუალი და მრევლის მექანიკურ ნაწილად ყოფნა”. ასეთივე ღვთისმოსავი იყო მისი მამობილიც, კრისტოფ გოკი, ვინც სხვების გადარჩენას შესწირა სიცოცხლე. თავად ჰიოლდერლინს კი მოგვიანებით განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება ძველი საბერძნეთისადმი, რომელიც მისთვის “სახლი” იყო, სადაც სიცოცხლე გაბმული დღე იყო, სადაც “ღმერთები ჩანდნენ”. სხვათა შორის, ქრისტეს იგი ბერძენ ღმერთთა მოდგმის უკანასკნელ წევრს უწოდებდა და, მისი სიტყვებით, ქრისტეს მიერ დედამიწის დატოვების შემდეგ “ღმერთთა” გამოსხივება იმდენად შემცირდა, რომ ახალი ისტორია საყოველთაო ღამედ იქცა.

ამ საყოველთაო ღამის პირობებში იზრდებოდა ჰიოლდერლინიც. დაიბადა 1770 წელს. 14 წლისა მაულბრონის მონასტერში მოხვდა, საიდანაც საუკუნის შემდეგ, ასევე 14 წლის, ჰერმან ჰესე გაიქცა. საერთოდაც, ჰიოლდერლინის პირველი წლების ისტორია - მათ შორის, ნაირა გელაშვილის მიერ მოთხრობილიც - ძალიან ჰგავს ჰერმან ჰესესვე “ნარცისი და გოლდმუნდის” ისტორიას. მაულბრონი მნიშვნელოვანი სადგური იყო მომავალი პოეტისთვის: აქ მან იპოვა პირველი სიყვარული, აღმოაჩინა პირველი სულიერი მეგობარი, პირველად იმოგზაურა მშობლიურ მხარეში და “გააცნობიერა, რომ პოეზია მისი ხვედრია”.

საინტერესოა მისი ახალგაზრდობისდროინდელი პოლიტიკური ფონიც: 1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია, 1792 წელს შექმნილი პირველი გერმანული დემოკრატიული რესპუბლიკა, მაინცის რესპუბლიკა, რომელმაც ერთი წელი იარსება და რომლის იუბილეც ტიუბინგენის მოედანზე ჰიოლდერლინმა თავის უნივერსიტეტელ მეგობრებთან, ჰეგელთან და შელინგთან ერთად იზეიმა. შემდეგ პოეტმა პედაგოგობაც სცადა, ბავშვის აღმზრდელად დაიწყო სამსახური და სერიოზულად ჩაფიქრდა პედაგოგიური პროგრამის შექმნაზე, რომელიც საფუძვლად უნდა დასდებოდა ახალ საზოგადოებრივ წყობას, მაგრამ, საბოლოოდ, ეს მცდელობა იმედგაცრუებით დასრულდა.
და გაუჩინარდა ჰიოლდერლინი. უკვალოდ შთანთქა აუთენრიტის ფსიქიატრიულმა კლინიკამ მთელი 231 დღის განმავლობაში და საბოლოოდ დაამსხვრია მისი სული...

მისი ცხოვრების შემდეგი პერიოდი იენას უკავშირდება, სადაც მან რამდენიმე თვე გაატარა “დიდი კაცების” - გოეთეს, შილერისა და ფიჰტეს - ჩრდილში. მოგვიანებით დიდი სიყვარულიც იპოვა, სიუზეტე გონთარი, რომელსაც დიოტიმას უწოდებს თავის ნაწერებში. შემდეგ - განშორება და ფრანკფურტი, ჰომბურგი, შტუტგარტი, ბორდო... მოგზაურობა, საიდანაც იგი უკვე ფსიქიურად დაავადებული ჩამოვა, 1806 წლის 11 სექტემბერს კი მას, უკვე სნეულს, სამი ჯანღონით სავსე დაქირავებული მამაკაცის დახმარებით შეიპყრობენ და მისი სტუდენტობის ქალაქში, ტიუბინგენში ჩაიყვანენ, ერთ-ერთ კლინიკაში:

“და გაუჩინარდა ჰიოლდერლინი. უკვალოდ შთანთქა აუტენრითის ფსიქიატრიულმა კლინიკამ მთელი 231 დღის განმავლობაში და საბოლოოდ დაამსხვრია მისი სული...”

უფრო მეტი ამ დამსხვრეული სულის ლაღ ღვთისმსახურზე თავად წიგნში შეგიძლიათ ამოიკითხოთ, სადაც ავტორის თხრობაზე უფრო დიდი ადგილი ვრცელ ციტატებს უკავია ჰიოლდერლინის მიმოწერიდან, ლექსებიდან და ფრაგმენტებიდან.
XS
SM
MD
LG