Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსახიობები რობერტ სტურუას პოსტზე დაბრუნებას მოითხოვენ


რუსთაველის თეატრის მსახიობთა დასმა და შემოქმედებითმა კოლექტივმა 22 აგვისტოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას გათავისუფლება თეატრის შენობის წინ გააპროტესტა და ხელისუფლებისგან მისი პოსტზე დაბრუნება მოითხოვა. საპროტესტო აქციას მსახიობთა მხოლოდ ნაწილი დაესწრო, თუმცა, მათივე თქმით, საგანგებო განცხადებას ხელს მსახიობთა უმრავლესობა აწერს.
ეს ანგარიშსწორებაა, რადგან რუსთაველის თეატრსა და რობერტ სტურუაზე ვერ იბოგინეს...

მსახიობებს საზოგადოებასთან ლაპარაკი სცენიდან გვირჩევნია, მაგრამ ახლა იძულებულები ვართ აქედან ვთქვათ ჩვენი სათქმელიო, - თქვა რუსთაველის თეატრის წინ დადგმულ ტრიბუნასთან მდგარმა რუსთაველის თეატრის მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა 22 აგვისტოს, როდესაც თეატრის დასი სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას გათავისუფლებას მოკლე საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. მსახიობების თქმით, მათთვის რობერტ სტურუა კვლავაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რჩება.

“რაღა არ განუცდია რუსთაველის თეატრის დასს თავისი არსებობის მანძილზე, ასეთი ერთსულოვანი კი იშვიათად ყოფილა. დღეს ყველა გაოგნებულია. საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენ გვგონია, მაგრამ რაც უნდა რთულ პერიოდში ვცხოვრობდეთ, არ უნდა დავკარგოთ ადამიანური სახე. ჩვენი ნებისმიერი საქციელი ადეკვატური, ვაჟკაცური და პრინციპული უნდა იყოს. ნუთუ ძნელი მისახვედრია, რა ხდება დღევანდელ საქართველოში, ჩვენს სამშობლოში. 2011 წლის 9 აგვისტო. რობერტ სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - მოხსნეს. რას ნიშნავს ეს?
სტურუას სპექტაკლები - გაჯერებული სინათლით, სიკეთით, კაცთმოყვარეობით, სულიერებით, ნიჭიერებით, ხვალის იმედით, მაღალი გემოვნებით, ქვეყნის სიყვარულით - აღარ გვჭირდება? მოძველდა? უარს ვამბობთ ამ ფასეულობებზე?
არა, ბატონებო! ეს არ გამოვა! ჩვენთვის რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!"


წერილს ხელს აწერს თეატრის მსახიობთა დასის და შემოქმედებითი კოლექტივის უმრავლესობა.

თავად ზაზა პაპუაშვილი რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მოხსნის გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებად აფასებს:

”ხელისუფლებას საქართველოში ყველაზე და ყველაფერზე ბატონობა სურს და არ გამოვა ასე... ეს ანგარიშსწორებაა, რადგან რუსთაველის თეატრსა და რობერტ სტურუაზე ვერ იბოგინეს...”

მსახიობთა ოთხი თაობის აღმზრდელი რეჟისორის წასვლა რუსთაველის თეატრიდან დაუშვებლად მიაჩნია მსახიობ ჯემალ ღაღანიძეს:
ჯემალ ღაღანიძე

”ცუდი ამბავია… რობიკო სტურუა უბრალოდ კი არ მუშაობდა ამ თეატრში, ის იყო და არის ქართული თეატრის რეფორმატორი და თაობათა აღმზრდელი. მე მას ერის ცოცხალ საგანძურს ვუწოდებ და ეს საგანძური ამ ქვეყანაში უნდა დარჩეს...”

ის, რაც სტურუას მოხსნის მიზეზად კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ დაასახელა, - ქსენოფობიური გამონათქვამების ტირაჟირება, - ნაკლებ სარწმუნო მიზეზია რუსთაველის თეატრის მსახიობებისათვის. მარიკა ჭიჭინაძის აზრით, რობერტ სტურუას ჩამოცილება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება ებრძვის გემოვნებიან, ნიჭიერ ადამიანებს:

”რასაც მე ვხედავ, ეს არის ნიჭიერებასთან ბრძოლა. მიმოიხედეთ, რა ხდება - ყველგან რა უნიჭობაა, რა სპექტაკლები და შოუები იდგმება...”

იმოქმედებს თუ არა სამხატვრო ხელმძღვანელის შეცვლა თეატრის სეზონის გახსნაზე, დარჩება რობერტ სტურუა თეატრში რეჟისორად თუ მიიღებს შემოთავაზებებს საზღვარგარეთიდან? - ამ კითხვებზე მსახიობებს პასუხი არა აქვთ. ამბობენ, რომ მშვიდობიანი პროტესტის გზით მოითხოვენ მის დაბრუნებას.
იქნებ როგორმე მოვახერხოთ, რომ ეს ადამიანი დაგვიტოვონ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად...

”ამხელა პიროვნების კერძო გამონათქვამს მე პირადად არ ვაქცევ დიდ ყურადღებას. ის იმხელა საქმეს აკეთებდა და აკეთებს ამ ქვეყნისთვის, რომ არის რაღაც, ალბათ, რასაც ასეთი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. და იქნებ როგორმე მოვახერხოთ, რომ ეს ადამიანი დაგვიტოვონ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად”, - გვეუბნება თათული დოლიძე.

საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული ინტერვიუ რობერტ სტურუას გათავისუფლების მიზეზი არ გამხდარა და რომ ხელისუფლებისათვის გამაღიზიანებელი იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები. თუმცა კინოდოკუმენტალისტ ლია ჯაყელის შეფასებით, რობერტ სტურუას ცნობილი გამონათქვამების გამო პასუხისგებლობა მაინც არ ეხსნება:

”რობერტ სტურუას ხელისუფლების საწინააღმდეგო ძალიან მკვეთრი პოზიცია აქვს და ესეც იწვევს მოსაზრებას, რომ სწორედ ამის გამო გაათავისუფლეს ის. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ქსენოფობიური გამონათქვამების გამო შერჩევითად გაათავისუფლეს. მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო მისი გათავისუფლების მიზეზი, ეს არ უხსნის პასუხისმგებლობას რობერტ სტურუას იმ გამონათქვამებზე, რომლებიც ნამდვილად იყო ქსენოფობიური და ჩემთვის არის მიუღებელი იმიტომაც, რომ რობერტ სტურუასნაირი ავტორიტეტული და დიდი რეჟისორის სიტყვას აქვს გავლენა საზოგადოებაზე - ეს აზრი ვრცელდება და ამით კონკრეტულ ადამიანებს ადგებათ ზიანი.”
რობერტ სტურუა

შეგახსენებთ, ქსენოფობიური შინაარსის გამონათქვამებში იგულისხმება ორიოდე თვის წინ „საქინფორმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რეჟისორის ნათქვამი სიტყვები საქართველოს პრეზიდენტის მისამართით - სომეხია და რა ვქნათ, ეს ხომ არ არის დამალულიო.

თავად რობერტ სტურუა გაზეთ ”ასავალ-დასავალისათვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას რამდენიმე შეთავაზება აქვს რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების თეატრებიდან, თუმცა მისი არჩევანი მოსკოვში მოქმედ, ალექსანდრე კალიაგინის თეატრ „Et Cetera”-ზე შეჩერდა, სადაც ის მიწვეული მთავარი რეჟისორის სტატუსით იმუშავებს. რაც შეეხება რუსთაველის თეატრთან მის მომავალ თანამშრომლობას, 22 აგვისტოს თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ მედიას განუცხადა, რომ რობერტ სტურუა თეატრში რეჟისორად დარჩება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG