Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცხადებული გამოსახლების ქრონიკა


13 აგვისტოს სასტუმრო "აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილების ერთმა ნაწილმა დაკავებული ფართობის დაცლა დაიწყო, დევნილების ნაწილი კი კვლავინდებურად არ აპირებს იმ შენობის დატოვებას, რომელშიც 21 წლის წინ კანონის სრული დაცვით შესახლდნენ. სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილები იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან შეხვედრასა და გამოსახლების პირობების შეცვლას მოითხოვენ.

ვაჟა-ფშაველას 25-ში მდებარე სასტუმრო „აფხაზეთს“, სადაც ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 270-მდე ოჯახი ცხოვრობს, სატვირთო მანქანები დილაადრიან მიადგნენ. დევნილების ნაწილი არ დაელოდა 15 აგვისტოს, ანუ მათთვის მიცემული ვადის გასვლას და იძულებითი გამოსახლების წინ ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გატანა დაიწყო. შენობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო 36 წლის ნელი ბაბუცაძემაც.

„ვცლი ნებით ოთახს! დიახ, გავდივარ! აბა, არ უნდა გავიდე?! პოლიცია უნდა შემოვიდეს 15-ში და თავს ხო არ დავახოცინებთ?! ავეჯი გაგვაქვს, რათა არ დაგვიმტვრიონ. დევნილობაში, ანუ 21 წლის განმავლობაში რაც შევიძინეთ, ნამდვილად ვერ დავამტვრევინებთ პოლიციას.“

ნელი ბაბუცაძე ამბობს, რომ იძულებულია დათმობილი ფართობის სანაცვლოდ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან, კომპენსაციის სახით, 10 ათასი დოლარი მიიღოს, თუმცა კარგად იცის, რომ ამ თანხით თბილისში ბინას ვერ შეიძენს. სწორედ ამის გამოა, რომ დევნილთა ნაწილი სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მოითხოვს, ნაწილისათვის კი ოჯახზე 10 ათასი დოლარიც სანატრელია. დევნილთა მტკიცებით, გამოსახლების წინ სამინისტრომ, ფულის დაზოგვის მიზნით, მასობრივად დაიწყო ოჯახების ხელოვნურად შეერთება.

სასტუმრო "აფხაზეთიდან" გამოსახლების პროცესი
„სამი ოჯახი შეაერთეს. გაოცებული და გაოგნებული ვართ! მშობლები, ქვრივი რძალი და 34 წლის საქორწილო ბიჭი გააერთიანეს. ასეთ რამეს, რაც აქ ხდება, ალბათ, მტერი არ გამიკეთებდა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ასაკში შესულმა დევნილმა ქალმა.

სასტუმრო „აფხაზეთიდან“ დევნილების იძულებით გამოსახლებას ეწინააღმდეგებიან უფლებადამცველი ორგანიზაციები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი იშველიებს „იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონის“ მეხუთე მუხლს, რომლის მიხედვითაც „საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან დევნილების გამოსახლება უნდა ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული წესით:

„ამ სასტუმროს აქვს კომპაქტური ჩასახლების ობიექტის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მცხოვრები დევნილების გამოსახლება შეიძლება ან მხოლოდ მათი საკუთარი ნებით (თუ დათანხმდებიან შეთავაზებას), ან თუ დავის განხილვის შემდეგ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას“.

დევნილთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სახალხო დამცველიც. გიორგი ტუღუშის მიერ 12 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, გაითვალისწინოს და დაიცვას დევნილთა ინტერესები შეთავაზებებისა და საკომპენსაციო თანხების ადეკვატურობასთან მიმართებაში. გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მიღწეულ იქნას დევნილებთან შეთანხმება როგორც ალტერნატიული ფართების, ისე საკომპენსაციო თანხების შეთავაზებისას. ხოლო მანამ, სანამ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით არ იქნება დადებული დევნილებთან წერილობითი შეთანხმება ან არ გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები, არ მოხდეს დევნილთა გამოყვანა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან.“

თუმცა დევნილთა ნაწილმა გაითვალისწინა უკანასკნელი წლების გამოცდილება, ეჭვქვეშ დააყენა წერილობითი შეთანხმების დადების შესაძლებლობა და სასტუმრო „აფხაზეთი“დატოვა. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ დევნილთა ამ ნაწილმა ვერ გაუძლო ზეწოლას და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო:

„იმედია, ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის, დაშინების, მოტყუების და მოსყიდვის მიუხედავად, ბევრი ადამიანი მოახერხებს ბრძოლის გაგრძელებას უფრო კონსოლიდირებულად, ვიდრე აქამდე, რადგანაც ცალკე აღებული ჩასახლება ამ ბრძოლაში წარმატებას ვერ მიაღწევს. არადა, 350-ზე მეტი ისეთი ჩასახლებაა დარჩენილი, საიდანაც დევნილებს ასევე ემუქრება გასახლება. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით აქტიურობენ ისინი, რომლებსაც ამ ეტაპზე უპირებენ გასახლებას, რაც არის წამგებიანი სტრატეგია და ტაქტიკა.“

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, სწორედ დაქსაქსულობის გამოა, რომ დევნილები ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას. მათ დიდ ნაწილს პროტესტის გამოხატვის შემთხვევაშიც კი არ აქვს იმედი, რომ წარმატებას მიაღწევს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილებიც შიშით ელოდებიან მათთვის მიცემული ვადის გასვლას, ანუ 15 აგვისტოს დადგომას:

„15 აგვისტომდე აქ ვრჩები, ფეხს არ ვიცვლი! თუმცა ვიცი, რომ აქ არავინ გამაჩერებს და თუ არ გავალ, შვილებს მომიკლავენ. 15-ის მერე კი ჩემ შვილებთან ერთად მივდივარ და სამინისტროს კიბეებზე ვჯდები!“ - უთხრა დევნილმა ქალმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG