Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები პარლამენტისგანაც ითხოვენ სოლიდარობას


თბილისში სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებმა დევნილებმა და მათი მხარდამჭერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა პარლამენტის შენობასთან სოლიდარობის აქცია გამართეს. აქცია სასტუმრო ”აფხაზეთში” მცხოვრები დევნილების მოსალოდნელ გამოსახლებასთან დაკავშირებით შედგა. შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „აფხაზეთში“ ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 247 ოჯახი 20 წელზე მეტია ცხოვრობს, მათ 15 აგვისტომდე აქვთ მიცემული ვადა ფართის დასაცლელად.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ დევნილთა აქციაზე მისული თავადაც დევნილი სოსო ვახტანგაშვილი, რომელიც სასტუმრო „აფხაზეთში“ ცხოვრობს და გამოსახლებას 15 აგვისტოს ელის, ამბობს, რომ პარლამენტისგანაც ელოდება დევნილთა უფლებების დარღვევაზე გამოხმაურებას:

”პარლამენტი არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აქვს უპირველესი უფლებამოსილება თავისი მიღებული კანონები გააკონტროლოს. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მათ მიერ მიღებული კანონმდებლობა დევნილებთან მიმართებაში ირღვევა. შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ ამ დარღვეული კანონით არ დაისაჯონ ის უდანაშაულო ადამიანები, დევნილები, რომლებიც ამ გამოსახლების მსხვერპლნი არიან.”
ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებაც აქვს ხელისუფლების ნებისმიერ შტოს ამ საკითხის გადაწყვეტისადმი...

დევნილთა სოლიდარობის აქციაზე მივიდნენ თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილები. ისინი ამბობდნენ, თუ სასტუმრო „აფხაზეთიდან“გამოასახლებენ დევნილებს, მაშინ ჩვენც შეიძლება იგივე გველოდესო. კანონის მიხედვით, დევნილის გამოსახლების უფლება არავის აქვს მისი ნების წინააღმდეგ, თუკი მას დარეგისტრირებული აქვს კომპაქტური ჩასახლების ობიექტის მისამართი, მით უფრო, თუ გამოსახლებით მისი საყოფაცხოვრებო პირობები გაუარესდება.

დევნილთა აქციაზე დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ. მათ შორის იყო საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი. ის გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილი იქნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების პასუხად:

ვინაიდან პოლიციის გაფრთხილება ჯერჯერობით ჩაბარებული არ აქვთ დევნილებს, სასამართლომ მანამდე არ ჩათვალა საჭიროდ ამ საკითხზე იმსჯელოს...
”ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებაც აქვს ხელისუფლების ნებისმიერ შტოს ამ საკითხის გადაწყვეტისადმი. ის, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხდება, სამწუხაროდ, იგივე ხდება საკანონმდებლო ხელისუფლებაში და სასამართლო ხელისუფლებაშიც. ამ ადამიანების პრობლემა, სამწუხაროდ, არც ქართულ სასამართლოებს აინტერესებთ.”

შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა დროებითი განჩინების თაობაზე, რაც კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი იქნებოდა სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილების დასაცავად 15 აგვისტოს გამოსახლებისგან. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განცხადებაში ითხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილებით გადავადებულიყო სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრებთა გამოსახლება, სანამ არ შედგებოდა დევნილების მოლაპარაკება, ერთი მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან და, მეორე მხრივ, ინვესტორთან, რომელიც სასტუმრო „აფხაზეთის“ მფლობელია.მაგრამ, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, სასამართლომ მათი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა:

”ვინაიდან პოლიციის გაფრთხილება ჯერჯერობით ჩაბარებული არ აქვთ დევნილებს, სასამართლომ მანამდე არ ჩათვალა საჭიროდ ამ საკითხზე იმსჯელოს. სასამართლომ თქვა, მე არ მაქვს უფლება ვივარაუდო, რომ კანონი დაირღვევა და ამიტომ ჯერ გაფრთხილება იყოს და მერე მოგვმართეთო.”

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმაც კიდევ ერთი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, რომ გაითვალისწინოს და დაიცვას დევნილთა ინტერესები შეთავაზებებისა და საკომპენსაციო თანხების ადეკვატურობასთან მიმართებაში, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მიღწეულ იქნეს დევნილებთან შეთანხმება როგორც ალტერნატიული ფართების, ისე საკომპენსაციო თანხების შეთავაზებისას. ხოლო მანამ, სანამ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით არ იქნება დადებული დევნილებთან წერილობითი შეთანხმება ან არ გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობები, არ მოხდეს დევნილთა გამოყვანა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან.

აქვე გეტყვით, რომ პარლამენტის შენობასთან შეკრებილი რამდენიმე ათეული დევნილის განცხადებით, მორიგი აქცია ხვალ სასტუმრო „აფხაზეთთან“ გაიმართება. მათივე თქმით, შაბათი და კვირა გამოცხადდება გლოვის დღედ - კვირა ღამით მოეწყობა აქცია სანთლებით და ომში დაღუპული ჯარისკაცების ფოტოებით.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG