Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუნიციპალური ბაგა-ბაღები ფასიანი ხდება


ახალი სასწავლო წლიდან თბილისის მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში სწავლა ფასიანი ხდება. უკვე ცნობილია, რომ გადასახადი სხვადასხვა ბაგა-ბაღში სხვადასხვაა და საშუალოდ 35-დან 80 ლარამდე მერყეობს. სოციალურად დაუცველი ფენისათვის გადასახადი არ დაწესდება და ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს. მერიის შეფასებით, გადასახადის შემოღება სოციალური თანასწორობის სამართლიან პრინციპს ეფუძნება. მშობლები რაღას ფიქრობენ საბავშვო ბაღების ფასიან მომსახურებაზე?

თბილისის მერის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა საბავშვო ბაღებში საფასურის შემოღებას სოციალური სამართლინობის პრინციპს უწოდებს:

”ეს არის სოციალურად სამართლიანი პრინციპი, რამდენადაც მშობელს მაინც უწევდა ბაღებში 40 და 50 ლარის გადახდა. ასეთი მიდგომები ბავშვებს აყენებდა არასამართლიან და არათანაბარ პირობებში - ზოგიერთი ბავშვი გადიოდა არასტანდარტულ სასწავლო პროგრამებს, ზოგი კი რჩებოდა სტანდარტულ სასწავლო პირობებში. ამდენად, ეს დიფერენცირება ბაღების მიხედვით მოხდება და ვფიქრობთ, რომ ამ მეთოდოლოგიით მოხდება გადახდების მოწესრიგება, სისტემატიზაცია და გამჭვირვალობა.”

რაც შეეხება თავად ტარიფებს, ის თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე დევს. ყველა ბაღს თავისი საფასური აქვს. ფასები კი 35-დან 80 ლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ საფასურისგან თავისუფლდებიან ის სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც 200 ათასი ქულა და მეტი აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახიდან 2 ბავშვი დადის საბავშვო ბაღში, მეორე ბავშვზე გადასახადი ნახევრდება, ხოლო მესამე თავისუფლდება გადასახადისგან.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე საფასურის ოდენობის შესახებ არაფერი იცის. დირექტორების თხოვნით, მათ ვინაობას არ ვასახელებთ.

”ქალბატონო, ჯერ არ არის დადგენილი, სად რა ფასი იქნება.”
”ჯერჯერობით ტარიფები არ არის გარკვეული და ამიტომ ვერაფერს გეტყვით მაგაზე.”

ერთ-ერთ საბავშვო ბაღში კი გვითხრეს, რომ საფასური მერიამ დაუწესათ:

”მერიიდან მოვიდა ეს ტარიფი, ყველა ბაღს ტარიფი მიანიჭა მერიამ, ანუ რომელ ბაღს რა ტარიფი ექნებოდა.”

მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ქაცარავა კი ამბობს, რომ ტარიფები თავად ბაღებმა მიაწოდეს მერიას და ის იმის მიხედვით შეირჩა, თუ რა დამატებით მომსახურებას სთავაზობს საბავშვო ბაღი ბავშვს. ამასთან, მამუკა ქაცარავა იმ დირექტორების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს, რომელთაც გადასახადის ოდენობის შესახებ ამ დრომდე არაფერი იციან:

”თუ დღესაც არ იცის, რა განფასება ექნება მის ბაღს, მისი საკადრო საკითხი დაისმება. მე კონკრეტულად არ გეკითხებით, რომელი დირექტორია, იმიტომ რომ ყველა ბაღში ეს უკვე გარკვეულია. ერთი კვირის განმავლობაში დირექტორებთან ამ საკითხზე მიმდინარეობდა კონსულტაციები და მიმდინარეობდა ფასების რეგულირება. რა თქმა უნდა, ფასები, პირველ რიგში, წარმოადგინეს დირექტორებმა იმ დამატებითი სერვისების მიხედვით, რომელიც მათ ჰქონდათ წლების განმავლობაში და ამაში დამატებით გადასახადს ახდევინებდნენ მშობლებს. ეს იყო 40-50 ლარი, მაგრამ ყველა ეს დამატებითი სერვისი შევა ბაღის მიერ წარმოდგენილ ერთიან ფორმატში.”

საუბარი იმის შესახებ, რომ თბილისის მუნიციპალური ბაღები ფასიანი გახდებოდა, მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, როცა თბილისის საკრებულომ საბავშვო ბაღების დაფინანსების ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით შეკვეცა. პირველად ამის შესახებ საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი, თინა ხიდაშელი ალაპარაკდა, თუმცა მაშინ ის დეზინფორმაციის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს, მათ შორის - მამუკა ქაცარავამაც. თინა ხიდაშელი დღესაც ამბობს, რომ სწორედ ბიუჯეტის შემცირების გამო იყო გარდაუვალი ბაღების ფასიან სისტემაზე გადასვლა:

”გარდაუვალი იყო ბაღებში საფასურის შემოღება. თანხა იმდენად დიდია და იმდენად განსხვავდება წინა დაფინანსებისგან, რომ სხვანაირად შეუძლებელი იყო.”

მამუკა ქაცარავა დღეს ამბობს, რომ წინასწარმეტყველი არ არის, რომ იანვარში ეთქვა შეიძლებოდა თუ არა საბავშვო ბაღებში გადასახადები დაწესებულიყო. ის ამბობს, რომ გადასახადის დაწესება არ უკავშირდება ბიუჯეტის შეკვეცას და ის ბაღების რეორგანიზაციის მესამე ეტაპის დასრულებითაა განპირობებული და ექსპერტთა დასკვნების საფუძველზეა მიღებული. ამასთან, მამუკა ქაცარავას განცხადებით, მეტ სოციალურად დაუცველ ბავშვს ექნება საშუალება საბავშვო ბაღში მივიდეს, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. მათ კი, ვისაც საშუალო ან მეტი შემოსავალი აქვს, მოუწევთ ბავშვი კერძო ბაღში მიიყვანონ, რითაც, მამუკა ქაცარავას აზრით, კერძო ბაღების განვითარებაც მოხდება, რაც ასევე შედის მერიის ინტერესებში.

ჩვენთან საუბარში 2 ბავშვის მშობელი ხატია ტლაშაძე ამბობს, რომ ბავშვები თემქაზე მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დაჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ბაღი მუნიციპალურ დაქვემდებარებაში იყო და, წესით, უფასო უნდა ყოფილიყო, ფასის გადახდა მაინც უწევდა, თუმცა არანაირი დამატებითი სერვისი არ იყო, მენიუც კი საკმაოდ მწირი იყო და ხორციან კერძს ბავშვები მხოლოდ კვირაში ერთხელ იღებდნენ:

”35 ლარს ვიხდიდი თითო ბავშვზე. წავედი და ვთხოვე დირექტორს, 2 ბავშვი დამყავს-მეთქი და შეღავათი გამიკეთე-მეთქი. თავი გაიგიჟა, არაო, და ამ დროს ბაღი სახელმწიფო იყო.”

ხატია ამბობს, რომ ოჯახისთვის, რომლის მხოლოდ ერთი წევრი მუშაობს, იოლი არ იქნება საფასურის გადახდა, თუმცა მისთვის ჯერ არ უთქვამთ, თუ რა დაუჯდება 2 ბავშვის მომსახურება:

”ცუდია, რა თქმა უნდა, მით უმეტეს, როცა ოჯახიდან მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს.”
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG