Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მავთულხლართები ქართულ სოფლებთან და გაუნაღმავი ტერიტორიები


გორის საინფორმაციო ცენტრში ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლების მცხოვრებლები შეიკრიბნენ და საკუთარ სოფლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის რაიონში არაერთი ქართული სოფელი ესაზღვრება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, ამ სოფლების მკვიდრთ კი უამრავი პრობლემა აწუხებთ. საერთაშორისო ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიო“ (Saferworld) „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტთან“ ერთად ახორციელებს პროექტს „უსაფრთხოება და ნდობა შიდა ქართლის კონფლიქტით დაზარალებულ თემებში“. ამ პროექტის ფარგლებში შერჩეული ადამიანები საკუთარ სოფლებში არსებულ ვითარებას განიხილავენ და გამოკვეთენ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. გორში გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის გასწვრივ არსებულ სოფლებში კვლავ გადაუჭრელია სარწყავი წყლით მომარაგების საკითხი. არის სოფლები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ მიწის ნაკვეთს ვერ ამუშავებს იმის გამო, რომ ეს მიწები ქართული საგუშაგოების მიღმა აღმოჩნდა. ბევრ სოფელში უსაფრთხოების და დაუცველობის შეგრძნება აქვთ. ზოგან შეშას ვერ იმარაგებენ, რადგან მიმდებარე ტყეებში ეგრეთ წოდებული რუსი მესაზღვრეები დგანან და იქ შესულ ადამიანებს აკავებენ, ზოგიერთ სოფელთან კი ეგრეთ წოდებულ საზღვრებს უკვე მავთულხლართებით ნიშნავენ. სოფელ დვანში რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა საზღვარი 2-3 მეტრით ქართულ მხარეს გადმოსწიეს და ადგილობრივ მოსახლეობას ნაკვეთებში შესასვლელი გზა ჩაუკეტეს. დვანელი ზაალ ახალკაცი ამ პრობლემის შესახებ ოსური მხარის წარმომადგენელს, მერაბ ჩიგოევსაც დაელაპარაკა, მაგრამ, პირობის მიუხედავად, ვითარება არ შეცვლილა. ახალკაცის აზრით, ქართულმა მხარემ მკაცრად უნდა მოითხოვოს, რომ მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრების გადმოწევა შეაჩერონ.

მავთულხლართების გაბმა დიცის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაიწყეს. ამ სოფლის მინდვრებში რუსმა მესაზღვრეებმა არაერთხელ ჩასხეს ეგრეთ წოდებული საზღვრის მანიშნებელი ძელები, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობას წააწყდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვარი რამდენიმე მეტრით შიგნით გადასწიეს, სადაც ახლა მავთულხლართებს აბამენ. დიცელი გელა მინდიაშვილის თქმით, რუსები საზღვრის გასწვრივ გაწვრთნილი ძაღლებით გადაადგილდებიან და ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ, შიგნით არ შევიდნენ.

აგვისტოს ომიდან სამი წელი გავიდა, მაგრამ ნიქოზისთვის გაუნაღმავი ტერიტორიები კვლავ პრობლემად რჩება. სოფელში, თავდაცვის სამინისტროს გარდა, საერთაშორისო განაღმვითი ორგანიზაციებიც მუშაობდნენ, მაგრამ ნაღმებს ადგილობრივი მოსახლეობა ისევ პოულობს. ნიქოზელი ლალი მელანაშვილის თქმით, სოფელში უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინაც მოხდა.

„უსაფრთხო მსოფლიოს“ წარმომადგენლის, დევიდ ვუდის თქმით, პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთში ცვლის ინფორმაციას და გამოსავლის გზებზეც თვითონ ფიქრობს. ვუდის განცხადებით, აქტიური საზოგადოება სამართალდამცავებსა და ხელისუფლებასთან კომუნიკაციით ცდილობს პრობლემების მოგვარებაში თვითონაც მიიღოს მონაწილეობა. მისი აზრით, ამისთვის რამდენიმე ფაქტორი არსებობს.

შიდა ქართლში მიმდინარე პროექტის გარდა, „უსაფრთხო მსოფლიო“ ეგრეთ წოდებული საზღვრის სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანების კომუნიკაციასაც ხელს უწყობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, ასეთი კავშირები ნდობის აღდგენას და მშვიდობის დამყარებას აადვილებს.
XS
SM
MD
LG