ერთადერთი ლეგიტიმური საფუძველი როდესაც შეიძლება სახელმწიფო საიდუმლო განსაიდუმლოვდეს, ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, - თქვა მედიაკოალიციის წევრმა იურისტმა თამარ კორძაიამ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. ვანო მერაბიშვილს ეთიკის ქარტიის საბჭოსა და მედიაკოალიციის წევრები 13 ივლისს შეხვდნენ. შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოთხი ფოტოგრაფის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის საჯაროობა და გამჭირვალობა უზრუნველყოფილი იქნება, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ "მცირე“ მტკიცებულებებს ეხება. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უკვე შინაგან საქმეთა მინისტრმაც განაცხადა, რომ საზოგადოებას შეეძლება გაეცნოს მტკიცებულებებს სასამართლო მოსმენების დროს. შეხვედრამ თითქმის 3 საათს გასტანა. იმის თაობაზე, არის თუ არა რაიმე უფრო ნათელი შეხვედრის შემდეგ ვიდრე შეხვედრამდე იყო და იმის თაობაზე, თუ რა ითქვა კონკრეტულად ამ 3 საათის განმავლობაში, შეხვედრის დამთავრებისთანავე, რადიო თავისუფლების სტუდიაში ისაუბრეს ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ და მედიაკოალიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1