Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმი და საკუთრების უფლებები სვანეთში


მესტია
მესტია
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საკუთრების უფლების დაცვის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო. ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით მომზადებული ანგარიშის სახელწოდებაა ”საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა დაბა მესტიის მაგალითზე”. ანგარიშში ასახულია ის პრობლემები და დარღვევები, რომლებიც თან ახლავს ამ მხარეში ტურიზმის განვითარების პროცესს.

სვანეთში ტურიზმის განვითარებამ ადგილობრივ მკვიდრთ დაგებულ გზებსა და ახალ სასტუმროებთან ერთად პრობლემებიც მოუტანა. მესტიაში აეროპორტის მშენებლობის გამო 30-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს 115 151 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა და მხოლოდ ერთმა ოჯახმა მიიღო კომპენსაცია. ასეთი დასკვნებია მოყვანილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა კვლევაში, რომლებიც ადამიანის საკუთრების უფლებებს იცავენ და რომელთაც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში პრეზენტაცია გამართეს.
ხშირია საჯარო რეესტრის მხრიდან უკანონო გადაწყვეტილებები, რომლებითაც ადგილობრივ მოსახლეობას დაუსაბუთებელი მიზეზით უარს ეუბნებიან საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე...

არასამთავრობო ორგანიზაციის - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი კახა კოჭორიძე ამბობს, რომ პრობლემებს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანო ქმნის, მათ შორის, საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახური, ასევე ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საკუთრების აღიარების კომისია.

”ძალიან ხშირია საჯარო რეესტრის მხრიდან უკანონო გადაწყვეტილებები, რომლებითაც ადგილობრივ მოსახლეობას დაუსაბუთებელი მიზეზით უარს ეუბნებიან საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ადგილობრივები ირონიით ამბობენ, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც საკრებულოსთან არის შექმნილი და რომლის ერთადერთი მოვალეობა არის საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე, ეს კომისია, ადგილობრივების განცხადებით, კანონს არ არღვევს. ირონია ისაა, რომ ის კანონს არ არღვევს იმით, რომ არაფერს აკეთებს, უფუნქციოდ არის, ანუ უკანონო გადაწყვეტილებებს არ იღებს, უბრალოდ, საერთოდ არაფერს აკეთებს”, - ამბობს საიას იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი კახა კოჭორიძე. მისივე განცხადებით, ადგილობრივები სასამართლოს იშვიათად მიმართავენ, მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ: პირველი - ფინანსური დანახარჯები და მეორე - დაბალი სამართლებრივი თვითშეგნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის დირექტორი ნინა ხატისკაცი ერთ-ერთ პრობლემად ადგილობრივი საზოგადოების ნაკლებინფორმირებულობას ასახელებს. ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ ამჟამად მესტიის ცენტრში მიმდინარეობს მშენებლობა, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის:
ნინა ხატისკაცი

”მესტიის ცენტრში ცოტა ხნის წინ დაგებული ფილაქანი, რომელიც ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ გაკეთდა, დაჯდა 1 მილიონ 300 000 ლარი. აქვე გაკეთდა შადრევანი, რომელიც გაკეთებისთანავე დაზიანდა და საერთოდ არც კი ჩართულა. დღეს მიმდინარეობს მესტიის ცენტრში უკანონო მშენებლობა. უკანონო არის, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი ინფორმაცია არც დაქირავებული კომპანიის, არც იმ ინვესტორის შესახებ, ვინც აშენებს სასტუმროს თუ კაფეს... და ეს მშენებლობა მიდის უკვე განხორციელებული პროექტების ხელყოფის ხარჯზე: აიყარა ის ფილაქანი, რომელიც იქ იყო დაგებული და, როგორც გითხარით, დაჯდა 1 მილიონ 300 000 ლარი, ანუ ერთხელ რაც გაკეთდა, ის აიყარა და ახლა იმ ადილას მიმდინარეობს ის უკანონო მშენებლობა, რომელზედაც, რამდენად სასაცილოც უნდა იყოს, ადგილობრივ ხელისუფლებას ინფორმაცია არა აქვს: გამგებლის მოადგილემ მიპასუხა, რომ არა აქვს არანაირი ინფრომაცია, თუ რა მშენებლობა მიდის მათი დაბის ცენტრში.”

კიდევ ერთ პრობლემაზე ლაპარაკობს არასამთავრობო ორაგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე. ის მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა საკუთრებისა და ადამიანის უფლებების დაუცველობაა. მისი თქმით, არავინ იცის, რა მოხდება მაშინ, როცა სვანეთში ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდება, რადგან ეს ადგილობრივებს დამატებით პრობლემებს შეუქმნის: უმიწოდ დარჩენილი მესტიელები პრაქტიკულად შემოსავლის გარეშეც დარჩებიან, ამბობს მანანა ქოჩლაძე.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG