Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დომინიკ სტროს-კანს შინაპატიმრობა შეუწყვიტეს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორი, დომინიკ სტროს-კანი, დღეისთვის მოულოდნელად დანიშნულ სასამართლო განხილვაზე შეეცადა და მიაღწია, რომ შინაპატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ. ის ეჭვმიტანილია სექსუალურ დანაშაულში, რის თაობაზეც მას ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს დამლაგებელმა ქალმა უჩივლა. „ნიუ იორკ ტაიმსი“ იუწყებოდა, რომ მსხვერპლის თუ მომჩივნის დამაჯერებლობის მიმართ პროკურატურას ეჭვი გაუჩნდა, რამაც მისცა საშუალება სტროს-კანის ადვოკატებს ადრინდელი გადაწყვეტილება გაესაჩივრებინათ.

სტროს კანი-გაუშვეს, მაგრამ მის სამგზავრო საბუთებს ხელისუფლება ჯერჯერობით იტოვებს. ასეთია პარასკევის სხდომის შედეგი.
მე არ ვეთანხმები იმ ფორმას, როგორც მას აშშ-ის მედია მოექცა, როცა პროცესზე მისი მიყვანისას ხელბორკილებით აჩვენეს....

„ნიუ იორკ ტაიმსის“ სტატიამ მას და მის ადვოკატებს საშუალება მისცა, გაესაჩივრებინათ ის პირობები, რომელშიც იმყოფება. 62 წლის სტროს-კანი, ამასთან, კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. პროკურატურამ კი მას 15 მაისს წაუყენა ოფიციალური ბრალდება გაუპატიურების მცდელობისა და სექსუალური აგრესიის, ასევე სხვა დანაშაულის გამო. მაშინ ითქვა, რომ თუკი დანაშაული დაუმტკიცდებოდა, მას 25 წლიანი ციხე ემუქრებოდა.

სტროს-კანს ნიუ-იორკის სასტუმრო „სოფიტელის“ დამლაგებელმა ქალმა, 32 წლის გვინეელმა ემიგრანტმა, უჩივლა. საპატიმროში ყოფნის შემდეგ სტროს-კანი მოსამართლემ გირაოთი გაუშვა, მაგრამ გაუშვა შინაპატიმრობაში, - მუდმივად კამერების თვალთვალის პირობებში, - სადაც მას ელექტრონული, ასე ვთქვათ, ბორკილები ედო ფეხებზე, ხოლო მის ბინას მუდმივად შეიარაღებული პოლიცია ყარაულობდა.

რა დაწერა ასეთი „ნიუ იორკ ტაიმსმა“?

პროკურატურის წარმომადგენელმა, რომელიც საქმეს იცნობს და რომლის ვინაობა არ ვრცელდება, გაზეთს არაოფიციალურად მიაწოდა ინფორმაცია, რომ მომჩივანი არაერთხელაა შემჩნეული ტყუილში, რის გამოც ბრალდება დაეჭვდა მის მიერ მიცემული ჩვენების სრულ კორექტულობაში. ქალის თაობაზე, „ნიუ იორკ ტაიმსის“ თანახმად, სამართალდამცავებმა ასევე შეიტყვეს, რომ ის ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა საპატიმროში მყოფ პირს მისთვის შესაძლებელ სარგებელზე, თუკი სტროს-კანის მიმართ საქმე აღიძვრებოდა. საპატიმროში მყოფი პირი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მომჩივანი ქალის საბანკო ანგარიშზე თანხა შეჰქონდა. სულ, ასი ათას დოლარზეაო ლაპარაკი.
დომინიკ სტროს-კანის ბნელი, ფარული მხარე, რომელიც ამ ინციდენტმა გამოავლინა, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის შეუფერებელია...

საქმის მთლიანად დახურვა ჯერ არ მოხდება. სასამართლომ მომავალი სხდომა კვლავ დანიშნა 18 ივლისისთვის. სტროს-კანის ადვოკატების თქმით, ისინი შეეცდებიან, რომ მას ყველა ბრალდება მოუხსნან. მოსარჩლე ქალის დაცვამ დაადასტურა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირი კვლავაც აცხადებს, რომ სტროს-კანი მას თავს დაესხა და სექსუალური თვალსაზრისით ძალა იხმარა.

სასამართლოს დასკვნა იმას ნიშნავს, რომ მძიმე დანაშაულში ბრალი აღარ ედება და პროკურატურა და სასამართლო მისი გაქცევის საშიშროებასაც ვეღარ ხედავენ. მას გადახდილი გირაოც დაუბრუნდა.

როგორც უნდა წარიმართოს პროცესი მომავალში, სტროს-კანის სრული რეაბილიტაცია, ალბათ, აღარ მოხდება. სავალუტო ფონდის დირექტორი უკვე დანიშნულია. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატად მისი წარდგენა კი არ არის გამორიცხული. ყოველ შემთხვევაში, სოციალისტური პარტიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ თუ ის სავსებით გაამართლეს, ეს ასეც იქნება.
მისი საქციელი, ჩემი აზრით, ვერ აკმაყოფილებს მორალურ პირობებს, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტს მოეთხოვება...

სტროს-კანის დაპატიმრების შემდეგ საფრანგეთში გამოკითხულთა ნახევარი არ გამორიცხავდა, რომ ის შეთქმულების მსხვერპლი იყო. თუმცა იმავე საფრანგეთში, სადაც ბევრი აღაშფოთა მის მიმართ აშშ-ში უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევამ, როცა ის ხელბორკილებით აჩვენეს ტელევიზიით, კარგად იციან სტროს-კანის მექალთანეობის შესახებ, რაც ამ სკანდალმა საჯაროდ სალაპარაკო გახადა. ეს 62 წლის ბანკირს პრეზიდენტობისთვის შეუფერებელს ხდის.

საფრანგეთის ყოველკვირეული „ლექსპრესის“ მთავარმა რედაქტორმა, კრისტიან მარკარიანმა, განაცხადა:

„მე არ ვეთანხმები იმ ფორმას, როგორც მას აშშ-ის მედია მოექცა, როცა პროცესზე მისი მიყვანისას ხელბორკილებით აჩვენეს. მაგრამ, ამის მიუხედავად, დომინიკ სტროს-კანის ბნელი, ფარული მხარე, რომელიც ამ ინციდენტმა გამოავლინა, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის შეუფერებელია. მისი საქციელი, ჩემი აზრით, ვერ აკმაყოფილებს მორალურ პირობებს, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტს მოეთხოვება.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG