Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”კონფუციური კაპიტალიზმი”: ცოტა რამ სინგაპურზე


სინგაპური
სინგაპური
საქართველოში ხშირია საუბარი სინგაპურიზაციაზე, როგორც გზაზე, რომელსაც დღევანდელი მმართველი გუნდი ადგას. ამაზე თავად ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ლაპარაკობს. რუსულ გამოცემა „ნოვაია გაზეტასთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია საქართველო მეორე სინგაპური გახდეს. ჩვენ სინგაპურის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებით დავინტერესდით.

სინგაპური პარლამენტური მოწყობის ქალაქი-სახელმწიფოა, რომელშიც მთავარი ძალა პრემიერ-მინისტრია და რომელიც ოფიციალურად წარმომადგენლობითი დემოკრატიაა. სინგაპური დღემდე მკვლევართათვის გამოცანაა. ეს არის სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობის 50-მდე წელიწადში კოლონიური მდგომარეობიდან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ცხოვრების დონეს მიაღწია. ოთხი აზიური ვეფხვიდან ის ერთ-ერთია: ჰონკონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი და სინგაპური. 50 წელიწადში ეს ოთხეული მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ მდგომარეობას აღწევს. მოდით, რამდენიმე ფრაგმენტი გამოვყოთ სინგაპურის ცხოვრებიდან:


”დისციპლინის” საზოგადოება

ფიზიკური დასჯის მეთოდი სინგაპურში ინგლისელმა კოლონიზატორებმა შემოიტანეს, თუმცა კოლონიურმა მეთოდმა მოგვიანებით განვითარებული სინგაპურის საკანონმდებლო დონეს მიაღწია. ათეულობით სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის, როგორიცაა ძარცვა, ხულიგნობა, პროსტიტუცია, ადამიანებს ჯოხით ცემით სჯიან. სინგაპური დასჯის ამ მეთოდს ათწლეულების განმავლობაში იყენებდა, თუმცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში ერთი ამბის შემდეგ მოხვდა. 18 წლის ამერიკელმა მოზარდმა მაიკლ ფეიმ ავტომობილები გრაფიტის საღებავით შეღება და საგზაო ნიშნები დააზიანა - ამისათვის მას 6-ჯერ ჯოხის დარტყმა მიუსაჯეს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მეოთხე დარტყმის შემდეგ ადამიანი ტკივილისგან გონებას კარგავს. საქმეში ამერიკის შეერთებული შტატები უმაღლეს დონეზე ჩაერთო, საუბარი იყო სხვადასხვა საერთაშორისო სანქციებზე… სინგაპურის ხელისუფლებას და მსოფლიოს მაშინ ოფიციალური ტრიბუნიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მიმართა.

1994 წელი, ბილ კლინტონი:

„მას სისხლი წამოუვა და, შესაძლოა, სამუდამო ნაიარევი გაუჩნდეს. მე ვფიქრობ, ეს შეცდომაა…“

ამერიკელების ჩარევის შემდეგ სინგაპურმა ჯოხის დარტყმის რაოდენობა 6-დან 4-მდე შეამცირა… დასავლურ მედიაში იყო საუბარი იმაზეც, რომ სინგაპურის სისტემას წინ ამერიკის შეერთებული შტატებიც კი ვერ აღუდგა. სინგაპურის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ: ყველამ უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობას, ჯოხით დასჯა კი ჩვენთან უზენაესი კანონია, ამიტომაც პატივი ეცით ამასო… თუმცა ეს თემა ამერიკა-სინგაპურის ურთიერთობებს სცდება. გაროზგვა სინგაპურში ტრადიციის ნაწილად აღიქმება. მას აღიქვამენ როგორც დასჯის მეთოდს, რომელიც ადამიანის გაკეთილშობილებას ემსახურება. ამ მეთოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი სინგაპურის მმართველი კუან იე იყო. იე სინგაპურს პრემიერ-მინისტრის რანგში 31 წლის განმავლობაში მართავდა. ეს მსოფლიოში ამ პოსტზე ყოფნის რეკორდია. მოგვიანებით იე საკუთარ წიგნში, ”სინგაპურის ისტორია”, დასჯის ამ მეთოდის საკუთარ გამოცდილებაზე წერდა და ამბობდა, რომ დასჯის ამ ფორმამ მას დისციპლინის პატივისცემა ასწავლა:

”მე გადავიხარე სკამზე და მივიღე ჯოხით სამი დარტყმა, შარვალი მეცვა. არასდროს მესმოდა დასავლელი განმანათლებლებისა, რომლებიც კორპორალური დასჯის წინააღმდეგ გამოდიან. ამას ჩემი მეგობრებისა და ჩემთვის ზიანი არ მოუტანია.”

ჯორჯ იო, რომელიც თავის დროზე სინგაპურის ინფორმაციისა და ხელოვნების მინისტრი იყო, შემდეგ კი - საგარეო მინისტრი, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:

”უცხოელებს შეიძლება პროტესტის გრძნობა გაუჩნდეთ, ზოგი დაგვცინის კიდეც, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ ბევრი დასავლური საზოგადოება გააკეთებდა იმას, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ. ჩვენ კონსერვატიული ხალხი ვართ, თითქმის ვიქტორიული ტიპისა ზოგიერთ ჩვენს ღირებულებებში. მე მჯერა, რომ გამათრახებაზე ან თუნდაც საღეჭ რეზინზე რეფერენდუმი რომ მოვაწყოთ, აღმოვაჩენთ, რომ უდიდესი ნაწილი სინგაპურელებისა მხარს დაუჭერს ამ კანონებს.”

ცოტაოდენი სტატისტიკა ინტერნეტიდან: 1987 წელს დასჯის 602 შემთხვევა იყო, 2007 წელს კი დასჯილთა რაოდენობა 6 ათასს ასცდა.


სიტყვით გამომსვლელის კუთხე

კიდევ ერთი საკითხი, რომელშიც დასავლურ ღირებულებებთან სინგაპურის, ასე ვთქვათ, შეჯახება მოხდა, სიტყვის თავისუფლება იყო. თუმცა, როცა ამ საკითხით დასავლური მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, სინგაპურში ჩასულებს, მათ ”სიტყვით გამომსვლელის კუთხე” დახვდათ. ”სიტყვით გამომსვლელის კუთხე” საგანგებო ორგანიზაციაა, ოფისებით, ტრანსპარანტებით, ტრიბუნებით, პროტესტისთვის დათმობილი საჯარო სივრცეებით. სიტყვით გამოსვლა და პროტესტის დაფიქსირება სპეციალური რეგისტრაციის გავლის შემდეგ ხდება. რეგისტრირდება პროტესტის მიზეზი, მიზანი, შინაარსი…
ყველაფერი ამის შეთანხმების შემდეგ პროტესტის გამომხატველი რეგისტრაციას გადის, მას ეძლევა სპეციალური დრო, მოწყობილობა - მაგალითად, სკამები, ტრიბუნები - და, რაც მთავარია, მისთვის გამოიყოფა სივრცე, სადაც მას პროტესტის გამოხატვა შეუძლია. ერთ-ერთ ასეთ რეგისტრირებულ გამომსვლელს ინტერნეტში მივაგენი. საჯარო პარკში, სინგაპურში, თეთრი ფურცლით შეიარაღებული ადამიანი თავისუფლებასა და ღირებულებებზე ლაპარაკობს:

”ჩვენ დემოკრატიული საზოგადოება ვართ, ჩვენ გვინდა ვნახოთ ღია საზოგადოება, გამჭვირვალობა, რატომ ხართ ჩუმად?..”

იმიტომ, რომ ეს კაცი მინდორში მარტო დგას, გარშემო მხოლოდ ხეებია… მის სიტყვებს მხოლოდ დასავლური ტელეკამერა იწერს. შეიძლება ეს კამერის წინ იმიტირებული სცენაც იყოს, მაგრამ ტენდენციის საჩვენებლად დასავლურ ტელევიზიაზე ნამდვილად იმუშავა. ამის შემდეგ სიუჟეტში ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, ამ ფორმამ აჩვენა, რომ ადამიანებს ეს არ აინტერესებთო. ერთ-ერთი ოფიციალური პირი ამბობს:

”სინგაპურელებმა გამოსცადეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზრდა ცხოვრების დონისა და ამის შემდეგ შენ ეკითხები ამ ხალხს, რატომ არ ჯანყდებით, რატომ არ გადიხართ ქუჩაშიო… და რატომ უნდა გავიდნენ?”


დისციპლინა და შრომის პოლიტიკა

სინგაპური მსოფლიოში მესამე ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე, უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ბევრ ევროპულ ქვეყანას. სინგაპურს ეკონომიკის 40-წლიანი ზრდის გამოცდილება აქვს. მის ეკონომიკურ მოდელზე წიგნები იწერება, ფორმულის ფუნდამენტში საუბარია ღია ვაჭრობასა და მოქნილ შრომით ბაზარზე, დაბალ დაბეგვრაზე, რამაც მსოფლიოს ფულადი ნაკადების სინგაპურისკენ მიმართვა გამოიწვია. ასევე ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრისას ლაპარაკობენ სინგაპურის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც თითქმის საუკუნეზე მეტია აზიის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრია. ინდუსტრიული წარმოების განვითარება და მშრომელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა უკვე ათწლეულებია სინგაპურში სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. თუმცა ეს, რაც ზედაპირზე და ეკონომიკურ ფორმულებში ჩანს, სინგაპურის წარმატების ფუნდამენტს კი მკვლევარნი სხვაგან ეძებენ: ორგანიზებული, გაწვრთნილი სამუშაო ძალა, და ეფექტური და მოქნილი მმართველობა.

სინგაპურის სამუშაო ძალას მკვლევარნი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შრომისუნარიან და დისციპლინებულად მიიჩნევენ.
სინგაპურს, ამ მხრივ, პარადოქსს უწოდებენ, ”კონფუციურ კაპიტალიზმს”, სადაც კაპიტალი ტრადიციას დაუმორჩილეს. მწერალი და ანალიტიკოსი კარლ ტროკი სინგაპურისადმი მიძღვნილ წიგნს ასე ასათაურებს: ”სინგაპური: სიმდიდრე, ძალაუფლება და კონტროლის კულტურა”. წიგნის დახასიათებაში კი ვკითხულობთ:

”იმასთან ერთად, რომ სინგაპური არის ქვეყანა, რომელიც 40-მდე წელიწადში გარდაისახა კოლონიური ქვეყნიდან ერთ-ერთ ეკონომიკურ ძალად აზიაში, ამავე დროს არის ყველაზე მეტად კონტროლის ქვეშ მყოფი საზოგადოება მსოფლიოში.”


იდეების დეფიციტი

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც სინგაპური 21-ე საუკუნეში დადგა, იდეებია. მაშინ, როცა ინდუსტრიული მასობრივი წარმოებიდან ქვეყანამ მაღალი ტექნოლოგიების წარმოებაზე გადასვლა დაიწყო, სინგაპურს კადრების დეფიციტი გაუჩნდა, დეფიციტი იმ ადამიანებისა, ვინც ახალ, არატრადიციულ მეთოდებს ნერგავს. ”იდეების ხალხი” ქვეყანაში სხვა ქვეყნებიდან მოიწვიეს. პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტონი ტანი ამბობს, რომ კონტროლის ტრადიციული მეთოდებით ამ შედეგის მიღება რთულია:

„ახალი ეკონომიკა იდეების ეკონომიკაა, ეს ყველაზე რთულად სამართავი სფეროა მთავრობისთვის დღეს… ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც სინგაპური დგას დღეს, ჩემი აზრით, წარსული წარმატებაა. და ცდუნება ყოველთვის აქაა. როცა გაქვს მოდელი, რომელიც წარმატებულად მუშაობდა შენთვის, გგონია, რომ ის ყოველთვის იმუშავებს და შენ ექსტრაპოლაციას ახდენ მომავალში, მაგრამ... მსოფლიო შეიცვალა…“

წარსულის გამოცდილება მომავალში აღარ გამოდგება.სინგაპურს მოუწევს კონტროლის ”შერბილება” და შეცვლილ სამყაროსთან ადაპტირება. სხვაგვარად მას ახალ რეალობასთან თანაარსებობა გაუჭირდება, აღნიშნავენ ექსპერტები…


P.S.

ახლა კი ერთი დეტალი, რომელიც, ვფიქრობ, საინტერესოა. ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში სინგაპურის ინდუსტრიალიზაციაში ჩაბმის შედეგად ანალიტიკოსებმა სამი ძირითადი ფაქტორი გამოყვეს: კაპიტალი, შრომითი ბაზარი და მიწა.
კენეს ბერკუსონის კვლევის მიხედვით, ფაქტორი, რომელმაც სინგაპურის ინდუსტრიალიზაციის პროცესში პრობლემები განიცადა, მიწაა - უფრო სწორად, სოფლის მეურნეობა:

”რაც მოსალოდნელი იყო სწრაფი განვითარების შედეგად, სოფლის მეურნეობისთვის გამოყენებული მიწის ფართობები საგრძნობლად შემცირდა 1960 წლიდან, წარმოებისათვის კი მიწის მოხმარება გაორმაგდა.”

სინგაპურის საერთო ტერიტორია საქართველოზე ასჯერ ნაკლებია.
XS
SM
MD
LG