Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი, ოქრუაშვილი და „საგარეო“ ქართული ჯარი


ახლო წარსულში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთგულმა თანამებრძოლმა და „ყველა დროის საუკეთესო თავდაცვის მინისტრად მონათლულმა“, ამჟამად კი დევნილობაში მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილმა მრავალწლიანი დუმილი დაარღვია და არა მხოლოდ თავისი ოპონენტების, არამედ ნეიტრალურად განწყობილი ადამიანების რისხვა დაიმსახურა. 30 მაისს რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით ნაჩვენებ ანტონ ვერნიცკის პროპაგანდისტულ დოკუმენტურ ფილმში „მეტასტაზები 2“ ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საშიში ტერორისტების მფარველობასა და ჩრდილოკავკასიურ იატაკქვეშეთთან ფარულ თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

http://www.youtube.com/watch?v=opAvHKRW9gc&feature=related
ოქრუაშვილის თანახმად, აჩიმეზ გოჩიაევს, როგორც 1999 წლის სექტემბერში მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქების ერთ-ერთ ორგანიზატორს, საქართველოს ხელისუფლებამ 2005-2006 წლებში რამდენჯერმე მისცა დერეფანი საქართველოს საზღვრის გავლით:

„ის, რომ მას[გოჩიავეს] მიეცა დერეფანი, თანაც არა ერთხელ, არამედ ორჯერ, ამის თვითმხილველი თავად ვარ. ამ საკითხის გადაწყვეტით დაკავებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და იგი დაღესტნის გავლით თურქეთში გადაიყვანეს და მერე უკან, ასევე ერთხელ, მისცეს დერეფანი. ასეთი საკითხები კი მის [სააკაშვილის] გარეშე არ წყდება.“

ერთ დროს საქართველოს სამაგალითო თავდაცვის მინისტრმა, რომლის ზედმეტად ხისტი და მოხელის ეთიკასთან შეუსაბამო საქციელის კრიტიკისათვის პირადად საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი ნაციონალური პარტიის ზოგიერთი სახე „აბიჟნიკებს“ და „ყორღანაშვილებს“ უწოდებდა დამოუკიდებელ ქართველ ჟურნალისტებს, რუსეთის ტელევიზიით ჩრდილოკავკასიურ იატაკქვეშეთთან საქართველოს სპეცსამსახურების ფარული თანამშრომლობის სქემაც „გაშიფრა“:

„ჩემს წინაშე დაისვა საკითხი, გამომეყენებინა ჩვენი ბანკები იმ ფულის მისაღებად, რომელიც ჩეჩნეთში უნდა გადაგზავნილიყო. რაც შეეხება დერეფნებს, რომლითაც ხალხი გადადიოდა ჩეჩნეთში და იქიდან უკან, საქართველოში... ის, რომ ცალმხრივად იქნა გაუქმებული სავიზო რეჟიმი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობდნენ, ეს არ გაკეთებულა იმისათვის, რომ იქიდან ვინმე მოეზიდათ ნორმალური ურთიერთობისათვის. ეს კეთდებოდა იმათთვის, ვინც იქიდან უნდა შემოსულიყო სავიზო რეჟიმისა და პასპორტის დიდი შემოწმების გარეშე.“

ოქრუაშვილის ამ „სამხილში“ ყველაფერი რიგზე ვერ არის. და ამ შეუსაბამობას შეამჩნევს ყველა, ვინც საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი მეტ-ნაკლებად მაინც იცის. საზღვრის ერთ მხარეს დგანან ქართველი მესაზღვრეები, მეორე მხარეს, დაახლოებით 600 მეტრის იქით - რუსები, და შეუძლებელია რუსმა მესაზღვრეებმა ან თავისკენ შეუშვან, ანდა საქართველოში შემოუშვან საეჭვო პირი, თუკი ამით თავადვე არ არიან დაინტერესებულნი. მაგრამ ოქრუაშვილის სამხილები არ არის განკუთვნილი ფიქრისა და ანალიზის მოყვარული პუბლიკისათვის. ოქრუაშვილის აღიარებები, ისევე როგორც ვერნიცკის ფილმი „მეტასტაზები“, განკუთვნილია მაყურებლისთვის, რომელსაც სჯერა, რომ რუსეთის პრობლემების სათავე არის ჩრდილოეთ კავკასია, მზარდი ვაჰაბიზმი და ტერორისტების მხარდამჭერი საქართველო და რომ დადგა დრო, კვანძი გადაიჭრას. „ამ მეტასტაზების გავრცელება უნდა შევაჩეროთო“, - ასე ამთავრებს ხსენებულ ფილმს ანტონ ვერნიცკი.

საქართველოს ხელისუფლებამ ოქრუაშვილის ბრალდებებს წაუყრუა და კომენტარის ღირსადაც არ ჩათვალა. თუმცა აშკრად ჩანს, რომ რუსეთი მხოლოდ ამ ფილმით არ შემოიფარგლება და თავისი სპეცსამსახურების ხელით შეეცდება კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება საქართველოში, მოახდინოს ახალი კონფლიქტის ესკალაცია საქართველოში დამალული ტერორისტების განადგურების საბაბით. სქემა შეიძლება იყოს ასეთი: ე.წ. ჩრდილოკავკასიური საამირო 30 მაისიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, ხოლო მისი ლიდერის, დოკუ უმაროვის ადგილსამყოფლის დადგენისათვის თეთრი სახლი მზად არის 5 მილიონი დოლარი გადაიხადოს. ამასობაში კი რუსული სპეცსამსახურები და მედია ეცდებიან მოიპოვონ ახალ-ახალი სამხილები, რომ უმაროვი სწორედ საქართველოშია და ტერორისტებს სწორედ საქართველოს ხელისუფლება მფარველობს, ის ხელისუფლება, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც: საქართველოს 1000-კაციანი კონტინგენტი დასავლეთის ქვეყნების მხარდამხარ იბრძვის ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ.

კვირის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველო მზად არის ავღანეთში დამატებით კიდევ 600 ჯარისკაცი გაგზავნოს. ამის შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილება უკვე მიუღია საქართველოს პრეზიდენტს და ეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე- პრეზიდენტის ჯო ბაიდენისთვის იტალიაში შეხვედრის დროს უცნობებია.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, „ბაიდენმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ მადლიერება გამოხატა იმ ახალი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთში უსაფრთხოების მხარდაჭერის საქმეში [ISAF] შეაქვს და რომელიც საქართველოს ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ISAF-ში ყველაზე დიდ კონტრიბუტორად გახდის,”

აღსანიშნავია, რომ ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ავსტრალიას ჰყავს - 1 550, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო დამატებით, სულ ცოტა, 625 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. მეტი ჯარისკაცი კი ავღანეთში ნიშნავს მეტ მსხვერპლსა და დანაკარგს. ორწლიანი სამშვიდობო მისიის განმავლობაში ავღანეთში 8 ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ბოლო ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, 27 მაისს პატრულირების დროს დაიღუპა ნაღმზე აფეთქების შედეგად. უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიძე საქართველოში უხმაუროდ გადაასვენეს და მიაბარეს მიწას, მაშინ როცა 26 მაისს რუსთაველის მოედანზე აქციის დაშლის დროს დაღუპული პოლიციელი სახელმწიფო პატივითა და ღირსებით დაკრძალეს საბურთალოს პანთეონში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG