Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ჩეხეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართა


ჩეხეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი. ტრიბუნასთან კარელ შვარცენბერგი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჩეხეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი. ტრიბუნასთან კარელ შვარცენბერგი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს კარელ შვარცენბერგს თან ახლდა ჩეხი ბიზნესმენების დიდი დელეგაცია. მათ ჩეხეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე საქართველოს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები გააცნეს. რა სფეროები აინტერესებს ჩეხურ ბიზნესს საქართველოში და რა ერთობლივი პროექტები ხორციელდება ორი ქვეყნის კომპანიების მონაწილეობით?

მე ბევრი კომპანია ჩამოვიყვანე, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიები ჩეხეთის რესპუბლიკაში. ისინი გაეცნობიან ვითარებას...
საქართველო-ჩეხეთის ბიზნესურთიერთობებს დიდი ხნის ისტორია აქვს - ის სათავეს იღებს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. იმჟამინდელ ჩეხოსლოვაკიაში ქართული ღვინისა და კონიაკის ექსპორტი ხორციელდებოდა, სანაცვლოდ კი საბჭოთა საქართველოში ჩეხური ტექნიკა, მასალები და საყოფაცხოვრებო ნივთები შემოდიოდა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საბჭოთა-სოციალისტური ბლოკის დაშლასთან ერთად დაიკარგა ძველი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველო-ჩეხეთს თავიდან უწევთ ერთმანეთის ბაზრების გაცნობა.

12-13 მაისს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარელ შვარცენბერგთან ერთად საქართველოს ჩეხი ბიზნესმენების დიდი დელეგაცია ესტუმრა. ისინი, საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური პოტენციალის შესწავლისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით, ქართველ კოლეგებთან ერთად საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმზე შეიკრიბნენ. ფორუმის გახსნაში მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა, რომელმაც განაცხადა:

კარელ შვარცენბერგი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
”მე ბევრი კომპანია ჩამოვიყვანე, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიები ჩეხეთის რესპუბლიკაში. ისინი გაეცნობიან ვითარებას. შემდეგ დავიწყებთ მათ პარტნიორებთან დისკუსიას. მადლობა ღმერთს, კერძო ეკონომიკის საქმეა შეთანხმებების მიღწევა. ჩვენ მხოლოდ წარმოვადგენთ მათ, კარს ვუღებთ, მაგრამ გზა მათ უნდა გაიკვალონ.”

ჩეხი ბიზნესმენებისთვის საქართველოს ბაზრის კარის გაღებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია შეეცადა და ბიზნესფორუმზე საქართველოს რეფორმებზე ისაუბრა. ვერა ქობალიამ სტუმრებს კორუფციასთან ბრძოლაში, ბიზნესის დაწყების გამარტივებასა და გადასახადების შემცირებაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები გააცნო. მან კმაყოფილება გამოთქვა ჩეხეთის ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაციის ჩამოსვლის გამო:

ვერა ქობალია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„სავაჭრო ბრუნვა იზრდება ჩეხეთ-საქართველოს შორის, მაგრამ დღეს ჩეხეთის მხარე დაინტერესებულია არა მხოლოდ ენერგოპროექტებით, ასევე არიან დაინტერესებული სამშენებლო პროექტებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის პროექტებით დაინტერესდნენ და იმედი გვაქვს, რომ შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც მოივლიან საქართველოს, ნახავენ სხვადასხვა ადგილს, ქარხნებს, უკვე მეტი ინტერესი გაუჩნდებათ და ახლო მომავალში ახალ ჩეხურ-ქართულ საწარმოებს გახსნიან.“

ბოლო წლებში საქართველოში ჩეხური ინვესტიციები და ჩეხური კომპანიების საქმიანობა საგრძნობლად გაიზარდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია კომპანია „ენერგოპრო“, რომელიც თბილისის გარდა მთელ ქვეყანაში ელექტროდისტრიბუციას ახორციელებს. მასთან არის დაკავშირებული სხვა ჩეხური კომპანიების საქმიანობაც.

საქართველოში ეკონომიკური ბუმის პერიოდში - კერძოდ კი, 2007 წელს - ჩეხური ბიზნესის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები 230 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. მომდევნო წლებში ამ რიცხვმა იკლო, თუმცა ინტერესი კვლავაც დიდია. შედარებით მოკრძალებულია ვაჭრობის მაჩვენებელი, დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა ისიც ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ორი ქვეყნის მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მილან ხოვორკა საუბრობს:
აქ ვართ იმის უკეთესად გასაგებად, თუ რა ხდება საქართველოში, რა პრიორიტეტები აქვს მთავრობას და რა საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს ჩეხეთის კომპანიებისთვის ...

”ჩეხური კომპანიები საკმაოდ კარგად მუშაობენ საქართველოს ტერიტორიაზე და ახორციელებენ ინვესტიციებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, უპირატესად ენერგეტიკაში და მასთან დაკავშირებულ სფეროებში. თუმცა, ინვესტირება ხორციელდება სხვა სექტორებშიც - ვგულისხმობ მათ დაინტერესებას საქართველოს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციითა და განვითარებით, აგრეთვე საქართველოსთვის გარემოსდაცვით გამოწვევებთან გამკლავებაში დახმარებით. სრულიად ნათელია, რომ ამ ტიპის ღონისძიებების მიზანია გაიზარდოს არსებული საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები. აქ ვართ იმის უკეთესად გასაგებად, თუ რა ხდება საქართველოში, რა პრიორიტეტები აქვს მთავრობას და რა საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს ჩეხეთის კომპანიებისთვის. აგრეთვე უნდა ვთქვა, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ ჩვენს ყოფნას საქართველოში, არამედ ეს არის აგრეთვე სურვილი და მზადყოფნა იმისთვის, რომ ვიხილოთ მეტი მწარმოებელი და ინვესტორი საქართველოდან ჩეხეთის ბაზარზე.”

ჯერჯერობით უფრო მეტ დაინტერესებას ჩეხური კომპანიები იჩენენ. მაგალითად, თბილისში ბიზნესფორუმზე მყოფმა ჩეხეთის კომპანია „ინეკონის“ გენერალურმა დირექტორმა იოზეფ ხუშეკმა განაცხადა, რომ მის კომპანიას სურვილი აქვს თბილისში ტრამვაის მწარმოებელი ქარხანა ააგოს და მონაწილეობა მიიღოს რკინიგზის მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის პროექტებში. საქართველოთი ჩეხური კომპანიების დაინტერესებას ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ნინო ნაკაშიძე განმარტავს:

„საქართველოში მოქმედი ჩეხური კომპანიები არიან საკმაოდ წარმატებული. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, რომ ბიზნესმენთა ჯგუფი გამოჰყვეს საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა მოიძიოს საშუალება, რომ გააფართოოს ინვესტიციები და ერთობლივი ბიზნესი დაიწყოს საქართველოში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩეხეთი ისედაც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ჩეხეთიდან საქართველოში.“

ჩეხეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლობითი დელეგაციის თბილისში ვიზიტს წინ უძღოდა ჩეხურ-ქართული შერეული სავაჭრო პალატის გახსნა პრაღაში.
XS
SM
MD
LG