Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთ-საქართველოს შერეული სავაჭრო პალატა მუშაობას იწყებს


საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის დროშები
საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის დროშები
ხუთშაბათს პრაღაში, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ერთ-ერთ დარბაზში, ერთმანეთის გვერდით იხილავდით საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის დროშებს. დაფუძნდა ჩეხეთ-საქართველოს შერეული სავაჭრო პალატა. ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში შეკრებილები, საქართველოსა და ჩეხეთის ოფიციალური პირები, სამინისტროების, კომპანიების წარმომადგენლები, ახლად დაფუძნებული პალატის წევრები, სიტყვით გამოსვლების, საქართველოს მიღწევებზე საუბრისა და ფირმების წარდგენის შემდეგ უკვე ოდნავ დაღლილები, ბოლოს ქართული ღვინის პრეზენტაციაზე მიიწვიეს. ღვინო თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ფენოვან ხაჭაპურს მაინც განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა. ეს იყო, ალბათ, პირველი ასეთი წარმატება საქართველო-ჩეხეთის ვაჭრობის სფეროში, რომელსაც პრაღაში, ჟიჟკოვად წოდებულ უბანში, არცთუ დიდი ხნის წინ გახსნილმა ქართულმა საცხობმა მიაღწია. საცხობი ახლა იდგამს ფეხს, მის მფლობელებს გაზრდა-გაფართოების გეგმები აქვთ. ეს არის ის რესურსი, რომელზეც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ მილან ჰოვორკამ გვითხრა, სანამ ამაზე უკვე საჯაროდ ილაპარაკებდა. მინისტრის მოადგილე არ ფიქრობს, რომ ჩეხეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის დაფუძნება დაგვიანდა. მისი თქმით, საქართველო უკვე რა ხანია ჩეხეთის პარტნიორია:

„როგორც ცნობილია,საქართველო ჩვენი პარტნიორია და ეს მოვლენაც აჩვენებს საქართველოსთან ურთიერთობის უწყვეტობას და იმ ინტერესს, რომელიც გვაქვს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების მხრივ. ჩვენ სოლიდური ბაზისი გვაქვს ამისათვის. საკმაოდ დიდია ორივე მხარეს იმ კომპანიების რიცხვი, რომლებსაც სურვილი აქვთ გამოიყენონ შესაძლებლობა საქმიანი კავშირებისათვის ორივე ბაზარზე. და მთავრობები - ეს ასე იყო უკვე ადრეც - მზად არიან ამ მხრივ ხელშეწყობისთვის. სამთავრობო დონეზე ურთიერთობა ხელს უწყობს თანამშრომლობას უკვე კომპანიებს შორის, ხელს უწყობს ერთმანეთთან მათ დაკავშირებას, უკვე არსებული პარტნიორობის გაძლიერებას და ახალი კომერციული კავშირების გაჩენას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი სავაჭრო პალატა სამსახურს გასწევს, როგორც ძლიერი იარაღი, განვითარდეს თანამშრომლობის გარემო, არსებული გაღრმავდეს და დაკმაყოფილდეს ორივე ქვეყნის ეკონომიკური მოთხოვნილებები.“

სწორედ ჰოვორკა იყო პირველი მომხსენებელი, რომელსაც სიტყვა მისცა იოზეფ რეგნერმა, ჩეხეთ-საქართველოს შერეული სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ. ჰოვორკა რომ ამ ურთიერთობის მომხრე და მხარდამჭერია, მან ეს გაიმეორა თავის გამოსვლაშიც და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჩეხეთში საქართველოს საელჩოსა და ელჩის, ნინო ნაკაშიძის, დამსახურებას.

პრაღაშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აბესალომ კეკელია. მან დამსწრეთ, 50-მდე სტუმარს, - უმეტესობა კი ჩეხეთის ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ, - ჩამოუთვალა ის მიზეზები, რის გამოც საქართველოში ფულის ჩადება და ამ ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობა მიზანშეწონილია. მიზეზი კი, კეკელიას თქმით, ათია. მათ შორისაა: რეფორმებში წარმატება, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით სასარგებლო, სატრანზიტო მდებარეობა, ეკონომიკური გარემო, გადასახადების სიმცირე და სხვა. კერძოდ, ტურიზმზეც ილაპარაკა მინისტრის მოადგილემ და წარმოადგინა პროექტები ამ სფეროში. აბესალომ კეკელიამ ახლად დაფუძნებული სავაჭრო პალატის მნიშვნელობაზე რადიო თავისუფლებას უთხრა, პალატა დააკავშირებს ჩეხ და ქართველ ბიზნესმენებს იმისათვის, რომ კონკრეტული თანამშრომლობა დაიწყოსო. აქ უმეტესად ჩეხები მოვიდნენ, მაგრამ ჩვენი მიზანია, თქვა კეკელიამ, მათ ქართველი პარტნიორები მოძებნონ, რასაც მთავრობამ უნდა შეუწყოს ხელიო. რა შეიძლება გაკეთდეს პრაქტიკულად, რათა საქართველო მართლაც გახდეს ჩეხი ბიზნესმენების ინტერესის ადგილი? აბესალომ კეკელიამ თქვა, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მაგალითი, წარმატებული მაგალითი, რასაც აქ მოსული ბიზნესმენები იძლევიანო.

ჩეხეთ-საქართველოს შერეული სავაჭრო პალატის დაფუძნებისადმი მიძღვნილ სხდომაზე, როგორც ზემოთაც ითქვა, არაერთი ბიზნესმენი იყო. მათ საშუალება მიეცათ, თავი გაეცნოთ დამსწრეთათვის და საკუთარი სურვილი გამოეხატათ. არაერთი იქ მყოფი უკვე თანამშრომლობს საქართველოსთან. იყვნენ ისეთებიც, ვისაც საქართველოში ეგულება შესაძლებლობა, დაიწყოს საქმიანობა.

ჩეხეთ-საქართველოს შერეული სავაჭრო პალატა პრაღაში დაიდებს ბინას. მისი თავმჯდომარე ჩეხეთის წარმომადგენელია, ვიცე-პრეზიდენტი - პრაღაში მცხოვრები ბიზნესმენი, ძირითადად სამშენებლო სფეროში დაკავებული ვაჟა კიკნაველიძე. სწორედ მისი საქმიანობის არეალში, პრაღის მახლობლად მდებარე ტუხომერიცეში ექნება ბიურო სავაჭრო პალატას. ვაჟა კიკნაველიძე თვლის, რომ ჩეხეთში არის საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესებული ფირმები, არის კონკრეტული პროექტებიც, მაგრამ საქართველოს შესახებ ინფორმაციის დონე ძალიან დაბალია და თუკი პალატას რამის გაკეთება შეუძლია, ესაა ინფორმაციული საქმიანობა. ფირმები არის, მაგრამ მათ გათვითცნობიერება სჭირდებათო, ამბობს კიკნაველიძე, რომელიც 30 წელია ჩეხეთშია და ამ ქვეყნის რეფორმებს თვალყურს ადევნებდა. საქართველოში რეფორმების მიმდინარეობა ჩეხეთისთვის სამაგალითოა და თუკი ჩეხი ბიზნესმენი ამას მართლაც დაინახავს, ინტერესი არათუ გაორმაგდება, გაათმაგდებაო, გვითხრა ხუთშაბათს პრაღაში დაფუძნებული ჩეხეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვაჟა კიკნაველიძემ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG