Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უნდა ელოდონ პენსიონერები საქართველოში


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა პენსიონერებთან რუსთავში
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა პენსიონერებთან რუსთავში
მინიმალური პენსია პირველი სექტემბრიდან იქნება 100 ლარი, - განაცხადა 7 მარტს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში პენსიონერებთან შეხვედრაზე. მანვე აღნიშნა, იმედი მაქვს, მომავალი წლის პირველ ნახევარში საპენსიო პაკეტი 100 დოლარის ტოლი გახდება, პაკეტში კი შევა საბაზო პენსია, დანამატი სტაჟის მიხედვით და სამედიცინო დაზღვევა, თუმცა ამას წინ საპენსიო რეფორმა უნდა უძღოდესო. ხელისუფლების ოპონენტებმა პრეზიდენტის გუშინდელი დაპირება შეაფასეს პოლიტიკურ ნაბიჯად, რომელიც ინფლაციით გამოწვეული გაუარესებული სოციალური მდგომარეობის საკომპენსაციოდ იდგმება და სრულებითაც არ გულისხმობს პენსიის რეალურ გაზრდას.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 მარტს თქვა:

“მინიმალური პენსია პირველი სექტემბრიდან გახდება 100 ლარი, თბილისში ისედაც 10 ლარით მეტია, მაგრამ ყველა ერთად გაუტოლდება 100 ლარს. სტაჟი და დამსახურება ვისაც აქვს, კიდევ მიიღებს 7 ლარს, ანუ 107 ლარს, და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვინც არის და, სამწუხაროდ, საქართველოში პენსიონერების 30% ეს არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, მათ ექნებათ 30 ლარიანი დანამატი და პლუს 15 ლარიანი დაზღვევა.”

მიხეილ სააკაშვილმა სექტემბრიდან პენსიის 100 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა შემდეგი გარემოებებით ახსნა: დავთვალეთ შემოსავლები, შევამცირეთ სახელმწოფო ხარჯები, გვაქვს ეკონომიკური განვითარების სამომავლო იმედიო. რაც შეეხება 100 დოლარიან საპენსიო პაკეტს, ეს უკვე საპენსიო რეფორმის შედეგი იქნება, რაც სახელმწიფოს, გადამხდელებსა და პენსიონერებს შორის ურთიერთობების გადანაწილების საფუძველზე განხორციელდება, მოგებული კი ამით პენსიონერი უნდა დარჩესო, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მართალია, პრეზიდენტმა პენსიის 100 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა ახსნა, მაგრამ ოპონენტები მაინც ფიქრობენ, რომ ეს ინიციატივა ინფლაციით გამოწვეული სოციალური უკმაყოფილების გასანეიტრალებელი ნაბიჯი უფროა, ვიდრე პენსიონერებზე რეალური ზრუნვა. პარლამენტარი გიორგი თარგამაძე, ”ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ამბობს, რომ ეს, უბრალოდ, ინდექსაციაა:

”ეს მნიშვნელოვანი ზრდაა, მაგრამ არასაკმარისი, და მას მხოლოდ ინდექსაცია შეიძლება ეწოდოს, გამომდინარე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდიდან. ამიტომ ჩვენ გვინდა ხელისუფლებას 2 მიმართულებით მივმართოთ: პირველი, გამოიჩინოს ყურადღება ამ ინიციატივის განხორციელებისას, გაითვალისწინოს, რომ აღმოსაფხვრელია ის უთანასწორობა, რომელიც არსებობს თბილისში, სხვა რეგიონებში და სოფლის მოსახლეობის საპენსიო ანაზღურებას შორის და, მეორე, მივმართავთ სტატისტიკის დეპარტამენტს, რათა დროზე მოხდეს გადაანგარიშება იმ პროდუქტების ფასების ზრდის გათვალისწინებით, რომელმაც საარსებო მინიმუმი დღეს საგრძნობლად გაზარდა.”
რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით აზრი პენსიონერებსაც ჰკითხა:

”შუქი, გაზი, წყალი იმდენი გროვდება, რომ 100 ლარი, ფაქტობრივად, არაფერი არ არის. შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი თანხაა, რომ ყველას 100 ლარი მისცეს, მაგრამ... ”

რუსთაველის გამზირზე ყვავილებით მოვაჭრე პენსიონერი ქალბატონი თამარი კი ამბობს, ყველას ერთნაირი პენსია არ უნდა ჰქონდეს, ხელისუფლებამ მუშაობის სტაჟიც უნდა გაითვალისწინოსო:

” ზუსტად ეგ მიკლავს გულს, რომ მთელი ცხოვრება თავს ვიკლავდი მუშაობით, მავნე სამსახურში ვიყავი და მთლად უმუშევარს და მუშა ხალხს ერთნაირი პენსიები დაგვენიშნა.”

”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე- პრეზიდენტი გია ჯანდიერი ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივის შეფასებისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა სახსრებიდან ხდება პენსიების მატება. ის ვარაუდობს, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებული გარკვეული პრიორიტეტები ინფლაციის პარალელურად შეიცვალა და ახლა ამ პრიორიტეტების საპენსიო მიმართულებით გამოყენება ხდება. რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, რომელიც აქამდე ვერ განხორციელდა და რომელიც, წესით, სტაჟის მიხედვით პენსიის გაცემაზე უნდა იყოს ორიენტირებული, გია ჯანდიერი მას 15 წლით დაგვიანებულს უწოდებს:

”ახალ სქემებზე გადასვლა, რაც გულისხმობს სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილებას ამ სფეროში, უნდა გაგვეკეთებინა 15 წლის წინ. სამწუხაროდ, მოვდივარ ამდენი ხანია და ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ბედავს გადადგას მკვეთრი ნაბიჯები და აუწყოს საზოგადოებას, რომ ისინიც ვალდებულნი არიან საკუთარ სიბერეზე იზრუნონ და შეიძლება, მართლაც, ერთ მშვენიერ მომენტში გამოცხადდეს, რომ სტაჟის მიხედვით გავცემთ პენსიებს, რაც სრულ კატასტროფას მოიტანს ქართული ეკონომიკისთვის.”

დღევანდელი ბიუჯეტიდან საპენსიო ხარჯი 800 მილიონ ლარს, ანუ ბიუჯეტის 12 პროცენტს, შეადგენს. ჯერჯერობით უცნობია, საპენსიო რეფორმის შემდეგ ხელისულება რა სქემას აირჩევს და რა მეთოდით მოხდება უკვე ახალი წლიდან საპენსიო პაკეტის 100 დოლარამდე გაზრდა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG