Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყანაში ფასების ზრდა გრძელდება


ქვეყანაში ფასების ზრდა გრძელდება, რაც ძირითად სასურსათო პროდუქტებს შეეხება. საქსტატს თებერვლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ იანვრის მონაცემებიც ცხადყოფს, რომ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში სამომხმარებლო კალათის შემადგენელ ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასები ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა. როგორც საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე ამბობს, გასული წლის 12, 3 პროცენტიან ინფლაციაში სურსათის წილი 10 პროცენტზე მეტი იყო:

”საარსებო მინიმუმი არის 152 ლარი და 70 თეთრი. ეს მონაცემი არის ბოლო 7 წლის მაქსიმუმი. ასეთი მაღალი საარსებო მინიმუმი არასოდეს ყოფილა. საარსებო მინიმუმის დათვლა ხორციელდება სპეციალური სასურსათო კალათით. სასურსათო კალათაში შედის 40 დასახელების საქონელი, ძირითადად, კვების პროდუქტები, გამომდინარე იქიდან, თუ რა მინიმალური კალორიები, ცილები, ცხიმები სჭირდება ადამიანს არსებობისთვის. ჩვენ რომ შევადაროთ გასული 2010 წლის მონაცემს, მაშინ საარსებო მინიმუმი იყო 128 ლარი. შესაბამისად, ძალიან მაღალია განსხვავება ერთწლიან პერიოდში.”

ინფლაციური პროცესების გამო სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლება გარკვეულ სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემაც ისაუბრა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე:

”ხელისუფლება განაგრძობს ანტიკრიზისულ პროგრამაზე მუშაობას. მოსახლეობისთვის დახმარება მხოლოდ ელექტროენერგიისა და სასურსათო ვაუჩერების დარიგებით არ სრულდება. მთავრობა კარგად აცნობიერებს იმას, რომ სოციალური დახმარებების ერთჯერადი აქციები არ არის პრობლემის გადაწყვეტა და აქ უფრო გლობალური სამუშაოები უნდა ჩატარდეს.”

გლობალურ სამუშაოებად პრეზიდენტის პრესსპიკერმა სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა. რომ მივუბრუნდეთ ინფლაციას და ხელისუფლების ჩარევას ამ პროცესში მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხით, როგორც ცნობილია, 10 მარტიდან პრეზიდენტის მიერ ინიცირებული 30-ლარიანი ერთჯერადი სასურსათო ვაუჩერის გაცემა უნდა დაიწყოს. სასურსათო ვაუჩერს საქართველოში მცხოვრები 1 მილიონი ოჯახი მიიღებს (საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში მილიონ 176 ოჯახია აღრიცხული). სასურსათო ვაუჩერებს მოქალაქეები ”ლიბერთი ბანკში” გაანაღდებენ. ისევე როგორც ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის შემთხვევაში, მოქალაქეს მისი გაჩუქების უფლება ექნება.

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილის აზრით, ვაუჩერების დარიგებით ინფლაცია არათუ დაიძლევა, არამედ, პირიქით, მისი გაღრმავების საშიშროება შეიქმნება, რადგან ჯერ კიდევ უცნობია, რა ფინანსური სახსრებით არიგებს ხელისუფლება ამ ვაუჩერებს. რამდენიმე ხნის წინ რადიო თავისუფლების ეთერში სადისკუსიო მაგიდასთან ამ თემაზე მსჯელობისას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა, რომ 30 ლარიანი ვაუჩერით ხელისუფლება ინფლაციით გამოწვეულ ხარჯებს მოქალაქეებს დიდად ვერ შეუმცირებს:

”ბიუჯეტი გვაქვს დამტკიცებული და 5 მილიონი ლარი გვაქვს დეფიციტი. თუ ამ ვაუჩერების დასარიგებლად მთავრობა ახალ ვალს აიღებს, ეს ინფლაციის მასტიმულირებელი იქნება, თუმცა ეს 50 მილიონი, წესით და რიგით, არც ისე დიდი თანხაა. მეორე მხრივ, თუ ბიუჯეტის ხარჯების მიმართულებას შეცვლის, რაც, მაგალითად, ჩემი დიდი სურვილია, რომ ხელფასების ხარჯების შემცირებით მოკლებულ 50 მილიონს გაუშვებენ ამ ვაუჩერების დაბეჭდვაზე, ცუდი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ისეთი ინფლაცია გვაქვს, რომ 50 მილიონი გინდ მოაკელი, გინდ დაუმატე, დიდი შედეგის მომტანი მაინც ვერ იქნება.”

ჟურნალ ”ტაბულის” ეკონომიკური მიმომხილველი მიშა თავხელიძე კი ფიქრობს, რომ, გარკვეული დათვლებით, სწორედ 30 ლარით მეტი უჯდება ოჯახს აუცილებელი სასურსათო პროდუქტების შეძენა. ანუ ხელისუფლება საკუთარი ქცევის გამო ფასების ზრდით გამოწვეულ დანახარჯებს მოქალაქეებს ასეთი გზით უნაზღაურებს:

”ამ ვაუჩერის აზრი ის არის, რომ გასულ წელს გვქონდა 12 პროცენტიანი ინფლაცია, ანუ 12 პროცენტით შეუმცირდა ოჯახებს მსყიდველუნარიანობა. ღარიბებს ეს უფრო მეტად შეეხოთ, რადგან მათი შემოსავალი ისედაც პატარაა და ამ ფულის გაუფასურებით მათ სწორედ ეს თანხა მოაკლდათ და სახელმწიფო ახლა ამ ინფლაციით წართმეულ ფულს უკან უბრუნებს მოქალქეებს - ჩვენც და გაჭირვებულებს, განსაკუთრებით.”

ჩვენ მოქალაქეებს ვკითხეთ, რის ყიდვას შეძლებენ 30 ლარით. 55 წლის დიასახლისი მაია გვიპასუხებს:

„შვიდნი ვართ. რა უნდა ვიყიდო?“
- რა მოგივათ 30 ლარად?
„ერთი კილო ხორცი მომივა, კარტოფილი, ხახვი, პური.“

გამვლელების უმეტესობა ამბობს, რომ ეს თანხა მიზერულია ოჯახის მოთხოვნილებებთან შედარებით:

„ერთი იმათ მივცეთ ის 30 ლარი და ვნახოთ, რას იზამენ.“
„ისეთი დიდი პრობლემებია, რომ 30 ლარი რას დაეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს? არაფერი არ არის. ეს არის ნული.“
„ოჯახისათვის ეს არის ერთი სადილი და მეტი არაფერი. ეს არის ფარსი, სისულელე.“

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ საყოველთაო ვაუჩერიზაციის ნაცვლად ჯობდა მთავრობა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დახმარებოდა, ოღონდ 30 ლარზე გაცილებით მეტი თანხით. ახლა ხელისუფლება არჩევანს თავად მოქალაქეებს სთავაზობს, ვინაიდან მათ შეუძლიათ კუთვნილი ვაუჩერი თავიანთზე უფრო ხელმოკლე ოჯახს გადასცენ. როგორც ცნობილია, ელექტროენერგიისთვის განკუთვნილი ვაუჩერი 5 ათასმა ოჯახმა გააჩუქა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG