Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო გამოცდილება რეგიონალურ ჭრილში


შეხვედრის მონაწილეები
შეხვედრის მონაწილეები
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 9-11 თებერვალს სიღნაღში აღმოსავლეთ ევროპის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს მასპინძლობს. შეხვედრაში 10 ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი და რიგითი წევრები იღებენ მონაწილეობას. შეხვედრის მიზანი ქვეყანათა შორის საარჩევნო გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობის პრინციპების შემუშავებაა.
ასეთი ფორმატით თანამშრომლობა, როდესაც პირადი და პროფესიული ურთიერთობები ვითარდება, ყველა ჩვენგანს გვეხმარება...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანიზებულ ამ რიგისა და მასშტაბის პირველ კონფერენციაში ბელორუსიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვენიისა და უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციების წევრები მონაწილეობენ. ამ ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების დანერგვას, - გვითხრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა:

”ვფიქრობ, საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის რეგიონალური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათ, ვინც ეს გზა უკვე გაიარა წარმატებით, თავიანთი გამოცდილება, თავიანთი უნარ-ჩვევები გადასცენ იმათ, ვინც, რომ იტყვიან, ჯერ კიდევ გზაშია, ამ დემოკრატიული პროცესების მხრივ, და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთი ფორმატით თანამშრომლობა, როდესაც პირადი და პროფესიული ურთიერთობები ვითარდება, ყველა ჩვენგანს გვეხმარება”.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დასძენს, რომ ამერიკული თუ დასავლეთევროპული გამოცდილება, რითაც ძირითადად საზრდოობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, კარგია, მაგრამ, საერთო ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, შესაძლოა უმჯობესი იყოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმებისა და საარჩევნო სისტემების გაცნობა.

”მე ამ სფეროში მუშაობის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ გლობალიზაციას დიდი გავლენა აქვს. ანუ პრობლემებს, რომელთაც მეზობლები - თუნდაც არც ისე ახლო მეზობლები - აწყდებიან, დროთა განმავლობაში თავს იჩენს შენს ქვეყანაშიც. თუ ჩემთვის ცნობილია, რომ ასეთი პრობლემა ამა თუ იმ ქვეყანაში უკვე არსებობდა და ვიცი ისიც, როგორ გადაჭრეს ჩემმა კოლეგებმა ეს პრობლემები, მე მაქვს შანსი, რომ ელეგანტურად დავძლიო ეს სიძნელეები ჩემს ქვეყანაშიც. არ არის საჭირო ყველამ ერთი და იგივე შეცდომა გაიმეოროს”, - გვითხრა ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არნის ცინდარსმა.
საქართველოში არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. ახლა ჩვენთან, უკრაინაში, მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, გადავიდეთ თუ არა ამგვარ სისტემაზე...

ამ ტიპის შეხვედრები არა მარტო სასარგებლო, საჭიროც კია. გვითხრა, თავის მხრივ, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმირ შაპოვალმა:

”მაგალითად, საქართველოში არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. ახლა ჩვენთან, უკრაინაში, მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, გადავიდეთ თუ არა ამგვარ სისტემაზე. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ქართული მოდელის ასლი იქნება, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩემთვის ბევრი რამაა საინტერესო. მაგალითად, რა ტიპის სირთულეებია დამახასიათებელი მაჟორიტარული ოლქებისთვის. მოკლედ, ჩვენი დისკუსიის პროფესიული შემადგენელი ძალიან მნიშვნელოვანია”.

აღმოსავლეთ ევროპის საარჩევნო ადმინისტრაციების კონფერენციის დღის წესრიგით, დისკუსიის საგანი იქნება ასევე საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებელი ერთობლივი მეთოდების შემუშავება, დონორისა და საარჩევნო ადმინისტრაციების ორმხრივი ურთიერთობებიდან მრავალმხრივ ურთიერთობებზე გადასვლა, დონორების მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელების დაგეგმვა იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი საარჩევნო პრობლემებია და ასე შემდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები ამ ცოტა ხნის წინ - დეკემბერში - გაიმართა, ჩემი მოხსენების თემა საპრეზიდენტო არჩევნების გაკვეთილები იქნება...

კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლას გეგმავს ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლიდია ერმოშინაც:

”იმის გათვალისწინებით, რომ ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები ამ ცოტა ხნის წინ - დეკემბერში - გაიმართა, ჩემი მოხსენების თემა საპრეზიდენტო არჩევნების გაკვეთილები იქნება. ვეჭვობ, რომ ამ არჩევნების მიმართ არცთუ ჯანმრთელი ინტერესი გაჩნდა. უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებში ბელორუსიაში გამართული არჩევნების დემონიზება ხდება. უცხოეთში არჩევნებისა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ არასწორი წარმოდგენა აქვთ. შესაბამისად, მე ჩემს მოსაზრებებს, სულ მცირე, კოლეგებს მაინც გავაცნობ”.

კოლეგების გარდა, ლიდია ერმოშინას გამოსვლას მოისმენენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია სიღნაღში გაეროს განვითარების პროგრამის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება. მასში საქართველოს უახლოესი მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი, არ მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG