Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გულგრილი კინო


ბაგების სტუდქალაქიდან გამოსახლებული დევნილი ქალი
ბაგების სტუდქალაქიდან გამოსახლებული დევნილი ქალი
დევნილთა გამოსახლების პროცესი ამ კვირაშიც გრძელდებოდა. ინტერნეტით გავრცელდა კადრები, რომლებიც თავისი დრამატიზმით მხატვრულ კინოს მოგაგონებდათ. დევნილების თემა დიდი ხანია დამკვიდრდა მსოფლიო კინემატოგრაფში, თუმცა ქართული კინო სოციალური თემატიკის მიმართ კვლავაც გულგრილია. რა არის ამ გულგრილობის მიზეზი?

ამ კვირაში, მას შემდეგ, რაც ინტერნეტით გავრცელდა სტუდია ”ჯიენესისა” და ნანა ლეჟავას მორიგი ”კვირის რეპორტაჟი“, სოციალურ ქსელებში ისევ გააკრიტიკეს ქართული ტელეარხები დევნილების გამოსახლების მიმართ გულგრილობის გამო.

შეგახსენებთ, რომ ”კვირის რეპორტაჟი” ფოცხოეწერში დასახლებულ დევნილთა ცხოვრების გაუსაძლის პირობებზე გვიამბობდა. ნაციონალურმა ტელეარხებმა, ფაქტობრივად, გვერდი აუარეს ამ თემას. საზოგადოების ერთი ნაწილი ამას ტელევიზიებზე დაწესებული ცენზურით (და თვითცენზურით) ხსნის, თუმცა არაა გამორიცხული დევნილების გამოსახლების კადრები იმიტომ არ დააფიქსირეს, რომ მართლაც გულგრილები არიან ამ ადამიანების მიმართ... ყოველ შემთხვევაში, პოსტსაბჭოთა ქართული კინო უყურადღებო რომაა სოციალური თემების მიმართ, ეს ფაქტია...

კინამატოგრაფისტებს ნარკომანია აინტერესებთ, ომი - აინტერესებთ... იღებენ თრილერებს, მაგრამ დევნილების თემაზე, ლევან ზაქარეიშვილის ”თბილისი-თბილისისა” და გიორგი ოვაშვილის ”გაღმა ნაპირის” გარდა, კარგი მხატვრული ფილმი არ გადაღებულა. ჩვენთან საუბარში კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა ეს ახსნა ერთგვარი კომპლექსით, რომელიც ქართველ კინემატოგრაფისტებს გაუჩნდათ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ - ერთგვარი შიშით, მაყურებელს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია არ გაუჩნდეს.

თუმცა, სავარაუდოდ, ამას სხვა მიზეზიც აქვს - მიუხედავად იტალიური ნეორეალიზმის გავლენისა (გაგახსენებთ, რომ სწორედ სოციალური სიდუხჭირე, ომის მერე უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები იყო იტალიური ნეორეალიზმის მთავარი თემა), ქართული კინო ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა ”ეზოპეს ენას”, რეალური სინამდვილისგან, ასე ვთქვათ, ”განტვირთულ” გამოსახულებას, ”მარადიულ თემებს...”

ქართველი რეჟისორების უმრავლესობისთვის კინო უფრო თვითგამოხატვის, საკუთარი თავის წარმოდგენის საშუალება იყო, ვიდრე სინამდვილისადმი დამოკიდებულების გამომხატველი... ამაზე ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში საუბრობდნენ კრიტიკოსები, თუმცა ტენდენცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გაგრძელდა - ქართული კინოკამერის მიღმა დარჩა სოციალურად მოუწყობელი სამყარო... და ეს ტენდენცია, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

საეჭვოა, დღევანდელ საქართველოში რეჟისორებმა იშოვონ ფული თუნდაც დევნილების შესახებ ფილმის გადასაღებად. ქართულ კულტურაში დამკვიდრებულია ტენდენცია - ხელოვნებამ უფრო მეტად დადებითი ემოციები უნდა გამოხატოს. ასეთ სივრცეში კი სოციალური კინოს ადგილი ისევ არ არსებობს...

თუმცა ერთი გამონაკლისი მაინც გვაქვს. ახლახან რუსუდან ჭყონიამ დაასრულა გადაღება ფილმისა ”გაიღიმეთ”, რომელიც სწორედ დევნილების, უფრო სწორად, დევნილი ქალების ცხოვრებას ეხება. რუსუდანს რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ მაშინ ესაუბრა, როცა ფილმის გადასაღებად თანხას ეძებდა. როგორც გამოირკვა, ამ ფილმის დამფინანსებელი, ეროვნული კინოცენტრის გარდა, ფრანგული მხარეა. გამოდის, რომ ისევ დასავლური ფულითაა შესაძლებელი სიმართლის ასახვა ქართულ კინოში, თუმცა ამისათვის კინემატოგრაფისტების ნებაც საჭიროა, რა თქმა უნდა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG