Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები მიტაცებულ შენობებში ვერ დარჩებიან


დევნილთა გამოსახლება ბაგების სტუდქალაქიდან
დევნილთა გამოსახლება ბაგების სტუდქალაქიდან
საქართველოს მთავრობა განაგრძობს დევნილების დროებითი თავშესაფრებიდან გამოსახლებას, რაც ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაიწყო. დევნილებს სანაცვლოდ სთავაზობენ საცხოვრებელ ფართს რეგიონებში, კომპაქტურად განსახლების ობიექტებში, სადაც, მთავრობის მტკიცებით, გაცილებით უკეთესი ყოფითი პირობებია, თუმცა, ამგვარი შეთავაზების მიუხედავად, დევნილთა ნაწილი პოლიციას მედგარ წინააღმდეგობას უწევს, არასამთავრობო ორგანიზაციები კი დევნილთა უფლებების უხეშ ხელყოფაზე ამახვილებენ ყურადღებას. რატომ და რა ფორმით ხორციელდება დევნილების გასახლება ძირითადად თბილისში მდებარე შენობებიდან?

იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების პროცედურა შინაგან საქმეთა მინისტრის 747-ე ბრძანებით რეგულირდება. 2010 წლის აგვისტომდე, ანუ გამოსახლების აქტიური ფაზის დაწყებამდე, პროცედურა დევნილების ხუთი დღით ადრე გაფრთხილებას ითვალისწინებდა, თუმცა ცვლილების შეტანის შემდეგ დევნილებს ვადის მიცემის გარეშე, შეტყობინების ჩაბარებიდან რამდენიმე საათში ასახლებენ, რასაც ბევრი დევნილი ეწინააღმდეგება. მათ, პირველ რიგში, საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესება და შემოსავლის წყაროს დაკარგვა აშინებთ. ამგვარი საფრთხე რომ რეალურია, სახალხო დამცველის 21 იანვრის განცხადებიდანაც ჩანს:

„სახელმწიფოსთვის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს დევნილთათვის საცხოვრებლად აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნა. თუმცა ადეკვატური საცხოვრებელი პირობები მოიცავს არა მხოლოდ შენობისა და ფართის ადეკვატურობას, არამედ აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს სხვა არაერთი ასპექტი. კერძოდ, მნიშვნელოვანია საცხოვრებლის მდებარეობა. ის უნდა მდებარეობდეს ისეთ ადგილზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამუშაო ადგილები, ასევე წარმოდგენილი იქნება სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო პუნქტები და სხვადასხვა სოციალური სერვისის ობიექტები“.

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში გამოსახლებული დევნილების დიდი ნაწილი ბაკურციხეში - კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში -განათავსეს. სწორედ ბაკურციხეს ეწვია რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ეკა ქევანიშვილი იმის გასარკვევად, თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება თბილისიდან გამოსახლებულ დევნილებს.

„კორპუსები, რომლებსაც დევნილები იკავებენ, არის გარემონტებული, მაგრამ ჩვენც ვნახეთ და თვითონაც ამბობენ, რომ ძალიან დაბალი ხარისხის რემონტია. კედლები სველია, ხშირად ფუჭდება ონკანები და სხვა. არა აქვთ სამუშაო. მიწა, რომელსაც დაჰპირდნენ, ჯერ არ მიუღიათ...“

დევნილების განსახლებას ყურადღებით აკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედების შესაფასებლად მნიშვნელოვანია ის, თუ რა სტატუსით იკავებდნენ დევნილები შენობებს.

დროებით საცხოვრებლებიდან დევნილების გამოსახლებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი და პროგრამის მენეჯერი ქეითლინ რაიანი, რომლის თქმითაც, სამწუხაროა, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა საზოგადოებისთვის ნათლად აეხსნა, თუ როგორ და რატომ იღებს გადაწყვეტილებას დევნილთა განსახლებაზე:

„მათ არალეგალურად დაიკავეს შენობები. ასე რომ, ხელისუფლების კანონიერი უფლებაა გამოასახლოს ეს იძულებით გადაადგილებული პირები. ეს მათთვის, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ მათ თავადაც იციან, რომ უკანონოდ იკავებდნენ ამ შენობებს. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვები: გამოსახლების პროცესი რამდენად ნორმების დაცვით სრულდება? კანონით, რა სახის საცხოვრებელი ეკუთვნით ამ ადამიანებს?”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ მთავრობა საცხოვრებლის მიცემის საკითხში უპირატესობას ანიჭებს კომპაქტური განსახლების ობიექტებს, რომელთა მოვლა და შენახვა გაცილებით მარტივი და ეფექტიანია, ვიდრე მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმოფანტული საცხოვრებლებისა, თუმცა როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი ვალერი კოპალეიშვილი ამბობს, დევნილებს არავინ აიძულებს რომელიმე რაიონში ჩასახლებას და იქ დარჩენას.

„ვისაც თბილისში ცხოვრების სურვილი აქვს, ძალით რეგიონში არავინ წაიყვანს. უბრალოდ, ამ შენობებში ვერ დარჩებიან“, - განაცხადა ვალერი კოპალეიშვილმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG