Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მე ვარ ჩემი მოქმედებების, საქციელის და არა ჩემი განზრახვების ჯამი”


თეოლოგი კახაბერ კურტანიძე
თეოლოგი კახაბერ კურტანიძე
თეოლოგი კახაბერ კურტანიძე ხშირად მოიაზრება როგორც რადიკალურად მოაზროვნე მღვდელი, რომელიც ტრადიციულ ეკლესიასთან დაპირისპირებაშია. თავად თეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელსაც ამ სფეროში განათლება საბერძნეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული, ასე არ ფიქრობს. მისი იდეები ხშირად ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარს უკავშირდება, რასაც ის ქრისტიანობის ფუნდამენტურ თავისებურებად აღიქვავს. ამ და სხვა საკითხებზე კახაბერ კურტანიძე რადიო თავისუფლებას ესაუბრება.

რადიო თავისუფლება: ჩვენს პირობებში საიდან უნდა დაიწყოს პასუხისმგებლობის დეცენტრალიზაცია?

კახაბერ კურტანიძე: ამის შესახებ შენ გაქვს შექმნილი თეზისი, რომელიც აზრების ვებგვერდზეა განთავსებული. იქ შენ ამბობ, რომ რეფორმები, რომლებიც ტარდებოდა, უნდა მიმდინარეობდეს საზოგადოების მაღალი ინფორმირებულობის ფონზე. ასე თუ არ ხდება, მაშინ საზოგადოებაში პროტესტი ჩნდება და საზოგადოება ჯანყდება. სახელმწიფო ამ დროს უფრო მეტ დროსა და რესურს კარგავს ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან მის ღია ინფორმირებულობას დაჭირდებოდა... თუმცა ეს ყველაფერი რთული გასათვლელია, რადგან თუ მე, როგორც სახელმწიფომ, ბოლომდე გავხსენი ინფორმაცია, ამან შეიძლება პრობლემები შექმნას, რადგან შესაძლოა, საზოგადოება ამის მისაღებად მზად არ იყოს.

რადიო თავისუფლება: მეორე მხრივ, ეს ჩაკეტილობა ცენტრალიზაციასა და ტოტალიტარული იდეების გაძლიერებას არ იწვევს?

კახაბერ კურტანიძე: ეს ტენდენციები 2007 წლის შემდეგ შეინიშნება და მგონია, რომ ეს მოსახლეობის არჩევანია. ნელ-ნელა ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი აზრისა და ქმედების ტოტალიტარიზმია. ამას მაფიქრებინებს ერთი მხრივ, ეს ნოსტალგია რუსეთისა და კომუნიზმის მიმართ და მეორე მხრივ, ტოტალურობა რელიგიაში ვლინდება. მაგალითად, ილია მეორისგან შექმნეს კულტი, მაგრამ თავად ილია მეორე ამ კულტს არ პასუხობს. თვითონ ილია მეორე, თავის საშობაო ეპისტოლეში ამბობს, რომ მთავარი ღირებულება ადამიანია; კი, ის საუბრობს სამშობლოზე, სხვა ღირებულებებზე, მაგრამ ამბობს, რომ მთავარი ღირებულება არის ადამიანი - ის არ ამბობს ქართველი, ის ამბობს ადამიანი, ესე იგი გვერდში მდგომი ადამიანი. ამ ფრაზაზე აქცენტი თუ გსმენია სადმე? მაგრამ, აი, საუბრები ’საქართველოს გაბრწყინების’ შესახებ სულ ისმის. გვერდში მდგომისთვის კონკრეტული სიკეთის ქმნა, კონკრეტული სიყვარული, ერთმანეთისთვის კონკრეტული, კარგი საქმის კეთება - ამაზე არავინ საუბრობს, იმიტომ რომ პატრიარქს არ უსმენენ, მისი სიტყვიდან იღებენ მხოლოდ იმას, რის გაგონებაც სურთ.

რადიო თავისუფლება: ანუ რაღაცნაირად შიზოფრენიული მდგომარეობაა?

კახაბერ კურტანიძე: აშკარად ესეა. შიზოფრენიული მდგომარეობაა და აქ არაფერ შუაშია ილია მეორე. უფრო სწორად, იგივენაირადაა იგი შუაში, როგორც თითოეული ჩვენგანი, მაგრამ არავისზე მეტად, ყველანი შუაში ვართ. იმ შეცდომებში, რომლებსაც მე ჩავდივარ ჩემი თავის, ჩემი მეგობრების, ოჯახისა და სამშობლოს წინაშე, ილია მეორე არანაირად არ არის დამნაშავე; ჩემს შეცდომებზე პასუხისმგებელი სწორედ მე ვარ და არავინ სხვა. თუ ვცხოვრობთ მოდერნულ ხანაში და ლიბერალად და პროგრესულად მომაქვს თავი, მაშინ ისიც უნდა ვიცოდე, რომ საბოლოოდ პასუხისმგებლობა მიდის არა მეფეებზე, პატრიარქებზე, ეპისკოპოსებზე, არამედ თითოეულ ადამიანზე. ილია ჭავჭავაძის კულტი გვაქვს და არც იმას ვუსმენთ, რადგან ილია არის სწორედ ის ვინც ჩატეხილ ხიდზე ლაპარაკობს თავადაზნაურობასა და უბრალო ხალხს შორის, ილიამ დაიწყო ხალხის ენით საუბარი, მოდერნული ნაბიჯები მაშინ სწორედ ეს იყო. მინდა, რაღაც წაგიკითხოთ.

”მშვენიერი რამაა მამულის სიყვარული, მაგრამ არსებობს რაღაც უფრო მშვენიერი, ესაა ჭეშმარიტების სიყვარული. მამულის სიყვარული შობს გმირებს, ჭეშმარიტების სიყვარული კი ქმნის ბრძენებს, კაცობრიობის კეთილისმყოფელებს. მამულის სიყვარული ყოფს ხალხებს, საკვებს აძლევს ნაციონალურ სიძულვილს და ხშირად აცმევს დედამიწას ძაძებს. ჭეშმარიტების სიყვარული კი ავრცელებს საკუთარ ცნობიერებას, ქმნის სულიერ ტკბობას, ადამიანებს აახლოებს ღვთაებასთან. არა სამშობლოს, არამედ ჭეშმარიტებაზე გადის გზა ზეცისაკენ”, - ეს არის პეტრე ჩადაევის ციტატა.

პეტრე ჩადაევი თავის დროზე გიჟად შერაცხეს. არის ასეთი აზრი, მაგალითად, როგორია ორთოდოქსი და როგორია კალვინისტი. ამ მოსაზრებით კალვინისტისთვის სრულყოფილება ვლინდება ყოველ დღე, ზოგადად რომ ვთქვათ, შენ თუ დღეს იშრომე და დღეს ქრისტიანულად მოიქეცი, ეს ნიშნავს, რომ შენ ქრისტიანი ხარ; ანუ ღმერთმა შენ გამოგარჩია და შენი საქმით ამას ადასტურებ. მართლმადიდებელი კი ამბობს, სრულყოფილება მარტო ზეცაშია, ამიტომ რა აზრი აქვს რამის კეთებას, მაინც არ იქნება ის სრულყოფილი; თან ამავე დროს ესკატონი სადღაც იქით არის, შორს და ამიტომ დრო ყოველთვის მაქვს; თუ მაინცდამაინც, რამეს ხვალაც გავაკეთებ...

რადიო თავისუფლება:
ეს მართლმადიდებლობის პრობლემაა თუ ინტერპრეტაციის?

კახაბერ კურტანიძე: ეს არის საზრისის დაუსრულებლობის პრობლემაა. ანუ რახან არ გვაქვს სრულყოფილი, ესე იგი, არც არაფერი გვაქვს. ამ დროს კი შენ სულ უნდა მოქმედებდე. მაგალითად, ევროპულმა ინტუიციამ რა შვა? - ყველაფერი სრულყოფილია ამქვეყნად. ყველაფერი ღმერთს აირეკლავს და ყველაფერი ლამაზია. სიცოცხლის სილამაზე თავად სიცოცხლეშია, სიყვარული კონკრეტულ სიყვარულშია; ჩვენ კი ვამბობთ, რომ სიყვარული რაღაც ზოგადი გრძნობაა, მაგალითად, ”გიყვარდეს მოყვასი შენი”. ევროპული და ბერძნული კულტურისთვის ”გიყვარდეს მოყვასი შენი” არის - ”გაუკეთე მას კონკრეტული საქმე”. მინდა, გავიხსენო იოსიფ ბროდსკის სიტყვები: ”მე ვარ ჩემი მოქმედებების, საქციელის და არა ჩემი განზრახვების ჯამი!” ესე იგი, მე ვარ ის, რასაც ვაკეთებ, რასაც ვქმნი და როგორც ვიქცევი; და არა ის - თუ რა იმპულსები მამოძრავებენ, ჩემი ზოგადი ”სიყვარულები”, ზოგადი ”სიკეთეები” და ასე შემდეგ... ეს ძალიან ბერძნული ნათქვამია, ბერძნებისთვის სიქველე არა ისაა, რომ შენ ხარ ზოგადად მოწყალე და კეთილი, არამედ ის, თუ როგორი პროფესიონალი ხარ, შენი საქმის რამდენად კარგი მცოდნე. სხვისთვის კონკრეტული სიკეთის კეთებას აუცილებლად სჭირდება შენი საქმისა და შენი თავის კარგად ცნობა. ვფიქრობ, ასეთი აზროვნებით იქნება შესაძლებელი საქართველოში იყოს ბევრი საკუთარი საქმის კარგი მცოდნე, კარგი პროფესიონალი და ასეთი ადამიანები შეკრავენ პასუხისმგებლიან სამოქალაქო საზოგადოებას.

როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოება შედგეს იმ ხალხისგან, რომელსაც საკუთარი თავის კომპლექსი აქვს და მიაჩნია, რომ ვერაფერს კარგს ის მაინც ვერ გააკეთებს, რადგან ყველაფერი კარგი მხოლოდ ღმერთშია. აქედან მოდის სწორედ ეს ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილება, რადგან ადამიანს მაინც სჭირდება დაინახოს რაღაც ხილული ნიშა, რომ სიკეთე მხოლოდ ცაში კი არა, აქაც არის... რადგან ის თავად ვერ არის ეს სიკეთე, ამიტომ ის უნდა იყოს მორჩილი ამ სიკეთისა, და ვინ არის ეს სიკეთე?.. სწორედ აქედან მოდის იდეა, რომ, ვთქვათ, სიკეთის განსახიერება არის ეკლესია, ილია მეორე, სტალინი, და სავსებით შესაძლებელია, ასე თუ გაგრძელდა - მიხეილ სააკაშვილი… მე მგონია, რომ ეს ”ზევიდან” კი არ მოდის, არამედ დაკვეთა ”ქვემოდანაა”.


რადიო თავისუფლება: გამოსავალი რა არის?

კახაბერ კურტანიძე: თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, თითეული ჩვენგანის შრომისმოყვარეობა, თითოეული ჩვენგანის ოპტიმიზმი, თითოეული ჩვენგანის რწმენა, რომ მისი გაკეთებული ნებისმიერი სიკეთე უკვე სიკეთეა და ღმერთის ანარეკლია დედამიწაზე; აი, ის, რაც ბროდსკიმ თქვა: ჩვენ გვქმნის არა განზრახვები, არამედ კონკრეტული საქმე.
XS
SM
MD
LG