Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა


ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო
16 წლის მმართველობის შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიაში თითქმის 80 პროცენტიანი მარჟით იგებს არჩევნებს. ”ევროპის უკანასკნელი დიქტატორი”- ასე მოიხსენიებს ლუკაშენკოს დასავლური მედია. ვრცელდება დაკავებების, აქტივისტების ცემის, პროტესტის ძალისმიერი დაშლის კადრები. საინტერესო წერილი ქვეყნდება ’ნიუ იორკ ტაიმსის’ მოსაზრების სექციაში. წერილს ხელს აწერენ შვედეთის, ჩეხეთის, პოლონეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები. ევროპელი დიპლომატები გმობენ ლუკაშენკოს საქციელს არჩევნებზე და ღია წერილით ემიჯნებიან ლუკაშენკოსთან ყოველგვარ თანამშრომლობას - ამბობენ, რომ ევროპამ უნდა განაგრძოს ბელორუსის მხარდაჭერა, მაგრამ არა ხელისუფლების, არამედ სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერის გზით, რადგან ახლა მხოლოდ სამოქალაქო სექტორი არის იმედი ბელორუსიაში დემოკრატიის გამარჯვებისა.

”ჩვენ ვეღარ განვაგრძობთ დადებით ურთიერთობას ბატონ ლუკაშენკოსთან, ეს ამ ეტაპზე თანხების და დროის ხარჯვად მიგვაჩნია. მან საკუთარი არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი ყველაფრის წინააღმდეგაა, რაზეც ევროკავშირი დგას.”

ეს არის ფრაგმენტი წერილიდან, რომელიც ამერიკული გავლენიანი მედიაგამოცემის, ‘ნიუ იორკ ტაიმსის’ ვებგვერდზეა განთავსებული და რომელშიც ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ღიად გმობენ ლუკაშენკოს გამარჯვების ფაქტს, რადგან, დიპლომატების აზრით, ”შეუძლებელია ითქვას, რა იყო რეალური შედეგები არჩევნებისა, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ გამოცხადებულ შედეგებს არა აქვთ არანაირი კავშირი დემოკრატიულ ლეგიტიმურობასთან”, - აცხადებენ ევროპელი დიპლომატები ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ. ბელორუსიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ კრიტიკულია დასავლური პრესაც, თუმცა გამოცანად მხოლოდ ერთი რამ რჩება -ბელორუსიის ურთიერთობა მოსკოვთან, რადგან, ანალიტიკოსების აზრით, ლუკაშენკოს ცალსახად პრორუსული ორიენტაცია არა აქვს. ამის დასტურად მოჰყავთ მათ ბელორუსის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების ფაქტი. სწორედ ამ უკანასკნელით ამართლებენ საქართველოშიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლუკაშენკოსთვის სატელეფონო მილოცვას, ანუ ევროპელ ლიდერთაგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციის დაკავებას. მაგალითად, სტრატეგიული კვლევების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი ამბობს:

„ბელორუსიამ პრინციპული პოზიცია დაიკავა ქართული ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის თვალსაზრისით. ბუნებრივია, რომ პრეზიდენტისგან მილოცვა მიიღო. ეს ნორმალურია.“

თბილისი, ასე ვთქვათ, იმ ფაქტით თამაშობს, რომ არჩევნების, როგორც ეს „ტაიმსში“ ეწერა, ზუსტი შედეგის ცოდნა შეუძლებელია. ამიტომაც უფლებას იტოვებს მილოცვაზე.

„მთლიანობაში, არჩევნებმა მაინც ასახა ზოგადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობილებები და სიმპათია-ანტიპათიები, რაც ბელორუსიაში არის“, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

ანალიტიკოსები დასავლეთში ფიქრობენ, რომ ლუკაშენკოსთან ევროპული ურთიერთობანი შესაძლოა დათბეს მომავალში მოსალოდნელი საჭიროებებიდან გამომდინარე. თბილისი კი, როგორც ჩანს, ტერიტორიული მთლიანობის იდეას დემოკრატიულ და ღიად გამოცხადებულ ფასეულობებზე მაღლა აყენებს. ეს აქცენტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში კიდევ ერთმა სტრატეგიული კვლევის ექსპერტმა ირაკლი მენაღარიშვილმა დასვა:

„თითქოს გასაგებია რა იყო რეალური მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის ამ ნაბიჯისა. ეგრეთ წოდებული რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით ამ ნაბიჯს აზრი აქვს. მეორე მხრივ, ეს არის ქვეყნის მიერ აღიარებული ღირებულებების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი.“

სხვა მნიშვნელოვანი თემებიდან აღსანიშნავია სამთავრობო დადგენილება #320, რომელიც ოქტომბერში ნიკა გილაურის ხელმოწერით გამოიცა და რომელსაც ’საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესები’ ჰქვია. ამ დადგენილების მიხედვით იქმნება სპეციალური საბჭო საქართველოს მთავრობის შიგნით, რომელიც განსაზღვრავს:

რამდენად თანხვდება კანონმდებლობას, რამდენად კონფლიქტის მოგვარებაზეა ორიენტირებული და რამდენად ხელს უწყობს ურთიერთობების აღდგენას ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რამდენად კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება ესა თუ ის საქმიანობა ამა თუ იმ ორგანიზაციისა, დოკუმენტის მიხედვით, იღებს საქართველოს მთავრობა და იღებს არა მარტო ერთჯერადად, არამედ აკონტროლებს კიდეც ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობას შემდეგ ეტაპზეც. ფრაგმენტი დადგენილებიდან #320:

”ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს საქმიანობას საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვალდებულია ექვს თვეში ერთხელ წარადგინოს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში.”

დადგენილებას თან ახლავს სპეციალური ფორმები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქმიანობის მსურველმა ნებისმიერმა ორგანიზაციამ უნდა შეავსოს.

დოკუმენტი, ბუნებრივია, მოიცავს საქართველოს მთავრობას, როგორც მხარეს, რაც, არასამთავრობოების აზრით, არის მთავარი პრობლემა. არასამთავრობოების აზრით, ნდობა მთავრობის მიმართ დაბალია და ეს დაბალი ნდობა გააფუჭებს იმ ნდობასაც, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წლების განმავლობაში მოიპოვეს.
არასამთავრობონი აღნიშნავენ, რომ ნდობა კონფლიქტურ ზონებში არა სამთავრობო პროგრამებით, არამედ, პირიქით, არასამთავრობო ურთიერთობებით შენდება. შესაბამისად, მთავრობის ამ პროცესში ჩარევა ბევრი პროექტის შესაძლო გაჩერებას გამოიწვევს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სახლის“ ხელმღვანელი ნინო ღვედაშვილი ამბობს:

„რეალურად ურთიერთობები აღარ შედგება ადამიანებს შორის. ორგანიზაციები არანაირ ერთობლივ პროექტებს აღარ განახორციელებენ. როგორც სხვა არასამთავრობოებმაც გაგვიზიარეს, მათ უკვე შეექმნათ პრობლემები აფხაზი პარტნიორებისგან, რადგან მათ თქვეს, რომ პროექტები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნება მოწონებული, დამოწმებული და საქართველოს ხელისუფლების ხელში გატარებული, მათ არ აინტერესებთ და ასეთ პროექტებში მონაწილეობის მიღება არ სურთ. ამიტომ ისინი უკან იხევენ.“

არასამთავრობოები გაჩერებას არ აპირებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს:

„პირველ რიგში, ადგილობრივ დონეზე გვექნება შეხვედრები. დავუკავშირდებით სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს დამოკიდებულებებს. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდით ჩვენს მოსაზრებებს და, ზოგადად, ვეცდებით, რომ თუ ვინმეს ამ დებულების ფარგლებში შეექმნება პრობლემები, მათი უფლებები დავიცვათ.“

სამთავრობო კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით ამ კვირას არ კეთდება.

საქართველოს წმინდა სინოდი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის გზაზე აფხაზეთს პატრიარქის ეპარქიის და პატრონაჟის ქვეშ მყოფად აცხადებს. ეს გადაწყვეტილება 21 დეკემბერს წმინდა სინოდმა მიიღო და საფუძვლად მას, ოფიციალური განცხადებით, ისტორიული დოკუმენტაცია და არსებული რეალობა დაუდო. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი დავით შარაშენიძე აცხადებს:

„პატრიარქის ტიტულში არის ასახული უნეტარესობა, რაც აფხაზეთის საკათალიკოსოს ტიტულატურა იყო. ასე რომ, თავიდანვე, როდესაც პატრიარქის ტიტული განისაზღვრა უწმინდესით და უნეტარესით, აქ უკვე ჩანდა, რომ ის იყო აფხაზეთის კათედრის - ანუ დასავლეთ საქართველოს - საკათალიკოსოს მმართველიც. სწორედ ამან დააყენა დღის წესრიგში ის საკითხიც, რომ ისტორიული სამართლიანობა, რომელიც არსებობდა ოდითგანვე, აღდგენილიყო სრულად“.

გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის წევრები.
XS
SM
MD
LG