Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


მიმდინარე კვირაში უცხოეთის ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემებში საქართველოს შესახებ ბევრი სტატია არ გამოქვეყნებულა, თუმცა რამდენიმე წერილი დაიბეჭდა.

ჟურნალ „ნეიშენალ ინტერესტში“ 22 დეკემბერს გამოქვეყნდა კავკასიის ცნობილი ექსპერტის, ტომას დე ვაალის სტატია „მაფიოზები კავკასიაში.“ სტატია ინტერნეტსაიტ „ვიკილიკსის“ მიერ გავრცელებულ იმ დოკუმენტებს ეხება, რომლებშიც კავკასიის რეგიონზეა ლაპარაკი. „არსებობს საკითხები, რომლებზეც საჯაროდ საუბრობენ, და საკითხები, რომლებზეც კერძო სივრცეში მსჯელობენ ხოლმე. „ვიკილიკსის“ დახმარებით ახლა ყველამ ვიცით, რაოდენ შეშფოთებულები იყვნენ აშშ-ის საელჩოები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში სისტემური სახელმწიფო კორუფციის ძალით და „მაფიის“ ძალაუფლების მასშტაბით“ - ასე იწყებს სტატიას ავტორი და დასძენს, რომ სხვადასხვა კუთხიდან გაგზავნილი ტელეგრამები განსხვავებულ სურათს ხატავს.

დე ვაალი ჰყვება დაღესტნიდან გაგზავნილ ტელეგრამაზე, რომელშიც აშშ-ის დიპლომატი და კავკასიის ექსპერტი ქორწილის რიტუალს აღწერს. ტელეგრამების სხვა ნაწილი, დე ვაალის შეფასებით, „უხერხულობის გამომწვევია“ - მათ შორის არის ბაქოდან გაგზავნილი შეტყობინებები აზერბაიჯანის მმართველი ელიტის პირადი სიმდიდრის შესახებ. „ის, რომ ისინი საოცარ ფუფუნებაში ცხოვრობენ და ეკონომიკის მსხვილ სექტორებს აკონტროლებენ, გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ გარკვეული დეტალები მაინც იწვევს გაკვირვებასო“, - წერს დე ვაალი.

ტელეგრამების კიდევ სხვა ჯგუფი, ავტორის თქმით, „შემაშფოთებელ“ კატეგორიას ეკუთვნის. ამ კატეგორიაში თავსდება, მაგალითად, მადრიდიდან გაგზავნილი დოკუმენტი, რომელშიც ესპანელი პროკურორის, ხოზე „პეპე“ გრაინდა გონსალესის შეშფოთებაა გამოხატული იმის გამო, რომ ქვეყანაში რუსულმა ორგანიზებულმა დანაშაულმა მოიკიდა ფეხი. დე ვაალი თავის სტატიაში ბეჭდავს პროკურორის სიტყვებს, „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებულ ტელეგრამაში მოყვანილს, რომ ბელორუსიას, ჩეჩნეთს და რუსეთს, ფაქტობრივად, მაფია მართავს და რომ მალე უკრაინაშიც ისეთივე სურათი შეიქმნება.

ამის შემდეგ ტომ დე ვაალი მოკლედ მიმოიხილავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ორგანიზებული დანაშაულის ამჟამინდელ ფორმას და მდგომარეობას. „ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ქაოსურ 1990-იან წლებში“, - წერს დე ვაალი და დასძენს, რომ ცნება „მაფიური სახელმწიფო“ მოიცავს როგორც რამდენიმე ძალიან საშიშ ინდივიდს, ისე ზოგიერთ დამკვიდრებულ ბიზნესმენს, ოღონდ ყველანი ახლა სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების ფარგლებში მოქმედებენ. საქმე იმდენად „ორგანიზებულ დანაშაულთან“ კი არა, „რეგულირებულ დანაშაულთან“ გვაქვსო, წერს ტომას დე ვაალი.

ამ არგუმენტის გასამყარებლად დე ვაალის სტატიაში საუბარი რამდენიმე კონკრეტულ პირსაც ეხება - მაგალითად, საქართველოში დაბადებულ ე.წ. კანონიერ ქურდ ზაქრო კალაშოვს, რომელიც, ესპანელი პროკურორის თანახმად, რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან მუშაობს და თურქეთის დესტაბილიზაციის მიზნით ქურთებს იარაღით ამარაგებს; ტარიელ ონიანს, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, ციხეში ყოფნისას უშიშროება მფარველობს.

სტატიის ბოლოს ავტორი წერს, რომ კავკასიის ზოგიერთ რეგიონში „მაფია“ ამ ცნების სიცილიურ ფორმას მოგაგონებთ - ოჯახური, კლანური კავშირები იქ სახელმწიფოზე უფრო მნიშვნელოვანია. „ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთში პრობლემა პოლიტიკურია: მთავრობამ კანონი სისტემად უნდა აღიქვას და არა ძალაუფლების იარაღად. კავკასიაში კი პრობლემა კულტურულია: ჩვეულებრივმა ადამიანებმა მოქალაქეებად უნდა ისურვონ ყოფნა, დიდი ოჯახების კლიენტად ყოფნის ნაცვლად.“ სრულად ტომას დე ვაალის სტატიას ჟურნალ „ნეიშენალ ინტერესტის“ 22 დეკემბრის ნომერში ნახავთ.

ამავე დღეს - 22 დეკემბერს - ავტორიტეტულმა საინტერნეტო გამოცემამ, „ტრანზიშენს ონლაინმა“, გამოაქვეყნა ქართველი ჟურნალისტის, გიორგი ლომსაძის სტატია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უკანონო მიგრაციას ეხება ევროკავშირში. „ამ ტენდენციას ბიძგს ის ეკონომიკური პრობლემები აძლევს, რომელიც საქართველოს კვლავაც აქვს. 2009 წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი ოფიციალურად 16.9% იყო ქვეყნის „ეკონომიკურად აქტიურად“ მიჩნეულ მოქალაქეებს შორის - დაახლოებით 2 მილიონ ადამიანში. არაოფიციალური მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია“, - ვკითხულობთ სტატიაში. იქვე აღნიშნულია, რომ გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად, 2009 წელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზე იყო.

20 დეკემბერს „იურეიჟია ვიუმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტ მოლი კორსის სტატია საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ. „მთავრობის გამჭვირვალობა დიდი ხანია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ლოზუნგად იქცა, მაგრამ როცა საქმე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას ეხება, ამ გამჭვირვალობას ძნელად გადააწყდებით“, - წერს ჟურნალისტი. მისი თქმით, 100 გვერდისგან შემდგარ ბიუჯეტში ძალიან რთული ან საერთოდ შეუძლებელია დეტალების დადგენა მთავრობის ყველაზე მასშტაბური პროგრამების შესახებ დაუზუსტებელი თანხების და ასევე „სხვა ხარჯების“ კატეგორიის შემოღების გამო. მოლი კორსის სტატია 20 დეკემბერს გამოქვეყნდა ინტერნეტ-გამოცემა „იურეიჟია ვიუს“ მიერ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG