Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამოხატვის თავისუფლება და ცენზურა“ – დისკუსია გრძელდება


გასულ კვირას თბილისში, ჟურნალისტთა სახლ „ფრონტლაინ კლუბში“, მოეწყო დისკუსია თემაზე „გამოხატვის თავისუფლება და ცენზურა“... ეგრეთ წოდებული „ზიზღის ენის“ აკრძალვასა თუ შეზღუდვაზე ისაუბრეს ჟურნალისტებმა, ადამიანის უფლების დამცველებმა, იურისტებმა...

დისკუსიის მოდერატორმა, იურისტმა ნინო ლეჟავამ დასაწყისში შეგვახსენა, რომ წელს ქართულ პრესაში გამოქვეყნდა რამდენიმე წერილი, რომელთა ავტორები ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, ტელევიზიით, ინტერნეტსაიტებზე ეგრეთ წოდებული სიძულვილის ენის აკრძალვას მოითხოვდნენ.

„შეიძლება იფიქროთ, რომ ვმეორდებით... მაგრამ ფაქტია, მიუხედავად ამ სტატიებისა, რომლებიც გამოქვეყნდა ეგრეთ წოდებულ „ლიბერალურ პრესაში“, ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით სიძულვილის ენის ქრესტომათიულ მაგალითებს”, - აღნიშნა ნინო ლეჟავამ.

სწორედ ამ ქრესტომათიულ მაგალითებს დაეყრდნო ქალთა უფლებების დამცველი ეკა აღდგომელაშვილი თავის მოხსენებაში, რომელშიც ხაზგასმული იყო: თავისუფლება, მოკლებული პასუხისმგებლობას, აღარაა თავისუფლება. ამიტომ, რამდენადაც სახიფათო არ უნდა იყოს ეს თემა, დისკუსია „ზიზღის ენის“ აკრძალვასა ან შეზღუდვაზე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს საქართველოში - მით უმეტეს, რომ, ეკა აღდგომელაშვილის თქმით, ბოლო დროს შეიმჩნევა, როგორ იცვლება ეგრეთ წოდებული „ზიზღის ჯგუფები“ საქართველოში: მტრის ხატი იცვლება, მაგრამ საზოგადოება ვერ ელევა მტრის ხატებს თავის შიგნით.

90-იანი წლების დასაწყისში აქტუალური იყო ეროვნული უმცირესობების თემა, შემდეგ - რელიგიური უმცირესობების თემა...1998 წლიდან აქტუალური ხდება ჰომოფობია .. ”დღეს კი, შერეული სახით გვაქვს ყველაფერი ეს და სიძულვილის ენა უკვე შექმნილია“, - აღნიშნა ეკა აღდგომელაშვილმა

და მაინც... არსებობს თუ არა „სიძულვილის ენის კრიტერიუმები“, რომლის მიხედვით მართლაც შეიძლება გარკვეული შეზღუდვების დაწესება? ეკა აღდგომელაშვილის თქმით, არსებობს და საკმაოდ მკაფიოდაცაა გაწერილი. თუმცა საქართველოში სექსიზმი მაინც განსაკუთრებით ჭარბობს.

ჟურნალ „ლიბერალის“ მესვეტემ, გიორგი ცხადაიამ, შეგვახსენა, რომ „სიძულვილის ენა“ იმავე შეერთებული შტატების კანონმდებლობით არ ისჯება, განსხვავებით ევროპისგან.

„ევროპის ქვეყნებში გაწერილიც კია ის გამონათქვამები, რომელიც გადის სიძულვილის ენაში და რომელიც ისჯება. მაგალითად, ხოლოკოსტის უარყოფა, ანტისემიტური განცხადებები. უბრალოდ, ამ ყველაფრის დასადგენად საჭიროა სპეციალური პროცედურის გავლა. საქართველოს შემთხვევაში გაგვიჭირდება”, - გვითხრა გიორგი ცხადაიამ.

მისი თქმით, „ზიზღის ენაზე“ შეზღუდვები უნდა ეხებოდეს არა მარტო უმრავლესობას, არამედ უმცირესობასაც. არც უმცირესობამ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა უმრავლესობას.

„საქართველოში გავრცელებულია სიტყვები „ღრუსეთი“, „მონღოლი“, რასაც რუსების მიმართ ხმარობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოთქმებს თავისი ახსნა აქვთ, რუსების მიმართ ასეთი გამოთქმების გამოყენება ისეთივე დისკრიმინაციაა, როგორი ეპითეტებითაც ამკობენ რუსები კავკასიელებს და არ მოგვწონს“, -აღნიშნა გიორგი ცხადაიამ.

დადგინდა რა ითვლება ზიზღის ენად და რა არა. თუმცა იურისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, ასეთი განსაზღვრებაც კი ვერ უშველის იმას, რომ მედიაზეც შეზღუდვების დაწესება არ გადაიქცეს ცენზურად, რაც, თავის მხრივ, დაუშვებელი უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში. „ზიზღის ენის“ თავიდან აცილება შეიძლება მხოლოდ მედიის კოდექსით, რომელსაც ყოველი მედიაორგანიზაცია თავად ადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროფესიონალიზმით – პროფესიონალიზმი“ კი თითქმის ყველა სფეროში პრობლემაა - მათ შორის, ჟურნალისტიკაში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG