Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის მოსახლეობისა და ხელისუფლების პრიორიტეტები


ქუთაისი
ქუთაისი
რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები, სხვადასხვა ასაკისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად, მნიშვნელოვან პრიორიტეტთა შორის დასაქმების პრობლემას ყველაზე ხშირად ასახელებენ. ქუთაისის მეორე დედაქალაქად გამოცხადებამ და მშენებარე სამთავრობო ობიექტების სიმრავლემ მოსახლეობის დასაქმება დიდად ვერ უზრუნველყო. ქალაქელებს არც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნამ გადაუჭრა ოჯახში შრომისუნარიანი ადამიანების დასაქმებისა და სამომხმარებლო კალათის შესაფერისი ანაზღაურების მიღების პრობლემა. დასაქმებულთა დიდი ნაწილი ხელფასის სიმცირეზე საუბრობს და შემოსავლის დამატებითი წყაროს ძიებაშია.

მოსახლეობა გადასახადების სიძვირეზე ჩივის და სოციალური შეღავათების დაწესებას ითხოვს. ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი აკითხავს მერიის მისაღებს ფულადი დახმარების მოთხოვნით. ქალაქის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების დაფინანსების შემცირებას ადგილობრივი ოპოზიცია პერმანენტულად აპროტესტებს. როგორც ქალაქის ხელისუფლებაში აცხადებენ, სოციალური პროგრამები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა თანხები გათვალისწინებული.

საკრებულოს წევრის, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის კახა ნემსიწვერიძის თქმით, ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტი ხალხთან ერთად დაიგეგმა და პრიორიტეტები გათვალისწინებულია. როგორც დაგეგმილი ბიუჯეტიდან ჩანს, ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის პროგრამები ჩათვალა პრიორიტეტულად და ქალაქის ქუჩების იერსახეზე ზრუნვა მიიჩნია მნიშვნელოვან პრობლემად.

ქალაქის მერის გია თევდორაძის განმარტებით, ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელი პირობაა ქუთაისისთვის ფუნქციის დასაბრუნებლად და იმ იდეის განსახორციელებლად, რასაც ქვეყნის მეორე დედაქალაქი ჰქვია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია მიიჩნევს, რომ საზოგადოების პასიურობისა და არაინფორმირებულობის შედეგია, რომ ხელისუფლება პრიორიტეტებს თავად ირჩევს.
XS
SM
MD
LG