Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიკილიკსი“ და კანონი


აშშ-ში ზოგიერთი ოფიციალური პირი და პოლიტიკოსი აცხადებს, რომ „ვიკილიკსმა“ და მისმა დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა, საიდუმლო დიპლომატიური ტელეგრამების ინტერნეტში გამოქვეყნებით აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვიეს. მაგრამ ბრალდება ოფიციალურად წაყენებული არ არის, რაც მოწმობს, რომ კანონმდებლობაში არსებული თეთრი ლაქები იუსტიციის სამინისტროს „ვიკილიკსის“ წინააღმდეგ საქმის წარმოებას ურთულებს.

აშშ-ში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, ჩაიდინა თუ არა „ვიკილიკსის“ დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა, დანაშაული ინტერნეტში ათასობით საიდუმლო დიპლომატიური დოკუმენტის გამოქვეყნებით.

ისმის მოწოდებები ქვეყნის მასშტაბით საიდუმლოთა დაცვის პროცედურების უფრო გამკაცრებისკენ, ისევე როგორც საერთაშორისო კანონების გადახედვისკენ, რათა კონფიდენციალური დიპლომატიური მიმოწერა უკეთ იყოს დაცული დღევანდელ, ინტერნეტის ეპოქაში.

ორიოდე კვირის წინ აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა, ერიკ ჰოლდერმა, განაცხადა, რომ მისმა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო: „მე ვგმობ „ვიკილიკსის“ მიერ გადადგმულ ნაბიჯს. ეს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საშიშროებას. უფრო კონკრეტულად, საფრთხე ემუქრებათ ინდივიდებს, რომლებიც ამ ქვეყანას სხვადასხვა ფორმით ემსახურებიან - დიპლომატიურ თუ სადაზვერვო სამსახურებში. ამასთან, საფრთხის ქვეშ დგება მსოფლიოში მნიშვნელოვან მოკავშირეებთან ჩვენი ურთიერთობაც“, - განაცხადა მინისტრმა.

მაგრამ ჯერჯერობით ასანჟისთვის - ან „ვიკილიკსისთვის“ - ბრალდება არ წაუყენებიათ. ასანჟი „ვიკილიკსის“ ქმედებებისგან დამოუკიდებელი საქმის გამო დააკავეს ბრიტანეთში. მას ემუქრება ექსტრადიცია შვეციაში, სადაც სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს. თავად ასანჟი ბრალდებას უარყოფს.

ავსტრალიაში - სიდნეიში - მცხოვრები საერთაშორისო სამართლის ექსპერტის ბენ საულის თქმით, ოფიციალური ბრალდების არარსებობა მოწმობს, რომ იუსტიციის სამინისტროს ასანჟის და „ვიკილიკსის“ გასამართლებისთვის საჭირო მტკიცებულებები არ მოეპოვება. ამიტომ, იურისტის აზრით, აშშ-ის ოფიციალური პირები „ვიკილიკსის“ წინააღმდეგ „გლობალურ იურიდიულ ომს“ აწარმოებენ - ცდილობენ მის დისკრედიტაციას, უწოდებენ „უკანონოს“ და „ტერორისტულ“ ორგანიზაციასაც კი: „ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი და კომენტატორი ჯულიან ასანჟის მკვლელობისა თუ მოკვლის მოწოდებითაც კი გამოვიდა. ეს ძალიან უცნაური და უკანონო განცხადებებია. ეს მოწმობს, რომ აშშ რეალურად „ვიკილიკსის“ დისკრედიტაციას ცდილობს და ყურადღება გადააქვს ავღანეთსა თუ ერაყში თავისივე არასწორი ქმედებებიდან, გაეროზე ჯაშუშობიდან და ასე შემდეგ. ამის ნაცვლად, სამართლებრივი ნაბიჯები, დანაშაულთან და არალეგალურ ქმედებებთან დაკავშირებული ყურადღება მთლიანად“ვიკილიკსზე“ გადადის“, - ამბობს იურისტი.

ამერიკელი სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც პროკურორებს გაუიოლებს ინფორმაციის გაჟონვაში მონაწილეთა გასამართლებას. ამასთან, ლიბერმანის აზრით, „ვიკილიკსმა“ დაარღვია აშშ-ის ჯაშუშობის აქტი - 1917 წელს მიღებული კანონი, რომელიც აშშ-ის ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის უკანონო ფლობას ან გავრცელებას კრძალავს.

მაგრამ მიმდინარე კვირაში ჰოლდერმა აღიარა, რომ იუსტიციის სამინისტრო ასანჟის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებისთვის სხვა საშუალებებს განიხილავს, ვინაიდან ჯაშუშობის აქტი „ვიკილიკსის“ საქმეს ძნელად ესადაგება. ამის ნაცვლად, როგორც იუწყებიან, იუსტიციის სამინისტრო შეთქმულებაში მონაწილეობის ან მოპარული საკუთრების ტრეფიკინგის შესაძლო ბრალდებებზე ფიქრობს.

ლარი კლეიმანი, წარსულში იუსტიციის სამინისტროს თანამშრობელი პროკურორი, რომელიც ახლა სამოქალაქო თავისუფლებებზე მომუშავე ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, გვიხსნის, რატომ იქნება რთული ასანჟის გასამართლება ან ჯაშუშობის აქტით და ან არსებული ანტიტერორისტული კანონმდებლობით: „ასანჟის გასამართლებაში პრობლემა ის გახლავთ, რომ აშშ-ს - ისევე როგორც ცივილიზებული ქვეყნების უმრავლესობას - ამისათვის მისი განზრახვის ჩვენება დასჭირდება. დანაშაული განზრახვით უნდა იყოს ჩადენილი, ხოლო თუკი ასანჟს არავის ინტერესების საზიანოდ არ სურდა მოქმედება, და უფრო მეტიც, მის განზრახვას აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს ხალხის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება წარმოადგენდა, აშშ-ს ძალიან გაუჭირდება დაამტკიცოს, რომ მას მართლაც ტერორიზმის მხარდაჭერის ბოროტი განზრახვა ამოძრავებდა.“

კლეიმანის თქმით, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი დამატებით გათვალისწინებული თავისუფალი პრესის გარანტია იუსტიციის სამინისტროს ძალიან ურთულებს საქმის წარმოებას ასანჟის ან იმ გავლენიანი და ავტორიტეტული გაზეთების წინააღმდეგ, რომლებმაც „ვიკილიკსისგან“ მიიღეს და გამოაქვეყნეს გაჟონილი დოკუმენტები. მით უფრო, რომ აშშ-ში უკვე ძალიან ბევრი პრეცედენტია დაგროვილი იმ უფლების განსამტკიცებლად, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო სამთავრობო დოკუმენტების მოპოვებას ითვალისწინებს: „რაც ასანჟმა და „ვიკილიკსმა“ გააკეთა, არის ის, რასაც მედია ისედაც აკეთებს - მაგალითად, „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ყოველთვის ასე იქცევა, როცა კი სამთავრობო დოკუმენტებს მიიღებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ესენი მოპარული დოკუმენტებია, გაზეთი მათ, როგორც წესი, აქვეყნებს ხოლმე. სწორედ ამისათვის გვაქვს პირველი დამატება. სწორედ ამიტომ არის დაცული მედია სისხლის სამართლებრივი დევნისგან. ასანჟი და „ვიკილიკსი“, დიდწილად, ინფორმაციის გამავრცელებელ, მედიის მეთვალყურე ორგანიზაციასავით მოიქცნენ. თუკი მას ან „ვიკილიკსს“ თავად არ მიუღიათ მონაწილეობა შეთქმულებაში, რომლითაც ეს დოკუმენტები უკანონოდ იქნა გატანილი აშშ-ის მფლობელობიდან თუ კონტროლიდან, ასანჟს დანაშაული არ ჩაუდენია.“

აშშ-ის კანონმდებლობაში მოქმედი პირველი დამატებით გათვალისწინებული მედიის დამცავი ზომების გამო ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება იუსტიციის სამინისტრომ ძალისხმევა იმის გამოძიებას მიაპყროს, თუ ვინ იყო აშშ-ის მთავრობაში მომუშავე ის პირი, რომელმაც ეს დოკუმენტები „ვიკილიკსს“ მიაწოდა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG