Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს დეოკუპაციას


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ვარშავაში
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ვარშავაში
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის, დემოკრატიული რეფორმებისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომლის პლენარული სხდომაც 16 ნოემბერს ვარშავაში გაიმართა. საქართველოს დელეგაციის წევრები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი იქნება სერიოზული გზავნილი ნატოს სამიტის წინ, რომელზეც კიდევ ერთხელ დადასტურდება დებულება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები ადრეც არაერთხელ მიუღია, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ლისაბონის სამიტის წინ საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერას უმნიშვნელოვანესს უწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც ვარშავაში მიმდინარე საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს. დავით ბაქრაძე დარწმუნებული იყო, რომ ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტარები რეზოლუციას სწორედ ისეთი რედაქციით მიიღებდნენ, რომელშიც დადებითად იქნებოდა შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და აქცენტი რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე გაკეთდებოდა:

„დღეს იქნება უკვე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე რეზოლუციასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ რეზოლუცია ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მხარდაჭერილი და მიღებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რეზოლუცია მიღებული იყოს იმ სახით და ფორმით, როგორიც ახლა არის.“

„ამ ფორმითა და სახით“ რეზოლუციის პროექტის მიღებას ძირითადად რუსეთი ეწინააღმდეგებოდა, რომელსაც ნატოშიც ჰყავს მომხრეები და საპარლამენტო ასამბლეაშიც. საქართველოს ვარაუდით, ნატოს ლისაბონის სამიტის წინ, რომელმაც რუსეთ-ნატოს მრავალწლიან მტრულ დაპირისპირებას წერტილი უნდა დაუსვას, ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წარმომადგენელი შეეცდებოდა მიეღოთ შედარებით რბილი შინაარსის ტექსტი. კერძოდ, შეიძლებოდა რეზოლუციის პროექტის ტექსტიდან ამოეღოთ ტერმინი „ოკუპირებული“ და „ეთნიკური წმენდა“.

საბოლოო ჯამში, 16 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უცვლელად მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია. საქართველოს აქებენ მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჩატარების, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების, პოლიტიკური რეფორმებისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო. ევროპული ინსტიტუტების რეზულუციების ტრადიციით, დოკუმენტში შექებულია რუსეთიც - მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც საუბარია რუსეთის ჯარის მიერ სოფელ პერევის დატოვებაზე. თუმცა რუსეთს იქვე შეუსრულებელ ვალდებულებებსაც შეახსენებენ. კერძოდ, ნატოს პარლამენტარები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებას და არ გაჰყავს სამხედრო ძალები აგვისტოს ომამდელ პოზიციებზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია ჰუმანიტარული მდგომარეობით საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, სადაც დაბრუნების უფლება არ ეძლევა უამრავ ლტოლვილს. რეზოლუცია მოუწოდებს ნატოს ხელმძღვანელობას, რომ რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები და შეთანხმებები ნატოს სამიტის პარალელურად დაგეგმილ ნატო-რუსეთის სამიტის დღის წესრიგშიც დადგეს. გაითვალისწინებს თუ არა ნატოს პარლამენტართა ამ რეკომენდაციას ბრიუსელი და თავად ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები, ეს 19 ნოემბერს ლისაბონში გამოჩნდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG